შვეიცარიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (SRF) მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ რუსეთის სამხედრო ქარხნებში ავტომატი „კალაშნიკოვი“ და სხვა სახის იარაღი შვეიცარიული დანადგარებით მზადდება.
შვეიცარიის მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად, ეს მაღალი სიზუსტის დაზგა-დანადგარები ვლადიმირ პუტინს საბრძოლო მოქმედებებში ეხმარება.
პუტინის არმიის შეიარაღებაში არსებული „კალაშნიკოვის“ სერიის სტანდარტული შაშხანა AK-12, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენება, რუსულ სამხედრო ქარხანაში შვეიცარიული კომპანია „GF“-ის დაზგა-დანადგარებით მზადდება. ეს შემაშფოთებელი ფაქტი კომპანიის სარეკლამო რგოლშიც კი ფიგურირებს.
დაზგა-დანადგარის შაფჰაუზენელი მწარმოებელი ამბობს, რომ რუსეთისთვის მისი პროდუქციის მიწოდება უკრაინაში მოსკოვის შეჭრამდე დიდი ხნით ადრე, 2018 წლამდე განხორციელდა. „ამდენად, არანაირი სანქცია ან საექსპორტო კონტროლის რაიმე რეგულაცია არ დარღვეულა“, – განაცხადა მან.
თუმცა, როდესაც შვეიცარიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რუსული საბაჟო მონაცემები გააანალიზა, აღმოჩნდა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სანქციების მიუხედავად, რუსეთში შვეიცარიული მწარმოებლების ასზე მეტი დაზგა-დანადგარი მოხვდა.
ეს შესაძლებელი გახდა მესამე ქვეყნებზე, ძირითადად, თურქეთზე, ტრანზიტის მეშვეობით. მაგალითად, 2023 წელს, შვეიცარიელმა მწარმოებელმა „Tornos“-მა ორი დანადგარი მიაწოდა თურქ იმპორტიორს, რომლის უკანაც, სინამდვილეში, ფიქტიური კომპანია იდგა. ეს დანადგარები რუსეთში მალევე გაიგზავნა.
შვეიცარიელი მწარმოებელი თავის დაცვას მაინც შეეცადა: „Tornos“-ი იცავს მოქმედ კანონებსა და დირექტივებს […] ჩვენ კატეგორიულად უარს ვამბობთ ჩვენი პროდუქტების არამიზნობრივ გამოყენებაზე“.
სათავო ორგანიზაცია „Swissmem“-ის მტკიცებით, შვეიცარიულ კომპანიები საყვედურს არ იმსახურებენ. „Seco“-ს მიერ ჩატარებული უამრავი შემოწმებისა და შესაბამისი კომპანიების მიერ მიღებული არაერთი პრევენციული ზომის მიუხედავად, ნამდვილად არის შესაძლებელი, რომ გარკვეულ შემთხვევებში, როდესაც საქმე უცხოელ მყიდველს ეხება, მან სანქციების გვერდის ავლა მოახერხოს“, – განაცხადა ორგანიზაციის დირექტორმა, შტეფან ბრუპბახერმა.
თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ტრანსფარენსი ინტერნეიშენალი“ მიიჩნევს, რომ შვეიცარიელ მწარმოებლებს უკეთესად შეუძლიათ საქმის კეთება. „კომპანიებმა უნდა მიიღონ სათანადო ზომები, რათა რეალურად შეძლონ რისკების მინიმუმამდე დაყვანა“, – აღნიშნა „ტრანსფარენსი ინტერნეიშენალის“ დროებითმა აღმასრულებელმა დირექტორმა, კატია გლორმა.
ყოველ შემთხვევაში, ცხადია, რომ რუსეთში გარკვეული სახის საქონლის პირდაპირ ექსპორტზე დაწესებული სანქციებითვის გვერდის ავლის მრავალი გზა დღემდე არსებობს.
წყარო: 1 არხი
