„აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად ბათუმში სტუდენტების ნაწილი გაიფიცა

ბათუმში გაიფიცა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საზღვაო აკადემიის სტუდენტების ნაწილი. ბათუმელი სტუდენტები მოითხოვენ საქართველოს პარლამენტიდან „აგენტების კანონის” გაწვევას. აკადემიის სტუდენტები ჯერ უნივერსიტეტში მივიდნენ და იქ გაფიცულ სტუდენტებთან ერთად მსვლელობა გამართეს უნივერსიტეტიდან აკადემიის შენობამდე.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გაფიცულია 600-მდე სტუდენტი და 35 ლექტორი.
აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, საზღვაო აკადემიის სტუდენტების ნაწილს ადმინისტრაცია ემუქრება და საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობას უზღუდავს. სტუდენტები აკადემიის ეზოში შეშვებას ითხოვდნენ.
მოგვიანებით აკადემიის შენობიდან გამოვიდა ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი, რომელმაც განაცხადა, რომ კარს არავინ კეტავს და სტუდენტებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, საპროტესტო აქციაში მონაწილეობა შეუძლიათ. ამის შემდეგ, აკადემიიდან გამოვიდა ორი სტუდენტი. ერთმა მათგანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ესაუბრა აკადემიის წარმომადგენლებსაც და სასწავლებელში დარჩენილ სტუდენტებსაც: „დავასკვენი, რომ არავინ არავის არ აკავებს. ეს სტუდენტის ნება იყო არ გამოსულიყო და ყოფილიყო აკადემიაში. სასწავლო პროცესი მიდის”.
თბილისში მოქალაქეები პარლამენტთან „აგენტების კანონს“ განხილვის გაგრძელებას 12 მაისის 21:00 საათიდან აპროტესტებდნენ აქციაზე სახელწოდებით: „გავათენოთ საქართველოსთვის!“ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩების მშვიდობიანი დემონსტრანტებისგან გათავისუფლება დილის 06:00 საათისთვის დაიწყეს.
პოლიციამ 13 მაისის დილას აქციის 20 მონაწილე დააკავა, მათ შორის რამდენიმეზე იძალადეს.
მოქალაქეთა დაკავებისა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს. ამისთვის კომიტეტს 67 წამი დასჭირდა.
პარლამენტის თავმჯდომარის, ს განცხადებით, „აგენტების კანონს“ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით 14 მაისს განიხილავენ.
კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების შემთხვევაში, თუკი მას პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, კონსტიტუციით განსაზღვრული არ არის, პარლამენტმა რამდენ ხანში უნდა განიხილოს პრეზიდენტის მიერ დაბრუნებული მოტივირებული შენიშვნები. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას კი პარლამენტში ზუსტად იმდენი ხმა სჭირდება, რამდენიც კანონპროექტის მიღებას.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა – აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დასთანხმდა