ჩეხეთი ქვეყნების ჯგუფის ორგანიზებას ცდილობს, რომლებიც უკრაინისთვის 800 ათასი საარტილერიო ჭურვის გადაცემას დააფინანსებენ

ჩეხეთი ქვეყნების ჯგუფის ორგანიზებას ცდილობს, რომლებიც უკრაინისთვის 800 ათასი საარტილერიო ჭურვის გადაცემას დააფინანსებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრო და დასავლური გამოცემები ავრცელებენ.
კერძოდ, 23 თებერვალს, ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ძალისხმევის კოორდინირებას ახდენს და წინასწარი ვალდებულებები მიიღო კანადისა და დანიის მხრიდან, ასევე სხვა ქვეყნების მხრიდანაც, რომლებმაც არჩიეს, რომ დასახელებული არ ყოფილიყვნენ. აქამდე, გამოცემა Financial Times-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ თანხა, რომელიც საჭიროა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის გადასაცემად, 1.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ჩეხეთის ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ არ შეუძლიათ დაფინანსების ან საარტილერიო ჭურვების წარმოშობაზე დეტალების გავრცელება.
ცნობისთვის, 17 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩეხეთის პრეზიდენტმა
პეტრ პაველმა განაცხადა, რომ ჩეხეთმა ნატოს სტანდარტული კალიბრების (155 მმ და 122 მმ) 800 ათასი საარტილერიო ჭურვი იპოვა მსოფლიოს მასშტაბით და რამდენიმე კვირაში მათი უკრაინისთვის გადაცემა შეუძლია, თუ ამისთვის საჭირო დაფინანსებას მოიპოვებს.