მედიის წარმომადგენლების თქმით, აპროტესტებენ იმ სისასტიკეს, რომელსაც აქციებისას სამართალდამცველები ჟურნალისტების მიმართ იჩენენ.
“ყველამ ნახა კადრები, როგორ გამიზნულად სცემეს [“ფორმულის” ჟურნალისტს] გურამ როგავას, რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ეს ხდება იმიტომ, რომ გურამ როგავას, [ტვ “პირველის” ჟურნალისტ] მარიამ გაფრინდაშვილის ეთერებში ისინი ხედავენ თავის თავს”, – უთხრა რადიო თავისუფლებას “ფორმულის” ჟურნალისტმა, ეკა ფხაკაძემ.
ქუთაისის მერიასთან შეკრებული ჟურნალისტები ასევე აპროტესტებენ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლასა და ტექნიკის დაზიანებას.
“საქართველოში პროფესია ჟურნალისტი გახდა სახიფათო და სასიკვდილო. ბოლო ორი დღეა, ვხედავთ, როგორ ძალადობენ, ამცირებენ, ავიწროებენ და სასიკვდილოდ იმეტებენ ჩვენს კოლეგებს, ამ ყველაფერს ბრძანების გარეშე ვერავინ მოიმოქმედებდა. ებრძვიან იმისთვის, რომ ჟურნალისტები პროფესიულ საქმიანობას ახორციელებენ, ინფორმაციას ავრცელებენ. რას ემსახურება ეს ყველაფერი? დაშინებას? ცენზურას? ჟურნალისტები სიცოცხლის ფასად მუშაობენ და გვაწვდიან ინფორმაციას”, – ამბობს ჟურნალისტი გვანცა თოთაძე.
29-30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო და გამთენიამდე გააგრძელა. 06:15 საათისთვის პოლიციელებმა რესპუბლიკის მოედნამდე სდიეს დემონსტრანტებს.
შსს-ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“ და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაკავებულია 107 პირი, რომლებსაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
შსს ამბობს, რომ დაშავდა 10 პოლიციელი, დაშავებული დემონსტრანტების ზუსტი რიცხვი უცნობია.
აქციის დასაშლელად გამოიყენეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი. აქციის მონაწილეები პოლიციელების მხრიდან განსაკუთრებულ სისასტიკეზე ჰყვებიან. ვრცელდება მონათხრობის ამსახველი კადრებიც.
29-30 ნოემბერს, გვიან ღამით, რუსთაველის გამზირზე პროევროპულ საპროტესტო დემონსტრაციაზე პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, წინა ღამის მსგავსად, ჟურნალისტებიც დაშავდნენ. პოლიციის თანამშრომლები ჟურნალისტებზე ფიზიკურად ძალადობენ და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელს მიზანმიმართულად უშლიან.
უფლებადამცველების შეფასებით, დაკავებისას პოლიცია იყენებს არაპროპორციულ და ხშირად გაუმართლებელ ძალას. საპოლიციო ძალები ხელს უშლიან მედიის მუშაობას და განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ჟურნალისტების წინააღმდეგ.
სახალხო დამცველის განცხადებით, „შემაშფოთებელია მასმედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები“.
ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი. პროტესტის პირველ დღეს შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც ეწერა, რომ 43 ადამიანი დააკავეს.
ფორუმი