ჩეხეთში ფერმერების ყველაზე დიდი საპროტესტო აქცია გაიმართა

19 თებერვლის დილიდან ჩეხეთის დედაქალაქ პრაღის ცენტრისაკენ დაიძრა უკმაყოფილო ფერმერების მსვლელობა, რომელშიც რამდენიმე ასეული ტრაქტორი მონაწილეობს. საპროტესტო აქციის მონაწილეები უკმაყოფილოები არიან დიზელის საწვავზე ფასების ზრდით, იაფფასიანი აგრარული იმპორტით, რაც საფრთხე უქმნის ადგილობრივ წარმოებას და ევროკავშირის „მწვანე შეთანხმებით“.

სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან ასაცილებლად პრაღის პოლიციამ შეზღუდა ავტომობილების გადადგილება პრაღის ცენტრალურ ქუჩებში და მოუწოდა ტრაქტორისტებს, რომ იმოძრაონ მარცხენა ზოლში. რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ში ჩვეულებრივ რეჟიმში მოძრაობს.

ჩეხური საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დემონსტრანტების კოლონა თავდაპირველად ჩეხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობასთან შეჩერდა. დემონსტრანტებთან სასაუბროდ გამოსულმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა მარეკ ვიბორნიმ არარეალური უწოდა მათ მოთხოვნას ევროკავშირის „მწვანე შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ და აღნიშნა, რომ ფერმერების ნაწილის უკან პოლიტიკური ინტერესები დგას. ჩეხური მედიის ცნობით, უკმაყოფილო ფერმერებმა დაიწყეს სკანდირება მინისტრის მისამართით და მარეკ ვიბორნის გადადგომა მოითხოვეს.
ჩეხეთამდე ფერმერების მასობრივი საპროტესტოს აქციები გაიმართა გერმანიაში, პოლონეთში და საფრანგეთში. გერმანელი ფერმერები აპროტესტებდნენ მთავრობის გეგმას, ეტაპობრივად გააუქმოს სოფლის მეურნეობის სუბსიდირება. ფერმერები შიშობენ, რომ შეღავათების გარეშე ბევრი მეურნეობა გაკოტრდება. პოლონეთში ფერმერების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო იაფფასიანი უკრაინული იმპორტის რეგულირება.

ფრანგი ფერმერები აპროტესტებდნენ ევროკავშირის ახალ მოთხოვნასაც, რომლის თანახმად, წევრმა სახელმწიფოებმა პესტიციდების და სასუქების გამოყენება უნდა შეამცირონ და 2030 წლისთვის ბუნებრივ მდგომარეობას დაუბრუნონ საკუთარ საზღვრებში მოქცეული ხმელეთის ზედაპირის სულ მცირე 20%. ამ მოთხოვნის შესრულება შეამცირებს მიწებს, რომლებსაც სოფლის მეურნეობაში იყენებენ.