აბსოლუტურად ნათელია რა მიზანს ემსახურება ეს – ბულინგს, რადგან გამოვედი და ვთქვი, შერიგდით ქართველებო მეთქი და ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში – ლაშა პაპაშვილი (bm.ge)
„ეს ემსახურება ბულინგს“ – ასე პასუხობს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი BMG-ის კითხვას, რომელიც „რადიო თავისუფლების“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მისი ძმის – სულხან პაპაშვილის მოხსენიებას უკავშირდებოდა.
საქმე ის არის, რომ “რადიო თავისუფლების” სტატიის თანახმად, აშშ-ის კონგრესის წევრებმა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას 9 იანვარს გაუგზავნეს წერილი, რომელშიც მოცემული იყო 26 სხვადასხვა პირისგან შემდგარი სია, რომელთა დასანქცირებაა მოთხოვნილი. აღნიშნულ პირებს შორის მოხსენიებული იყო ბიზნესმენი სულხან პაპაშვილიც.
„რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი „რადიო თავისუფლებას“ მოუწოდებს გამოაქვეყნოს მტკიცებულებები, რას ედავებიან მის ოჯახს. ამასთან, ბიზნესმენის თქმით, დამატებითი გარემოებების გარკვევით მიზნით, პარტნიორების და მეგობრების მეშვეობით, კომუნიკაცია აქვთ აშშ-ის ოფიციალურ პირებთან:
– 40 წელია ბიზნესში ვარ. ჩემი ძმა 22 წელია ბიზნესშია და საბედნიეროდ, სახელმწიფო ფულთან შეხება არასდროს გვქონია. სახელმწიფო ტენდერი მოვიგე თუ რომელიმე ბიზნესში ვიკვეთები ვინმესთან?! „რადიო თავისუფლებას“ მივმართავ, კეთილი ინებოს და წარმოადგინოს მტკიცებულებები, როცა ქართული ბიზნესისთვის ასეთ დამანგრეველ [საქმეს] აკეთებს. 40 წელია ბიზნესში ვარ და ერთი მტკიცებულება მოიტანოს, მე და ჩემს ოჯახის წევრებს რომელ სახელმწიფო ფულთან გვქონდა შეხება.
– „რადიო თავისუფლებამ“ აღნიშნული ინფორმაცია სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა… სანქცირებამდე რომც არ მივიდეს საქმე, რა გავლენას იქონიებს მსგავსი ინფორმაციის გავრცელება იმ ბიზნესმენების საქმიანობაზე, ვინც კონგრესმენების მიერ მარკო რუბიოსადმი გაგზავნილ წერილში არიან?
– როგორ უნდა გიხაროდეს შენი მოქალაქის, შენი მოძმის, შენი მთავრობის წარუმატებელი ნაბიჯი ან შეცდომა?! თან აქ არაფერ შეცდომაზე არაა საუბარი… ქართველმა ჟურნალისტებმა სწორება გააკეთეთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. გასწორდით ილონ მასკზე და დონალდ ტრამპის გამონათქვამებზე. ნუ ჩარჩებით წინა ხელისუფლების გამონათქვამებში. უყურეთ და უსმინეთ ტრამპს და მასკს…
– ბატონო ლაშა, რისი თქმა გსურთ ანუ თქვენთვის გაუგებარია რატომ მოხვდა თქვენი ძმა აღნიშნულ სიაში?
– ჩემთვის არაა გაუგებარი… ქართული საზოგადოებისთვის არის გაუგებარი, რადგან ამ ოჯახს არასდროს ჰქონია შეხება სახელმწიფოს ფულთან. არც რუსეთში, არც უკრაინაში და არსად ეგეთ ქვეყანაში, სადაც მსგავსი კითხვებია, არასდროს ბიზნესი არ გვქონია. აბსოლუტურად ნათელია რა მიზანს ემსახურება ეს – ბულინგს, რადგან გამოვედი და ვთქვი, შერიგდით ქართველებო-მეთქი და ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში….
– ხელისუფლების მხარდამჭერი განცხადებები, გარკვეული პრივილეგიებით შესაძლო სარგებლობა, ურთიერთობა პრემიერებთან თუ ბიძინა ივანიშვილთან და ა.შ. შესაძლებელია ესეც ყოფილიყო მიზეზი?
– რა პრივილეგიებით უნდა მესარგებლა?! პრივილეგიებით ვსარგებლობ, როცა რაღაც შემომაქვს ან გამაქვს, ან სახელმწიფო ფული უნდა მომცე და რა პრივილეგიებით უნდა მესარგებლა მე?! ვანო მერაბიშვილმაც მოინდომა ეს… მხედრიონმაც მოინდომა, მაგრამ ვერავინ მოახერხა ეს, რომ ამაში დავედანაშაულებინე…
– გქონდათ თუ არა კომუნიკაცია აშშ-ის ოფიციალურ პირებთან დამატებითი გარემოებების მოკვლევის მიზნით?