სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) მოუწოდებს შრომის ინსპექციას, დაუყოვნებლივ განახორციელოს საწარმოს ინსპექტირება იქ არსებული პირობების შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ორგანიზაცია განცხადებაში წერს, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, შრომის ანაზღაურება უნდა იყოს ღირსეული და სამართლიანი. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ფოლადსადნობ საამქროში დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურება კი, არც ღირსეულია და არც სამართლიანი.
„ღირსეული ანაზღაურება ნიშნავს ისეთი ოდენობის ანაზღაურებას, რომელიც დასაქმებულ პირს აძლევს ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას. ანაზღაურების ეს ოდენობა ასევე მოიხსენიება როგორც საცხოვრებელი ხელფასი. საცხოვრებელი ხელფასი უნდა აკმაყოფილებდეს როგორც საბაზისო საარსებო საჭიროებებს, მათ შორის, საცხოვრებელს, კვებას, ტანსაცმელს, ტრანსპორტირებისა და კომუნალურ ხარჯებს, ასევე სოციალური კეთილდღეობის საჭიროებებს, მათ შორის, ჯანდაცვას, განათლებას და სოციალურ აქტივობებში მონაწილეობის მიღებას. Wage Indicator Foundation-ის გამოთვლით, 2024 წლის აპრილის მონაცემებით, მსგავსი საჭიროებების უზრუნველსაყოფად საქართველოში საცხოვრებელი ხელფასი უნდა შეადგენდეს თვეში 1858 ლარს.
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ფოლადსადნობ საამქროში დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურება არც ღირსეულია და არც სამართლიანი, რადგან მისი ოდენობა არ არის საკმარისი მათი ღირსეული ცხოვრების საჭიროებების უზრუნველსაყოფად და ასევე არ ითვალისწინებს მათ სამუშაოსთან დაკავშირებულ განსაკუთრებულ სირთულეებს, მათ შორის, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მუდმივი და არსებითი რისკების შემცველ მძიმე სამუშაო პირობებს და სამუშაოს მავნე ზეგავლენას მათ ჯანმრთელობაზე.
აღსანიშნავია, რომ შრომის ანაზღაურების ზრდასთან ერთად, დასაქმებულები ითხოვენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. მათი ინფორმაციით, გამოსასწორებელია, მათ შორის, ჯანდაცვასთან, დაზღვევასთან, კვებასთან, სპეციალურ აღჭურვილობასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები”, – წერია განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს შრომის ინსპექციის სამსახურს, დაუყოვნებლივ განახორციელოს ინსპექტირების ვიზიტი რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში და შეისწავლოს ფოლადსადნობი საამქროს თანამშრომლების მიერ გაჟღერებული პრობლემები, მათ შორის, ქარხანაში ჩატარებული რეორგანიზაციის კანონიერება, დასაქმებული პირების სამუშაო დატვირთვისა და შრომის ანაზღაურების შესაბამისობა შრომით უფლებრივ სტანდარტებთან და მათ უსაფრთხოებასთან და სამუშაო პირობებთან დაკავშირებული პრობლემები. ინსპექტირების განხორციელებისას, გარდა საქართველოს კანონმდებლობისა, შრომის ინსპექციის სამსახურმა უნდა იხელმძღვანელოს ასევე საერთაშორისო შრომით უფლებრივი სტანდარტებით – შრომით უფლებებთან დაკავშირებული იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს მიერ, მათ შორის, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით და ევროპის სოციალური ქარტიით.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში შრომის ინსპექციის სამსახური არ გასცემს საჯარო ინფორმაციას კონკრეტულ კომპანიებში/დაწესებულებებში მის მიერ განხორციელებულ ინსპექტირებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, უცნობია, ბოლო წლებში ჩაატარა თუ არა ინსპექტირება რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში. ქარხანაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით საჯაროდ ხელმისაწვდომი ბოლო ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2021 წლით თარიღდება, კომპანიაში შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების სერიოზული დარღვევები არსებობდა, მათ შორის – დასაქმებულები არ იყვნენ უზრუნველყოფილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, არ ტარდებოდა დასაქმებულთა სწავლება და ინსტრუქტაჟი, არ მოწმდებოდა ტექნიკური აღჭურვილობის უსაფრთხოების მდგომარეობა, არ არსებობდა პირველადი დახმარების, სახანძრო უსაფრთხოებისა და საევაკუაციო ღონისძიებების მართვის პროცედურა და გამოყენებული იყო საფრთხის შემცველი სამუშაო იარაღები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ წარსულში რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში დაფიქსირებულა თანამშრომლების დაშავების და დაღუპვის შემთხვევები”, – წერია SJC-ის განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ფოლადსადნობი საამქროს დაახლოებით 300 თანამშრომელი 7 თებერვლიდან ქარხანასთან საჯარო პროტესტს გამოხატავს მათი შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით. საამქროში დასაქმებული პირები ითხოვენ ხელფასების ზრდას, რამდენიმე თვის წინ გაუქმებული შტატების აღდგენას, გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში დაბრუნებას, პროტესტში მონაწილე თანამშრომლებზე ზეწოლის შეწყვეტას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.
