“ჯერ ჩამოქცევას არ დავარქმევ, მაგრამ შეფერხებები არის“ – ბიზნესმენი „რუსული კანონის“ ეფექტზე

“ჯერ ჩამოქცევას არ დავარქმევ, მაგრამ შეფერხებები არის“ – ამის შესახებ ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ბიზნესმენმა, ირმა დაუშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კერძო სექტორზე „რუსული კანონის“ პირველადი გავლენის კომენტირებისას განაცხადა.
ირმა დაუშვილი დასასვენებელ კომპლექს “ნუნისის” დამფუძნებელი და ასევე, კომპანია „დიოს“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტიორია.
ბიზნესმენის თქმით, „რუსული კანონის“ პირველადი ეფექტი ლარის კურსზე უკვე აისახა, რაც ბიზნესისთვის ძალიან მგრძნობიარე თემაა.
„სავალუტო კურსის რყევა „დიოსთვის“ ძალიან სენსიტიურია, რადგან ჩვენი პროდუქცია არც ისე იაფია და, რა თქმა უნდა, როცა ეროვნული ვალუტა უფასურდება, პროდუქცია ძვირდება, შესაბამისად, გაყიდვებიც ფერხდება. მართალია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადადგა ნაბიჯები და კურსის სტაბილიზაციისთვის $60 მლნ დოლარი გაყიდა, მაგრამ მუდმივად ასეთ ნაბიჯებს ვერ გადადგამს“, – განაცხადა ირმა დაუშვილმა.
მისივე ინფორმაციით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებამ ნეგატიური მოლოდინები გააჩინა ტურიზმშიც.
„რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, ამ ქვეყნებიდან ისედაც მოგვაკლდნენ ტურისტები. როგორც ვიცით, ევროპის ქვეყნებიდან ტურიზმის აღდგენა ნელ-ნელა იწყებოდა, მაგრამ ვხედავთ, რომ ჯავშნები უქმდება ან მოგზაურობის გადავადება ხდება, რადგან ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლებია. ამ სიტუაციაში კი, ყველაზე მეტად სწორედ ევროპელი, მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები გვჭირდება. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, მარკეტინგისთვის სახელმწიფო ხარჯავს ფულს, მაგრამ ყველაფერი აზრს კარგავს, თუ ტურისტების შემოდინება არ დაიწყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდში შეიმჩნეოდა საქმიანი ტურიზმის გამოცოცხლება – სხვადასხვა კონფერენციები ტარდებოდა, რომელთა ბიუჯეტი მაღალი იყო, მაგრამ შესაძლოა, ამ კონფერენციებმაც სხვა ქვეყნებში გადაინაცვლონ“, – განმარტა ირმა დაუშვილმა.
ბიზნესმენის აზრით, ხელისუფლებას მართებს მეტი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, ამიტომ „რუსულ კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო არ უნდა დაძლიონ.
ირმა დაუშვილს „წერტილის“ წამყვანმა ჰკითხა, რამდენად ამშვიდებს ბიზნესს ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის ტონი და რწმუნება, რომ ეკონომიკა არ ჩამოიშლება და როცა „ცხელი პროცესი გადაივლის“ და ბიზნესი განვითარების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.
ლევან დავითაშვილის კომენტარი
„მინისტრს ტონი მშვიდი აქვს და სასურველია, გადამდები იყო მისი სიმშვიდე, მაგრამ ბიზნესი საკმაოდ სენსიტიურია მსგავსი მოვლენების დროს; თან ამ სიტუაციაში, ქართული ბიზნესი პირველად არ არის – გვახსოვს, 2008 წლის ომი და მისგან გამომდინარე კრიზისული სიტუაციები, შემდეგ იყო გლობალური პანდემია და როცა ბიზნესი ცდილობს, განვითარების ჩვეულებრივ რეჟიმს დაუბრუნდეს, ისევ ახალი გამოწვევები გროვდება.
არ მგონია, ერთი თვეა ცოტა დრო იყოს, რომ ბიზნესს შეფერხება არ ეგრძნო. ჯერ ჩამოქცევას არ დავარქმევ, მაგრამ შეფერხებები არის;
ვფიქრობ, კანონი უნდა გადაიხედოს და ვეტო არ უნდა დაძლიონ; მით უმეტეს, როცა საერთაშორისო პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ეს კანონი არ არის სასარგებლო, როცა ქვეყანაში ახალგაზრდების, მოქალაქეების პროტესტია და ისიც კარგად გვესმის, როგორ არის დამოკიდებული ჩვენი ეკონომიკა ინვესტიციებზე, უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაზე, რომლებიც ქვეყანაში შემოსვლამდე ძალიან კარგად სწავლობენ არსებულ ვითარებას, მიმაჩნია, რომ მეტი სიფრთხილეა საჭირო“, – განაცხადა ირმა დაუშვილმა.
ბიზნესმენის ვარაუდით, მმართველ პარტიას არ ეგონა, რომ ქვეყანაში „რუსული კანონის“ მიღებას ასეთი რეაქცია მოჰყვებოდა.
ირმა დაუშვილს არც „რუსული კანონის“ მეორედ მობრუნების ლოგიკა ესმის ბოლომდე, მაგრამ ფიქრობს, რომ ხელისუფლების მოტივაცია „ძალაუფლების განმტკიცებაა“.