შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ჩორჩანას საგუშაგოს დადგმა შეთანხმებული არ ყოფილა და მის შესახებ პოსტ ფაქტუმ გაიგეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ თქვა.
“ხდებოდა ხოლმე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან შეთანხმება, ისინი მერე უკვე ამ საერთო ფორმატში ათანხმებდნენ. ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, სადაც ყოფილა დათანხმება იქითა მხრიდან: გააკეთეთ, ჩვენ პრობლემა არ გვაქვს. ასე ხდებოდა. ასე რომ, მარტო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი რომ ჩააყენო საქმის კურსში ან რომელიღაც დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასე არ ხდებოდა. რა თქმა უნდა, პრემიერმინისტრი საქმის კურსში უნდა ჩაგეყენებინა, უსაფრთხოების სამსახური, შემდეგ ჩვენ ვაყენებთ საქმის კურსში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ასე ხდებოდა ყველაფერი. ამ შემთხვევაში გავიგეთ პოსტ ფაქტუმ…
ჩვენ რომ გავიგეთ, ვალდებული ვიყავი და პრემიერმინისტრი საქმის კურსში ჩავაყენე. მაინც გაკეთდა ეს. რატომ არ გამოიყვანეთ უკან, რატომ დავტოვეთ, ამაზე დღეს პასუხს ვერ გეტყვით. ამაზე მოკვლევა მიდის…
როცა გავიგეთ, ტრაქტორები მუშაობდნენ და უნდა გაკეთებულიყო ახალი საგუშაგო, მე დავუკავშირდი და ვუთხარი, რომ არ შეიძლებოდა”, – თქვა მან.
