ჩინური სახელმწიფო კომპანია 2028 წლიდან კოსმოსში ტურისტებს გაგზავნის

ჩინეთის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი კომერციული კოსმოსური კომპანია CAS Space-ი 2028 წლიდან კოსმოსში ტურისტულ ფრენებს დაიწყებს. სახელმწიფო მედიასააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, CAS Space-ის კოსმოსური ტურიზმისათვის განკუთვნილი ხომალდი პირველ ფრენას 2027 წელს განახორციელებს, რეგულარული ფრენების შესრულებას კი მომდევნო წლიდან შეუდგება.
საინტერესოა, რომ აღნიშნული ინფორმაცია ერთი დღის დაგვიანებით გავრცელდა მას შემდეგ, რაც ამერიკელი მილიარდერის ჯეფ ბეზოსის კოსმოსურმა კომპანია Blue Origin-მა კოსმოსში ტურისტული ფრენების განახლების შესახებ განაცხადა. ცნობისთვის, Blue Origin-ს ტურისტები კოსმოსში 2022 წლის შემდეგ არ გაუყვანია.
CAS Space-ის განცხადებით, ხომალდს ტურისტებისთვის განკუთვნილი კაბინა ექნება, რომელიც ოთხი ილუმინატორით იქნება აღჭურვილი. ხომალდში შვიდი მგზავრის მოთავსება იქნება შესაძლებელი. კომპანია გეგმავს, რომ კოსმოსში ფრენები ყოველ 100 საათში ერთხელ შეასრულოს. CAS Space-ი 2028 წლისთვის 10 ხომალდის მშენებლობას აპირებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი, ერთ ფრენაზე ბილეთის ღირებულება $400,000-ის ფარგლებში იქნება.
CAS Space-ი 2018 წელს დაარსდა და მისი მეორე ყველაზე მსხვილი აქციონერი ჩინეთის უმსხვილესი სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტი, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიაა.
Forbes.ge