პარტია ლელოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, პენსიის 1000 ლარამდე ზრდის გეგმა 2024-2028 წლებს მოიცავს, ანუ პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პენსიის მატება ეტაპობრივად მოხდება. ლელოს საარჩევნო დაპირებებზე ბადრი ჯაფარიძემ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.
“პირადად მე, მამუკა ხაზარაძეს ან არც ერთ ჩვენს სპიკერს არ უთქვამს, რომ ჩვენი მოსვლისთანავე გახდება პენსია 1000 ლარი […] ირაკლი კუპრაძის განზრახვა იყო ეთქვა, რომ დაუყოვნებლივ დაიწყება ზრუნვას ზრდა და დასრულდება 1000 ლარით – ეს არის 2024-2028 წლის, შემდგომი ხელისუფლების პერიოდი. ეს იქნება ეტაპობრივი – ვამბობთ, რომ თავიდანვე ვიწყებთ 200 ლარით გაზრდას, შემდეგ ეს იქნება ეტაპობრივი ზრდა და დაგვირგვინდება 1000-ლარიანი პენსიით და მე ისიც მოგახსენეთ, რომ მესამე წლის ბოლოს გვექნება დამატებითი 6 მილიარდი ლარი 9%-იანი წლიური ზრდის პირობებში და ჩვენ არ გვაკმაყოფილებს 9%-იანი ზრდა. შესაძლებელია ეკონომიკის ორნიშნა ზრდა და პლუს, არსებულ ბიუჯეტში გამოთავისუფლებული ასობით მილიონი ლარი. აქედან გამომდინარე, პირველივე სამ წელში ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ დამატებითი შემოსავლები, რომლებიც უზრუნველყოფს იმ რაოდენობით თანხას, რომ ჩვენ დავურიგოთ 1000 ლარი პენსია”. – ახსნა ჯაფარიძემ.
18 იანვარს პარტია ლელოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ ლელოს შეუძლია ხანდაზმული ადამიანისთვის 1000-ლარიანი პენსიის შეთავაზება. იმავე ეთერში მას დაუპირისპირდა გახარიას პარტია საქართველოსთვის წევრი, ბექა ლილუაშვილი და თქვა, რომ ვინც პირველ წელს 200 ლარით მეტ ზრდას დაჰპირდება პენსიონერებს, ის აბსოლუტურად მატყუარაა.
ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გადაცემა კვირის ფორმულაში საუბრისას 1 000-ლარიანი პენსიის შესახებ პარტიის დაპირებაზე საუბრისას თქვა, რომ “კარგი იდეის მკვლელობა მიდის”.
“ნახეთ, როგორ არის მოწყობილი ყველაფერი, ვიღაცა რაღაცას რომ მეტყვის, რომ, ვთქვათ, კარგია ეს ჩემთვის, რაღაცას ჰპირდები რა. მე პირველი, რაც მაინტერესებს, პირველი კითხვას დავსვამ – როგორ აკეთებ ამას? ამაზე კი არ წავიდა საუბარი, წავიდა თავდასხმა და ბოლოს ვინ იგებს, იგებს ოცნება, იმიტომ, რომ კარგი იდეის მკვლელობა მიდის”. – თქვა ხაზარაძემ. წამყვანის კითხვას, საუბრისას გულისხმობდა თუ არა 1 000-ლარიანი პენსიის დაპირებას, ლელოს ლიდერმა უპასუხა, რომ “კი”.