აბსურდული თემაა… 3 წლის წინ განაცხადა ეს და ღერი თმა ჩამოუვარდა? – მურუსიძე ალავიძეზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მოსამართლე ლევან მურუსიძე უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის მონაყოლს აბსურდულს უწოდებს.
ლევან მურუსიძეს არასამთავრობო ორგანიზაციები ე.წ მოსამართლეთა კლანის ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრებენ. თუმცა თავად „კლანის“ წევრებად მოაზრებული მოსამართლეები უარყოფენ, რომ სასამართლოში „კლანი“ არსებობს.
2 ოქტომბერს იურისტმა კახა წიქარიშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბესარიონ ალავიძე რამდენიმე გახმაურებული საქმის შესახებ ჰყვება. მათ შორის, ყოფილი მოსამართლე საუბრობს „რუსთავი 2-ის საქმეზე“, მეტალურგიული ქარხნის დავაზე ჯოზეფ ქეისა და პატარკაციშვილების ოჯახს შორის… ალავიძე ამბობს, რომ ამ და სხვა საქმეების გამო მას სუიციდის მცდელობა ჰქონდა, კოლეგიის სხვა მოსამართლეებთან ერთად სამუშაო კაბინეტშიც ჩაკეტეს და უმიზეზოდ ქირურგიული ოპერაციაც ჩაატარებინეს.
ბესარიონ ალავიძემ განაცხადა, რომ აქვს ე.წ. კლანის წევრების მამხილებელი ჩანაწერები, რომელიც ადასტურებს იმას, თუ როგორ ხდებოდა საქმის გარჩევა სასამართლო სისტემაში.
ლევან მურუსიძის თქმით, ბესარიონ ალავიძემ ეს 3 წლის წინ განაცხადა და ახლა ამ თემის წინასაარჩევნოდ წამოწევა ხელოვნურად ხდება.
„მისი მთავარი მიზანი ყოფილა, რომ უცხოეთში მიეღო თავშესაფარი ხომ? ისეთი აბსურდული თემა არის, ეს არის განაწყენებული ადამიანი, რომელიც უზენაეს სასამართლოში რომ ვერ დარჩა მოსამართლედ, შესაბამისად… თუ რამე მტკიცებულებები აქვს, წარმოადგინოს. ბესო ალავიძესთან 12-13 წელია საერთოდ არ მქონია კონტაქტი, საერთოდ არ შევხვედრილვარ და საერთოდ არავითარი შეხება მასთან არ მქონია. რამე მტკიცებულება თუ აქვს წარმოადგინოს, ვერავითარი მტკიცებულება ვერ ექნება. მერე როგორ აბსურდულ რაღაცებს იძახის, იქ ქალბატონებს აბრალებს რაღაც ოთახში ჩამკეტესო, ტელეფონი არ მქონდა მობილური, ვერ დავრეკეო, ქსელის ტელეფონიდან დაგერეკაო რომ ეუბნებიან, არაო, ვერ დავრეკავდიო…. ათას რაღაც ტყუილს ლაპარაკობს… აბსურდულ ბრალდებას…“, – აცხადებს ლევან მურუსიძე „ფორმულასთან“.
რაც შეეხება ბესარიონ ალავიძის განცხადებას, რომ მას საქმეს ურჩევდნენ „მოსამართლეთა კლანის“ მეთაურები, მათ შორის ლევან მურუსიძე ამასთან დაკავშირებით ამბობს:
„როგორ გავურჩიე [საქმე], იძახის, რომ ჩემი ნების გარეშე წამიყვანეს კაფეშიო, რა საბარგულში ჩავტენე?… მერე ხმამაღლა მიყვიროდნენო…“, – აცხადებს მურუსიძე.
მურუსიძე კომენტარს აკეთებს ალავიძის იმ განცხადებაზეც, სადაც ყოფილი მოსამართლე ამბობს, რომ მას „კლანმა“ უმიზეზოდ ქირურგიული ოპერაციაც ჩაატარებინა.
„ქირურგთან ვიყავი შეთანხმებულიო, ოპერაცია უნდა გამეკეთებინაო. თქვენ წარმოგიდგენიათ საქართველოში რომელიმე ქირურგი, რომ უთხრა, ერთი მოდი თუ შეიძლება, ოპერაცია გამიკეთე, არაფერი არ მჭირს, მაგრამ მოდი ერთი ოპერაცია გამიკეთე, წარმოგიდგენიათ? რა ზეწოლის გამო [მოუწია]… ჯერ ერთი, ოპერაციის გაკეთება როდის ყოფილა საქმის აცილების საფუძველი. გაიკეთე ოპერაცია, გამოდი და განიხილე საქმე ხომ?!
„რუსთავი 2-ის“ საქმეს მე მოვაწერე ხელი? რეებს მელაპარაკებით, რას ლაპარაკობთ. რომელი იძულებით მოხდა სტრასბურგის გადაწყვეტილებამ ძალაში დატოვა. რას ნიშნავს რაღაცა ჩემი იძულებით, რაღაცას ხელს აწერ, მოსამართლე ხარ ხომ?! ერთი კითხვა რატომ არ დაუსვეს ანუ თუ რაღაც ასეთი წინააღმდეგი იყავი, რატომ მოაწერე ხელი, ვინ შეაშინა?… რა სიცოცხლის მოსპობის [მუქარა]… 3 წლის წინ განაცხადა ეს და ღერი თმა ჩამოუვარდა? 3 წელი თბილისში დადიოდა, საერთოდ შევხვედრილვარ, გადავყრილვართ? რომ არის, უბრალოდ დაგჭირდათ რაღაც ხომ და შესაბამისად ეს თემა წამოწიეთ. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, სასამართლო გახდა დამოუკიდებელი. მე მიმუშავია ადრეც და მიმუშავია ახლაც“, – აცხადებს ლევან მურუსიძე.
ჟურნალისტის კითხვას, მზად არის თუ არა საქმეზე ჩვენებისა მისაცემად, მურუსიძე პასუხობს, რომ ეს სასაცილო თემაა.
„მე ზოგადად პრობლემა არ მაქვს, ნებისმიერი რაღაც ჩვენება მივცე, იმიტომ რომ ეს აბსურდული თემაა, მაგრამ იმდენად სასაცილო თემაა“, – აცხადებს მურუსიძე.
ლევან მურუსიძის მსგავსად, კიდევ ერთმა მოსამართლემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა არჩევნებს დაუკავშირა ბესარიონ ალავიძის თემის გააქტიურება. მისი თქმით, ალავიძეს სასამართლო სისტემის გაშავება „მისმა პატრონებმა“ დაუკვეთეს, რათა ს წინ ტემპერატურა აეწია. დიმიტრი გვრიტიშვილსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ე.წ მოსამართლეების კლანის წევრად მოიაზრებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო კირთაძე: ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, როგორც მოქალაქისთვის ვალდებულებაა, საღი აზრის ფარგლებში, პროპორციულობის ფარგლებში, შევეწინააღმდეგო იმას, რასაც აკეთებს ქართული ოცნება

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთზე ზეწოლასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შედეგებია, მადლიერები ვართ პარტნიორების, მაგრამ მნიშვნელოვანია, აქ არ გავჩერდეთ – ზეწოლა ხელს შეუწყობს მშვიდობის დამყარებას