„ქართული ოცნების“ იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ამბობს, რომ 20 ივნისის აქციის დაშლაზე კითხვები ხელისუფლებასაც აქვს და გამოძიება ნათელს მოჰფენს იმას, იყო თუ არა ძალა პროპორციულად გამოყენებული.
სალიას თქმით, სტრასბურგის სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფოს აქვს უფლება, გამოიყენოს ძალა იმ შემთხვევაში, თუ ხდება თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, შენობებზე და პოლიციის წარმომადგენლებზე.
„რაც შეეხება უშუალოდ, ფაქტობრივ გარემოებებს, რასაც ადგილი ჰქონდა 20 ივნისს და რასთან დაკავშირებითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გამოძიება უფრო ეფექტურად უნდა ჩატარებულიყო, საუბარია სწორედ იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება, გამოიყენოს ძალა, როდესაც ხდება თავდასხმა პარლამენტის შენობაზე, პოლიციაზე, სხვა სახელმწიფო შენობებზე, ეს ძალა უნდა იყოს პროპორციული, სწორად დაგეგმილი და სწორად გამოყენებული. აქედან გამომდინარე, გარკვეულწილად ჩვენც გვაქვს შეკითხვები და შესაბამისად, გამოძიება ნათელს მოჰფენს იმას, თუ რა იყო ის მიზეზები… იყო თუ არა ძალა პროპორციულად გამოყენებული”, — განაცხადა პაატა სალიამ.
2019 წლის 20 ივნისს მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. ის საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა.ამ მოვლენას მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მძაფრი რეაქცია და საპროტესტო აქცია მოჰყვა, რომელიც ხელისუფლებამ ძალადობის გამოყენებით დაარბია.
20-21 ივნისის დარბევის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან რამდენიმემ დაკარგა თვალი, ადამიანთა ნაწილმა მიიღო მძიმე დაზიანებები. დაშავებულთა შორის იყო მედიის 40-მდე წარმომადგენელი და 80-მდე პოლიციელი. აქტივისტები და ოპოზიცია დარბევაზე პასუხისმგებლობას პირველივე დღიდან შს მინისტრ გიორგი გახარიას აკისრებდნენ და მის გადადგომას მოითხოვდნენ, თუმცა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მალევე დააწინაურეს.
მოქალაქეებზე ძალადობის გამო, რასაც რამდენიმე მათგანის თვალის დაკარგვა მოჰყვა, არავინ დაუსჯიათ. მეტიც, ხელისუფლებამ ამ მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის შესახებ კანონი მიიღო.
„ქართულ ოცნებას“ აქციის დაშლაზე მართლზომიერებაზე კითხვები გიორგი გახარიას ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ გაუჩნდა და ამბობს, რომ იმ მოვლენების შემდეგ გახარია პრემიერად „დიფსთეითის“ მოთხოვნით დააწინაურა.
