იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც სადავო “აგენტების კანონი” განიხილება მეორე მოსმენით, სხდომის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა 7 დეპუტატი გააძევა, რამდენიმეს კი სიტყვის დამთავრების საშუალება არ მისცა და გამოსვლა შეაწყვეტინა.
სხდომიდან გაძევებული დეპუტატები არიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები: ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ბეჟაშვილი, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე, დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია, ლელოს წევრი სალომე სამადაშვილი, დამოუკიდებელი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი, პარტია მოქალაქეების წევრი ქეთევან თურაზაშვილი და ანა წითლიძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.
სალომე სამადაშვილმა დარბაზის იძულებით დატოვების შემდეგ თქვა, რომ აპირებს სარჩელი შეიტანოს მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო: ყოველ ჯერზე, როცა დეპუტატს დარბაზიდან აძევებენ, სხდომის პირდაპირი ეთერის ტრანსლაციისას ითიშება კადრი და ხმა საკომიტეტო მოსმენიდან და საზოგადოება ვერ იგებს, რა ფორმით ტოვებენ დეპუტატები სხდომათა დარბაზს.
„ფიზიკური ძალადობაზე ვაპირებ სარჩელი შევიტანო როგორც პაპუაშვილის, კომიტეტის თავმჯდომარის და სამწუხაროდ იმ მანდატურების წინააღმდეგ, რომელიც ძალადობენ ჩვენზე. ძალის გამოყენების უფლება არ აქვთ მანდატურებს“, – ამბობს სამადაშვილი. მას კომიტეტის სხდომა იმ დროს დაატოვებინეს, როცა კითხვას სვამდა ამ კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხის შესახებ.
„რა ამბავში ხართ? ანრი გეშინია? ეს არ გინდა, რომ ხალხმა გაიგოს?! გაგვიუქმებენ უვიზო მიმოსვლას!“- ეს იყო კითხვა, რომლის შემდეგაც დაატოვებინეს სალომე სამადაშვილს დარბაზი.
კოლეგების დარბაზიდან გაძევების მიზეზად ანრი ოხანაშვილმა თითქმის ყველა შემთხვევაში რეგლამენტის დარღვევა დაასახელა. კერძოდ, ოხანაშვილი მიუთითებს, რომ დეპუტატები „არ სვამდნენ კითხვებს II მოსმენის პრინციპებით და სვამდნენ I მოსმენის პრინციპის შესაბამისად”, ასევე მიკროფონის ჩართვის გარეშე სვამენ კითხვებს და ხელს უშლიან განხილვის პროცესს.
ანრი ოხანაშვილმა წითლიძე სხდომათა დარბაზიდან მას შემდეგ გააძევა, რაც მან მომხსენებელ მამუკა მდინარაძეს უთხრა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები მათ კანონის რუსულობასთან დაკავშირებით არგუმენტების თქმის საშუალებას არ აძლევდნენ და არ აცდიდნენ.
„ეს არის სირცხვილი, როდესაც ამბობ არგუმენტები ვერ მოვისმინეო, მამუკა. არგუმენტებს ვერ მოისმენ, თუ ყველა გაყარე აქედან. უთხარი, რომ მომცენ კითხვის დასმის შესაძლებლობა. კითხვის დასმას ვაპირებ ჩვეულებრივად. თქვენ არ გაქვთ კითხვებზე პასუხი, მამუკა და ამიტომ გინდათ, ყველა გაყაროთ, ეს არის მიზანი. მაშინ აღიარეთ, რომ არ გაქვთ კითხვებზე პასუხი და ამიტომ გინდათ ყველა გაყაროთ“,- ეს სიტყვები გახდა ანი წითლის დარბაზიდან გაძევების მიზეზი.
გარდა დარბაზიდან გაძევებისა და სიტყვის თქმის უფლების შეზღუდვისა, ანრი ოხანაშვილმა საშუალება არ მისცა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია ან გამოეთქვათ მოსაზრება – ოხანაშვილის განმარტებით, რეგლამენტი მხოლოდ კითხვის დასმის საშუალებას ითვალისწინებდა ამ სხდომაზე.
საკომიტეტო მოსმენაზე შეზღუდულია მედიის დასწრებაც – “აგენტების კანონის” განხილვა პარლამენტში ონლაინ მედიის დაშვების გარეშე მიმდინარეობს. 29 აპრილს შეიზღუდა ტელემედიის ჯგუფების დაშვებული რაოდენობაც.
პარლამენტმა „აგენტების კანონი“, რომლის წინააღმდეგაც 10 დღეზე მეტია უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს, 17 აპრილს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო.
პარლამენტმა კანონპროექტის საბოლოო, მესამე მოსმენით მიღების სავარაუდო თარიღად 17 მაისი განსაზღვრა.