ქართულმა სტარტაპმა Wempler-მა $500 000-მდე ინვესტიცია მოიზიდა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე გეგმავს გასვლას

Wempler-ი ბაზარზე 2022 წელს გამოჩნდა და ამ წელიწადნახევარში ნახევარ მილიონამდე ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, მათ შორის $350 000 უცხოური ვენჩერული კაპიტალის ფონდი Presto Ventures-ისგან მიიღო. როგორც კომერსანტთან“ საუბრისას Wempler-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ალექსანდრე თავხელიძე ამბობს, 2024 წლის ბოლოდან ბიზნესის განვითარებას აღმოსავლეთ ევროპაში გეგმავენ.
Wempler არის პლატფორმა, რომელიც ადამიანებს იმაში ეხმარება, რომ ნებისმიერი ერთჯერადი საქმე თუ დავალება სხვას გადააბარონ და მეორეს მხრივ ამ სამუშაოს შესრულებით დაინტერესებული პირები ფინანსურ სარგებელს იღებენ. კომპანიის დამფუძნებლის თქმით, Wempler-ზე 10 000-ზე მეტი მომხმარებელია რეგისტრირებული და 1000-ობით შემსრულებელი ჰყავთ.
„Wempler ადამიანებს აძლევს საშუალებას, თავიანთი უნარების და სხვისი დახმარებით გამოიმუშაოთ დამატებითი შემოსავალი. Wempler-ზე თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ დამლაგებელი, სანტექნიკოსი, მანქანის მრეცხავი ან ადამიანი, ვინც ნებისმიერი ერთჯერადი დავალებას შეასრულებს. თუ პროფესიონალური უნარები გაქვთ, ეს დამატებითი ბენეფიტი იქნება პლატფორმაზე თქვენთვის, როგორც შემსრულებლისთვის“, – გვიხსნის ალექსანდრე თავხელიძე.
„ვემპლერმა“ 2022 წლის აპრილში კონკურს Shark Tank Georgia-შიც გაიმარჯვა და 100 000 ლარის ინვესტიცია მოიზიდა. წელს კიდევ 4 ინვესტიციის, ჯამში $500 000 მლნ-მდე თანხის მოზიდვა შეძლო.
„ჩვენ არა ერთ კონკურსში გავიმარჯვეთ და არაერთი გრანტი მივიღეთ. 2023 წელს MediaLab-ის კონკურსში გავიმარჯვეთ და 5 000 ლარიანი დაფინანსება მივიღეთ; შემდეგ BTU-ს გლობალური სტარტაპ-სამიტის გამარჯვებული გავხდით და კიდევ 5000 ლარი მივიღეთ; 2023 წლის ზაფხულში GITA-მ 150 000-ლარიანი გრანტი მოგვცა; ამის შემდეგ უკვე 350 000 დოლარის ინვესტიცია მივიღეთ უცხოური ვენჩერული კაპიტალის ფონდ Presto Ventures-გან და რამდენიმე უცხოური პრივატული ინვესტორისგან – ე.წ. ანგელოზი ინვესტორისგან“, – აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, მოზიდული ინვესტიციით Wempler-ს ქართული ბაზრის სრულად ათვისება და ევროპაში გაფართოება სურს.
„მოზიდული ინვესტიციით გვინდა, პირველ რიგში, საქართველოში რა პოტენციალიც აქვს ამ პლატფორმას სრულად ავითვისოთ. ამის შემდეგ, ვფიქრობთ, რომ ევროპისკენ წავიდეთ, უფრო აღმოსავლეთ ევროპისკენ – პოლონეთში, ბულგარეთში, ჩეხთში, აქეთ უფრო გვაქვს გეზი აღებული. ძალიან რთულია ხოლმე ს შემთხვევაში რაიმეს წინასწარ დაგეგმვა, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება ოპტიმისტური გათვლით 2024 წლის ბოლო კვარტალში თუ არა, 2025 წლის დასაწყისში“, – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.