ქეთევან ენუქიძე: ამბობენ, საბჭოთა მარლენ დიტრიხს, ლუბა ორლოვას სალათისფერი თეთრეული უყვარდაო

“რაღაც ხშირად მახსენდება ხოლმე ეს ძველი ჰამბავი…
ჯერ კიდევ ოციან წლებში რუსეთში ისეთი მშვენიერი თეთრეული მზადდებოდა ხელით ნაკეთები მაქმანებითა და აბრეშუმით, თურმე, პარიზიც კი აღფრთოვანებული უკრავდა ტაშს.
ამბობენ, ვერა მუხინაც კი მუშაობდა ნიფხავ-პერანგის მოდელებზეო.
ის მუხინა, მერე მუსკულებიანი და ნამგალუროიანი ქალებით რომ გაავსო ევრაზიის მრავალნატანჯ კონტინენტზე გადაჭიმული წითელი სივრცე.
მაგრამ მერე სტალინმა ბრძანა, საჭოთა მუშაკს არაფერი უნდა აცდუნებდეს და კომუნიზმის მშენებელს თვალი ნიფხვისკენ კი არა, მხოლოდ დაზგისკენ უნდა გაურბოდესო.
ეს იყო და, ამიერიდან საბჭოთა ადამიანის თეთრეული დაემსგავსა ენით უთქმელ ჯვალოს, რომლის ფუნქციის დადგენას მრავალი ბრძენი თუ არაბრძენი შეეცდება კიდევ მრავალი წლის განმავლობაში.
ამიტომ ვამბობ, რომ საბჭოთა ნიფხავი ფეხდაფეხ მისდევს კომუნიზმის შენების უაღრესად რთულ პროცესს და ზუსტად ისეთივე რთულია, როგორიც ეს პროცესი.
ამ პროცესში ჩართული ადამიანების ფსიხოლოღიაც, სხვათა შორის…
თვითონ სტალინი ძალიან კრიტიკულად იყო განწყობილი მოხდენილად ჩაცმისა და, ზოგადად, ნიფხვის მიმართ.
ამბობენ, როდესაც დაკრძალვის წინ მისი გარდერობი გადაჩხრიკეს, ერთი პანტალონიც ვერ უპოვეს, თავმოყვარე კომუნისტი რომ ჩაიცვამდაო.
ეს იმიტომ, რომ სტალინი პირად მაგალითს აძლევდა თავის ქვეშევრდომებს როგორც სიმტკიცეში, ასევე
ნიფხვისადმი დამოკიდებულებაში.
მაგრამ ყველა იზიარებდა ამ დამოკიდებულებას, თუ შიგადაშიგ იდეოლოგიური მტრებიც ჰყავდა?
ლევ ზახარიჩ მეხლისი მიმდევარი კი არა, სტალინის “ნაჯახი” იყო, რომლის ბრძანებით ათასობით ადამიანი გამოესალმა სიცოცხლეს.
ეს ასკეტი და ფანატიკოსი ყველაზე ჩამოძონძილი და უხეში პალტოებითა და კოსტუმებით დადიოდა გამოწყობილ გენერლებს შორის, მაგრამ სიკვდილის შემდეგ მისი საიდუმლოც ამოცნობილ იქნა, რამეთუ, მოგეხსენებათ, არაფერია დაფარული…
პიკანტური დეტალებიც კი, რომლებიც, წესით, ორმა უნდა იცოდეს, მაგრამ ღორმაც იცის ხოლმე…
(გამოთქმაა ასეთი)
მეხლისი, თურმე, განსაკუთრებით იყო გატაცებული ფრანგული აბრეშუმისა და ტრიკოტაჟის ვარდისფერ-მოატმისფერო პანტალონებით.
სხვათა შორის, წელს ატმისფერში ტრენდშია და გაითვალისწინეთ ბლუდებმა (თუკი ასეთები არიან ჩემს პატიოსან მეგობრებშიდ).
წარმოდგენაც ძნელია, როგორ გაუცრუებდა თავის ბელადს იმედს, ერთი თვალით მაინც რომ შეეხედა მისი ხვანჯრის მიღმა და ეს მშვენიერი თეთრეული ეხილა.
ეს იქნებოდა იდეოლოგიური კრახი, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, მეხლისის სიცოცხლე შეეწირებოდა…
არა იმდენად ნიფხვის, რამდენადაც იდეების ღალატის გამო.
და მერე მის საფლავს დააწერდნენ – მიაკვდა ნიფხავს…
ასევე, ამბობენ, საბჭოთა მარლენ დიტრიხს, ლუბა ორლოვას (ჩვენშიდ ხომ ყველას დიდება იმაზედ იყო დამოკიდებული, ვის ჰგავდა? თქვენ წარმოიდგინეთ, არც ეხლა შეცვლილა დიდად ეს ფახტორი. დეტალებს არ მოვყვები…) სალათისფერი თეთრეული უყვარდაო.
ამხანაგი ორლოვა თეთრეულს პარიზიდან იწერდა და იმდენად ძვირფასი იყო, რომ ერთი კაი დაკუნთული და მუშაობისგან სამად გაკეცილი კოლხოზნიცა ერთი წლის გამომუშავებული ფულითაც ვერ იყიდდაო.
მკივანა კინოძივა ორლოვა ჭკნობის ჟამის დადგომისთანავე თეატრში მოხვდა, სადაც მას სერიოზული კონკურენტი დახვდა – ვერა მარეცკაია.
მთავარი წინაღობა ამ ახალ ასპარეზზე არა იმდენად მარეცკაიას ნიჭი, არამედ მისი „ხალხურობა“ იყო.
აი, ეს ხალხურობა კი, პირველ ყოვლისა, საბჭოთა წარმოების არაელასტიკურ, ჩითის, უხეშ თეთრეულში მდგომარეობდა.
და ერთხელაც, როდესაც სახალხო არტისტის წოდება მიიღო, ორლოვამ, როგორც იქნა, შეიგრძნო, რას ნიშნავდა საბჭოთა არტისტობა და თეატრში გამოცხადდა სამამულო წარმოების მიტკლის აბაჟურით, რომელიც სრულიად შეესაბამებოდა საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდებას და არსს.
საბჭოთა ქალი ისევ ფურცევამ – კულტურის მინისტრმა, იხსნა ჩამოჩაჩული წინდებისგან, უცნაური ბიუსჰალტერებისგან და პარაშუტის ფორმის საცვლებისგან, როდესაც ყრილობაზე ამაყად განაცხადა, რომ საბჭოთა მშრომელი ქალი უდავოდ იმსახურებდა ღირსეულ ნიფხავს!
და მერე მაგიდაზე მუშტი დაარახუნა!
არ ვიცი, ეს როდის მოხდა – სანამ ივ მონტანი საქვეყნოდ გამოაჭენებდა საბჭოურ ნეგლიჟეს, თუ შემდეგ, მაგრამ ერთი ფაქტია – საბჭოთა ქალმა მიიღო სასურველი და ამიერიდან ნიფხავმა დაკარგა იდეოლოგიური მნიშვნელობა.
საბჭოთა იდეოლოგია მთავარი იდეის გარეშე დარჩა და, ვფიქრობ, ამანაც დაანგრია რამდენიმე წლის შემდეგ…”,  – წერს სოციალურ ქსელში “შეაჩერე კორუფცია” -ს  დამფუძნებელი ქეთევან ენუქიძე.