ქართული პრესის მიმოხილვა 07.03.2024

პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და “ოცნების” დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება – სადამდე მივა პროცესი
დასავლეთის დახმარების მოლოდინში კიევისთვის სიტუაცია ფრონტზე მძიმდება – “დრო უკრაინელებისთვის სიცოცხლის ფასი ჯდება”
კვარტალური სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ 2024 წლის მარტის N1 (289) ნომრის მიმოხილვა
* * *
პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და “ოცნების” დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება – სადამდე მივა პროცესი
“პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და “ქართულ ოცნებას” შორის დაპირისპირება წინასაარჩევნო პერიოდში უფრო გამწვავდა, სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს ვეტო დაადო, რომლითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი და კვორუმი. რასაც “ოცნება” საპარლამენტო არჩევნებზე თავდასხმად აფასებს და აცხადებს, რომ ესაა ნიადაგის მომზადება, რომ ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა არჩევნები არ აღიაროს. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილსა და “ოცნებას” შორის დაპირისპირება უფრო მეტად აღარ გამწვავდება, რადგან ეს უკვე პიკია. საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს გამოყენებას იმ არგუმენტებით ხსნის, რომ მიღებული ცვლილებები ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის შეფასებებს აცდენილია.მოტივირებული შენიშვნები, რომელიც 11-გვერდიანია, პარლამენტს უკვე წარედგინა. თუმცაღა, როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, “ზურაბიშვილი ჩართულია ცესკოს დისკრედიტაციის კამპანიაში, ეს არის მისი ერთ-ერთი დავალება”. ვეტო კი, მისი თქმით, დაძლეული იქნება”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და “ოცნების” დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება – სადამდე მივა პროცესი.
“სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი და კვორუმი. “ეს არის იმ თავდასხმის ნაწილი, რომელიც ხორციელდება არა უბრალოდ ცესკოს თავმჯდომარეზე ან ცესკოზე, ეს არის თავდასხმა საპარლამენტო არჩევნებზე. ეს არის ნიადაგის მომზადება იმისთვის, რომ ტრადიციულად “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მისმა კლონებმა არ აღიარონ არჩევნები, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოზე დასმულ კითხვას. “შეგახსენებთ, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” არ უღიარებია არც ერთი საპარლამენტო არჩევნები… ზუსტად იმავეს აპირებს “ნაციონალური მოძრაობა” და მისი კლონები 2024 წელს და ეს არის ნიადაგის მზადება. ვხედავთ, რომ ამაში ჩართულია ოპოზიცია, , რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და მათ შორის, ზოგიერთი უცხოელი აქტორი. ეს არის პირდაპირი თავდასხმა და ჩარევა საარჩევნო პროცესში”, -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ს მოსაზრებას ეთანხმება”, – აღნიშნავს გამოცემა.
“პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებას ვეთანხმები – ოპოზიციაში ბრიყვები კი არიან, მაგრამ, ამდენი ბრიყვები არა, რომ არ იცოდნენ, რომ არჩევნებში გამარჯვების 1%-იც რომ არ აქვთ. ამიტომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების მეორე დღისთვის ემზადებიან, თავიანთი პატრონების დაკვეთა შეასრულონ. თუ თოფი კურდღელს მოარტყეს კარგია და თუ არადა, “თოფი გასროლილი” იქნება, რადგან ისინი ამაში ფულს აიღებენ. მხედველობაში მაქვს, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე იქნებიან მოწადინებულები – ისევ დაიწყონ იმის ძახილი, რომ არჩევნები გაყალბდა და ხელახალი არჩევნები ჩატარდეს. ან თუ “გაუმართლათ” და ქუჩაში ხალხი გამოვიდა, დაიწყებენ რევოლუციის მოხდენას, ეს სურთ მათ და მეტი არაფერი, ამიტომაც პარლამენტის თავმჯდომარე სწორად საუბრობს”, – მიიჩნევს ედიშერ გვენეტაძე და შეკითხვაზე – “სადამდე შეიძლება მივიდეს პრეზიდენტისა და “ოცნების” დაპირისპირება?” – პასუხობს: “არსად არაფერი არ მივა… ზურაბიშვილს პრეზიდენტის თანამდებობა იმიტომ სჭირდება თქვას, რომ არჩევნები გაყალბდა”. ყოფილი სახელწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი აცხადებს, რომ “ოცნების” განცხადებები წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და ცდილობენ საზოგადოებაში მიუღებლობა შექმნან, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე “ნაციონალური მოძრაობის”, – განაგრძობს გამოცემა.
“როცა ევროკავშირი შეაჯამებს თუ რა შეასრულა საქართველომ, მგონია, რომ საარჩევნო პუნქტი შესრულებულად არ ჩაითვლება და შეფასებაც უარყოფითი იქნება, რაც აშკარად 9 პუნქტიდან ერთ-ერთის ჩაგდება გამოდის, თუმცაღა, ეს “ოცნებას” არ ადარდებს. მათი განცხადებები იმისთვისაა, რომ მუდმივად შექმნან საფრთხობელა და მიუღებლობა, როგორც პრეზიდენტის, ისე “ნაციონალური მოძრაობის”, ეს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ “ქართულ ოცნებაში” ყოველმა ადამიანმა იცის, რომ ზურაბიშვილი “ნაცმოძრაობის” ადამიანი არაა – შესაძლოა “ოცნებას” აკრიტიკებდე, მაგრამ ასევე “ნაციონალურ მოძრაობას” ვერ იტანდე. ვაკრიტიკებ “ოცნებას”, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ენმ-ს მომხრე ვარ, ეს პარტია ჩემთვის მიუღებელია. თუ “ოცნებაში” რამე არ მომწონს ისაა, რომ „ნაცმოძრაობას” დაემსგავსნენ”, – ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“ზურაბიშვილი თვლის, რომ პუნქტები უნდა შესრულდეს და საჭიროა, რომ საქართველოში წელში გამართული საარჩევნო პროცედურები იყოს. ის ამისთვის იბრძვის და ეს რომ არ გამოჩნდეს და “ოცნებას” ლაპარაკი არ მოუწიოს, რომ საარჩევნო პროცედურებს რატომ ამახინჯებენ, ამიტომ შეტევაზე გადადიან – “გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო”, ამ პრინციპითაა ახლა მომართული “ოცნება”. მეტი რაღა უნდა ქნან, თმებით ხომ არ ითრევენ, როცა ზურაბიშვილი პარლამენტში გამოვიდა, ფეხზე არ წამოუდგნენ. დაპირისპირება უკვე იქამდე მივიდა, სადაც უნდა მისულიყო – მივიდნენ იმ სადგურში, სადაც ერთად “მოძოვა” აღარ შეუძლიათ და ეს იწილო-ბიწილო არჩევნებამდე გაგრძელდება. პრეზიდენტისა და “ოცნების” დაპირისპირება ამის იქით აღარ წავა, ეს პიკია და ამაზე შორს აღარ წავა”, – დასძენს პაატა ზაქარეიშვილი.
დასავლეთის დახმარების მოლოდინში კიევისთვის სიტუაცია ფრონტზე მძიმდება – “დრო უკრაინელებისთვის სიცოცხლის ფასი ჯდება”
“კვლავ მძიმეა ვითარება უკრაინის ფრონტის მთელ ხაზზე – უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, 70-მდე მძიმე შეტაკება დაფიქსირდა. ბახმუტის მიმართულებით მდებარე სოფელ ივან-ივსკესთან სასტიკი ბრძოლების შესახებ იტყობინება უკრაინის აღმოსავლეთ ძალების წარმომადგენლობა. ოფიციალური ინფორმაციით, ოკუპანტები ჩასივ-იარის დასახლების ხელში ჩაგდებას ცდილობენ, თუმცა, ჯერჯერობით, უშედეგოდ. დანაკარგზე, ტრადიციულად, არ საუბრობს ს თავდაცვის სამინისტრო. უწყებაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ შეტევაზე გადადიან, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით. საოკუპაციო ძალა 800-მდე მოკლული უკრაინელი ჯარისკაცის შესახებ ავრცელებს ცნობებს. 5 მარტის ღამეს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების დრონებმა რუსულ საპატრულო გემ სერგეი კოტოვს დაარტყეს. ეს იყო უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი სპეცოპერაცია”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დასავლეთის დახმარების მოლოდინში კიევისთვის სიტუაცია ფრონტზე მძიმდება – “დრო უკრაინელებისთვის სიცოცხლის ფასი ჯდება”.
“უკრაინელი დამცველების შესაძლებლობებმა დაამტკიცა, რომ რუსი ოკუპანტებისთვის შავ ზღვაში უსაფრთხო ნავსადგურები არ არსებობს და არც იქნება. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს ჯარისკაცს, ყველა ქვედანაყოფს, რომელიც აღადგენს უსაფრთხოებას და კონტროლს როგორც უკრაინის ცაზე, ასევე ჩვენს შავ ზღვაში”, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. მისი თქმით, მ დაამტკიცა, რა შეუძლია. “ამას მოწმობს ჩამოგდებული რუსული სამხედრო თვითმფრინავების რაოდენობა და ჩვენი ბიჭების შესაძლებლობები რუსეთის ფლოტთან დაკავშირებით. შავ ზღვაში რუსი ტერორისტებისთვის უსაფრთხო ნავსადგური აღარ არის და არც არასდროს იქნება და არ იქნება მათთვის უსაფრთხო სივრცე ცაზე – ჩვენი უკრაინული ძალა საკმარისი იქნება. ეს ეხება როგორც პარტნიორების მხრიდან მოწოდებას, ასევე ჩვენს შიდა წარმოებას”, – თქვა ზელენსკიმ. ამის პარალელურად კი ევროპა კვლავ გამოსავლის ძიებაშია. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის მოკავშირეებს მოუწოდა, რომ მშიშრები არ იყვნენ და უფრო თამამი გადაწყვეტილებები მიიღონ, ევროპა უახლოვდება იმ მომენტს, სადაც შიში დამღუპველი იქნება. მაკრონმა ჩეხეთში ვიზიტის დროს გაიმეორა დასავლური ჯარების უკრაინაში გაგზავნის შესახებ გაკეთებული განცხადება და თქვა, რომ ეს ევროპის ომიც არის. ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა იყვნენ”, – აღნიშნავს გამოცემა.
“მაკრონის ამ განცხადებებს კი განსაკუთრებით გერმანიის მხრიდან მოჰყვა კრიტიკა. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა თქვა, რომ მაკრონის ნათქვამი არ იყო სწორი, რადგან ახლა არაა საჭირო დისკუსია იმაზე ევროპაში უკრაინის ომთან დაკავშირებით ვის უფრო მეტი გამბედაობა აქვს. მაკრონმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს ჩეხეთის გეგმას, რომელიც უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შეძენას ევროპის გარეთ გულისხმობს და ასევე მხარს უჭერს ევროპაში რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენებას უკრაინის თავდაცვის დასაფინანსებლად. შეერთებული შტატებში კი მიიჩნევენ, რომ უკრაინას აქვს რამდენიმე სიურპრიზი, რომელიც დაეხმარება მას ბრძოლის ველზე გამარჯვების მიღწევაში, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა თქვა. ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი “რეზონანსთან” ამბობს, რომ სამწუხაროდ ევროპაში უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით პოზიციები არაერთგვაროვანია, რაც უკრაინის ფრონტზე დამატებით პრობლემებს ქმნის. მით უმეტეს, ამერიკის გაჯანჯლებული დახმარების ფონზე, ევროპამ გამოსავალი და კონსენსუსი დახმარების თაობაზე სწრაფად უნდა მიიღოს”, – დასძენს გამოცემა.
“რასაც ახლა ამერიკაში უკრაინისთვის იარაღის დახმარების კუთხით ვხედავთ, ეს მარაზმია. რაც ამერიკის კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში ხდება, ყველანაირ აზრს არის მოკლებული. სპეციალურად, ათასი ყურით მოთრეული მიზეზით ცდილობენ უკრაინისთვის ამ 60 მილიარდის დახმარების გაჯანჯლებას. ეს კი უკრაინაზე ძალიან დამღუპველად მოქმედებს და ფრონტის ხაზზე ამან შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს. ამის პარალელურად კი ვხედავთ ევროპაში რა სახის დაპირისპირება დაიწყო. მითუმეტეს გერმანიასა და საფრანგეთს შორის. ერთმანეთს საჯაროდ უკვე დახმარებასაც კი უთვლიან. ჩეხეთმა შესთავაზა ევროპას, რომ უკრაინისთვის ჭურვები ევროპის გარეთ ქვეყნებში ვიყიდოთო. ამაზე გერმანია თანახმაა, მაგრამ მაკრონს უნდა, რომ ეს ფული ისევ ევროპის ქარხნებში ჩაიდოს და წარმოება იქ მოხდეს. ეს კი დროს მოითხოვს, დრო კი უკრაინელებისთვის სიცოცხლის ფასი ჯდება. ამიტომ დროზე უნდა გამოინახოს რაღაცა გამოსავალი, რომ ამით რუსეთი სარგებლობს და ფრონტის ხაზზე დაწოლას აძლიერებს”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი.
“ვხედავთ ოდესაში რაც მოხდა და როგორ უტევს სამოქალაქო დაწესებულებებსაც კი. ამიტომ დროზეა გამოსავალი მოსაძებნი და ეს დაპირისპირება უკრაინას უჯდება ძვირად. მაკრონის განცხადება სრულიად სწორი იყო და მას არაფერი განსაკუთრებული არ უთქვამს. მან თქვა, რომ ამ გაწელილი დახმარების ფონზე სჯობს დროზე ვიმოქმედოთ, თორემ ბოლოს უკრაინაში ისეთი სიტუაცია იქნება, დასავლეთს მოუწევს ჯარით დახმარებაო. აქ უკვე მხოლოდ იარაღით დახმარება აღარ იქნება საჭიროვო. ამაში სიმართლეს ამბობს და მაკრონის განცხადება რეალობასთან ახლოს არის“, – დაასკვნის ალადაშვილი.
ჟურნალ „არსენალის“ 2024 წლის მარტის N1 (289) ნომრის მიმოხილვა
ორი წელი რუსეთ-უკრაინის დიდ ომში… / რუსეთ-უკრაინის საზღვაო ომი / ეროვნული თავდაცვის აკადემიის პრიორიტეტები / ხუსიტები 21-ე საუკუნის „სარაკეტო მეკობრეებად“ გადაიქცნენ… / ვინ და როდის ადგენს საქართველოს ელექტორატის ზომბირების გეგმას / დრონის ეფექტი და მასთან ბრძოლა / გერმანიის საიდუმლო გამანადგურებელი / B-21 Raider-ი ხვალინდელი დღის სტრატეგიული ბომბდამშენი / რუსეთის არალეგალური დაზვერვა: მარცხი მარცხს მოსდევს / თანამედროვე „ჯარისკაცის მამა“ უკრაინის ფრონტიდან… / ამერიკული ხომალდის 150 წლის წინანდელი ვიზიტი ბათუმში / უახლესი სნაიპერული „ბარეტი“ 3 კმ-ისთვის…
“2024 წლის 24 თებერვალს ორი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვლის გამთენიისას რუსეთის შეიარაღებული ძალები შეიჭრნენ უკრაინის ტერიტორიაზე და ომის გამოცხადების გარეშე გააგრძელეს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია. მანამდე კი 2014-2015 წლებში პრორუსი სეპარატისტების ხელით დაპყრობილი ჰქონდათ უკრაინის ს ნახევარკუნძული, ასევე ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ნაწილი. რუსეთ-უკრაინის ორწლიანი სრულფასოვანი ომის გაანალიზებისას შეიძლება პირობითად გამოიყოს საბრძოლო მოქმედებების ოთხი ძირითადი ფაზა, რომლებიც ძირფესვიანად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ შეიცვალა საბრძოლო მოქმედებების სტრატეგია, ტაქტიკა და საერთოდ, მისი არსი – თუკი 2014-2015 წლებში კრემლი ყირიმისა და დონბასის დაპყრობას ადგილობრივი პრორუსი სეპარატისტების ხელითა და მათ ზურგს ამოფარებული ცდილობდა, თან კატეგორიულად უარყოფდა სეპარატისტების დახმარებას რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფებითა და საბრძოლო ტექნიკით, 2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინაზე სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო შეტევები ღიად დაიწყო“, – წერს კვარტალური სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი „არსენალი“ 2024 წლის მარტის ს N4 (289) ნომერში, სათაურით ორი წელი რუსეთ-უკრაინის დიდ ომში…
„ეს იყო ომის პირველი ფაზა, დაფუძნებული ბლიცკრიგზე, სწრაფი შეტევის ტაქტიკაზე, რომლის უმთავრესი ამოცანა გახლდათ საშვეულმფრენო ტაქტიკური დესანტის გამოყენებით (რომელსაც უნდა უზრუნველყო კიევთან მდებარე ჰოსტომელის აეროდრომის დაპყრობა და რუსეთიდან მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების მიღება დესანტითა და მედესანტეთა საბრძოლო მანქანებით) სწრაფი იერიში უკრაინის დედაქალაქის ცენტრალურ რაიონზე, იქ მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, პრეზიდენტის სასახლეზე, მთავრობის სახლზე, სამინისტროებზე, ტელევიზიებზე, უკრაინის კანონიერი ხელისუფლების ძალით დამხობა და პრორუსი უკრაინელი პოლიტიკოსების დაყენება. ბლიცკრიგის ეს გეგმა რომ წარმატებით შესრულებულიყო, მაშინ ომი პირველ ფაზაშივე, ფაქტობრივად, დამთავრდებოდა და რუსეთი უკრაინის ჯერ სრულ ოკუპაციას, შემდეგ კი ანექსიას მოახდენდა. მაგრამ რუსეთის საოკუპაციო ძალებს ჩაეშალათ ბლიცკრიგი, ვერ შეძლეს კიევში შეჭრა და საბრძოლო მოქმედებებმა პოზიციური ხასიათი მიიღო“, – აღნიშნავს გამოცემა.
„იმ მომენტში რუსეთის საოკუპაციო ძალებს არ ჰყოფნიდათ რესურსები, რათა ორი ათას კმ-ზე უფრო მეტი სიგრძის ფრონტის ხაზზე შეტევითი ოპერაციები გაეგრძელებინათ, მით უმეტეს, უკრაინის დამცველებმა დახვეწეს პარტიზანული მოქმედებების ტაქტიკა ჩრდილოეთ რაიონების ტყეებში. შესაბამისად, რუსეთმა გაიყვანა საოკუპაციო ძალების შენაერთები უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილიდან, კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებიდან, რაც კრემლისთვის პოლიტიკურად ძალიან წამგებიანი ჩანდა, მაგრამ გამართლებული იყო სამხედრო თვალსაზრისით – ძალების გაბნევის სანაცვლოდ, მოხსნილი დანაყოფები და სამხედრო ტექნიკა გადაისროლეს ფრონტის აღმოსავლეთ და სამხრეთ მიმართულებებზე. თუკი რუსეთის შეტევა ჩრდილოეთიდან უკრაინაზე მარცხით დამთავრდა, სამხრეთ ფრონტზე უკრაინამ განიცადა დიდი მარცხი, მას შემდეგ, რაც ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან შეჭრილმა რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამი მიმართულებით (დასავლეთით ხერსონისკენ, ჩრდილოეთით მელიტოპოლისა და ენერგოდარისკენ, აღმოსავლეთით ბერდიანსკისა და მარიუპოლისკენ) დიდი ბრძოლების გარეშე დაიკავეს მნიშვნელოვანი ტერიტორიები, მოახერხეს მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე დესანტირებაც და გარკვეული დროის შემდეგ შეძლეს პირდაპირი სახმელეთო გზის გახსნა რუსეთის ქალაქ დონის როსტოვიდან ყირიმის ნახევარკუნძულისკენ ოკუპირებული მარიუპოლისა და მელიტოპოლის გავლით…“, – განაგრძობს გამოცემა.
„რუსეთის ფლოტი მცირდება – უკრაინა განაგრძობს რაკეტებით, საჰაერო და საზღვაო დრონებით რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სახომალდო შემადგენლობის შემცირებას. მორიგი მტკივნეული დარტყმა შავი ზღვის ფლოტმა 1-ლი თებერვლის ღამეს იწვნია, როდესაც უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ჩატარებულ სპეცოპერაციას კორვეტის კლასის პატარა სარაკეტო ხომალდი „ივანოვეცი“ (პროექტი 12411) შეეწირა. დონუზლავის ყურესთან დასავლეთით რეიდზე მდგომ ხომალდს უკრაინელებმა Magura-ს ტიპის 10 საზღვაო დრონი ესროლეს და რამდენიმე მათგანმა მიზანს მიაღწია. დაზიანებულ კორპუსში შესულმა წყალმა ხომალდს კიჩო დაუმძიმა და “ივანოვეცი” ცხვირით ზევით ვერტიკალურ მდგომარეობაში ჩაიძირა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ხორბლის შეთანხმებაში მონაწილეობა შეაჩერა, 12411-ე პროექტის ორი ხომალდი დროებით ოკუპირებულ ყირიმის დასავლეთ სანაპიროსთან პატრულირებდა შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში კომერციული ნაოსნობის დასაბლოკად. “ცივი ომის” პერიოდში აგებული 12411-ე პროექტის ხომალდები ახლა მოძველებულია, მაგრამ მაინც ანგარიშგასაწევი ძალაა…” – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით რუსეთ-უკრაინის საზღვაო ომი.
„ამ ხომალდების ბორტებზე განთავსებული П-270 Москит-ის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი ორ-ორი რაკეტა 170 კმ-მდე მანძილზე დაფრინავს. ახალი წლის წინა დღეებში 26 დეკემბერს უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ფეოდოსიაში „ჰაერი – ზედაპირის“ კლასის Storm Dhadow ტიპის ფრთოსანი რაკეტებით დიდი სადესანტო ხომალდი „ნოვოჩერკასკი“ მძიმედ დააზიანეს. ერთი რაკეტა ხომალდს მოხვდა და კიდევ უფრო ძლიერი მეორე აფეთქება გამოიწვია. სავარაუდოდ, ხომალდის ბორტზე დიდი რაოდენობის საბრძოლო მასალა იყო, რასაც დეტონაცია მოჰყვა. ფეოდოსიის პორტში ოპერაციისას ასევე დაზიანდა სასწავლო-საწვრთნელი ხომალდი УТС-150. უკრაინა დროებით ოკუპირებული ყირიმის აღმოსავლეთ სანაპიროსაც მისწვდა და 4 ნოემბერს ქერჩში ქარხანა „ზალივს“ „ჰაერი-ზედაპირის“ კლასის 16 რაკეტით შეუტია. რუსების მონაცემებით, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი პატარა სარაკეტო ხომალდი „ასკოლდი“ (პროექტი 22800) დაზიანდა. გასულ 2023 წელს შავი ზღვის ფლოტმა დიდი სადესანტო ხომალდების მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა. რუსეთი სადესანტო ხომალდებს ოდესასთან საზღვაო-სადესანტო ოპერაციაში გამოყენებას უპირებდა, მაგრამ ომი ისე წარიმართა, რომ რუსი საზღვაო ქვეითები ახლა ჩვეულებრივი მოტომსროლელები არიან, ხოლო სადესანტო ხომალდები სამხედრო ტვირთებს ეზიდებიან“, – აღნიშნავს გამოცემა.
„ამიტომაც ასეთი ხომალდების დანაკარგი რუსეთის ფლოტისთვის ორმაგად მტკივნეულია. 4 აგვისტოს უკრაინულმა საზღვაო დრონმა ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაში დიდ სადესანტო ხომალდ „ოლენოგორსკი გორნიაკს“ მარცხენა ბორტი შეუნგრია. მარცხენა ბორტით დაფერდებული ხომალდი ბუქსირმა სარემონტოდ ნოვოროსიისკის საზღვაო ქარხანაში გადაიყვანა. რუსული მეორე სადესანტო ხომალდი უკრაინელი მფრინავების სამიზნე გახდა. 2023 წლის 13 სექტემბერს სამხედრო-საჰაერო ძალებმა „ჰაერი-ზედაპირის“ კლასის Storm Dhadow-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტებით სევასტოპოლის საზღვაო ქარხნის მშრალ დოკში დიდი სადესანტო ხომალდი „მინსკი“ და წყალქვეშა ნავი „როსტოვ-ნა-დონუ“ (Б-237) მძიმედ დააზიანეს. „მინსკის“ აღდგენას შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეს ან საერთოდ ჩამოიწეროს. 14 თებერვალს დროებით ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულთან უკრაინელებმა საზღვაო დრონებით მძიმე დაზიანებები მიაყენეს რიგით მეხუთე დიდ სადესანტო ხომალდ „ცეზარ კუნიკოვს“, რომელიც შემდგომ ჩაიძირა. ომის წინ რუსებს შავ ზღვაში სულ 12 დიდი სადესანტო ხომალდი ჰყავდათ – 6 შავი ზღვის, 3 ბალტიისა და ამდენივე ჩრდილოეთის ფლოტებიდან…“, – განაგრძობს გამოცემა.
“რა სიახლეებს სთავაზობს ეროვნული თავდაცვის აკადემია იუნკრებს, რა პრივილეგიებით ისარგებლებენ ახალგაზრდები, რომლებიც ამ გზას ირჩევენ და რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოსთვის პროფესიონალურად მომზადებულ იუნკრებს – ამ საკითხებზე სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალს” კაპიტანი გიორგი მიმინოშვილი ესაუბრა. მისი თქმით, “ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამებია, რომელთა მიზანია ეროვნული თავდაცვის აკადემიის მისიის შესაბამისად თავდაცვის ძალებისა და ქვეყნის სამსახურისათვის მოამზადოს უმაღლესი აკადემიური სამხედრო განათლების, მაღალი ეთიკის, მტკიცე მორალისა და ლიდერის თვისებების მქონე ოფიცერთა კორპუსი უზრუნველყოს ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე სპეციალისტების მომზადება თავდაცვის ძალებისა და ქვეყნის სამსახურისთვის“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით ეროვნული თავდაცვის აკადემიის პრიორიტეტები.
„პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობენ: აკადემიური პერსონალი, სამხედრო ინსტრუქტორები, მოწვეული სპეციალისტები და მასწავლებლები, რომელთაც აქვთ საგანმანათლებლო პროგრამების სწავლებისა და შედეგების მისაღებად აუცილებელი კომპეტენცია, საგანმანათლებლო პროგრამების პროფილის შესაბამისი აკადემიური ხარისხი და სწავლების გამოცდილება. ამჟამად ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იუნკრებს შესაძლებლობა აქვთ ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და აკადემიის შიდა შესარჩევი ტურის შემდეგ სწავლა განაგრძონ ოთხი საბაკალავრო მიმართულებიდან ერთ-ერთზე: ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა; თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა; მენეჯმენტის საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამა და ინჟინერიის ბაკალავრიატი მექანიკის ინჟინერიაში კურსდამთავრებულს მისცემს ფართო ცოდნას თანამედროვე საინჟინრო ტექნოლოგიებისა და მექანიკის ინჟინერიის ფუნდამენტური პრინციპების გამოყენებისთვის. ამ საგანმანათლებლო პროგრამების გარდა, ეროვნული თავდაცვის აკადემია მომავალი სასწავლო წლიდან იქნება დამატებით ორი საგანმანათლებლო პროგრამით“, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კაპიტანი გიორგი მიმინოშვილი.
„სამართლის ბაკალავრი იუნკერს გამოუმუშავებს საჯარო, კერძო, სისხლისა და საერთაშორისო სამართლის სფეროში არსებულ რთული და გაუთვალისწინებელი პრობლემების ამოცნობის, უახლესი სამართლის მეთოდების გამოყენებით მათი გადაწყვეტის სათანადო გზების შემუშავებას. თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული ხელ­შეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ ნებისმიერ იმ თანამდებობაზე, სადაც მოითხოვება სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და არ არის აუცილებელი სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარება, ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებით წინა პირობები; ინჟინერიის ბაკალავრიატი საავიაციო ინჟინერიაში კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური საავიაციო ინჟინერ-ბაკალავრს მოამზადებს, რომელსაც ექნება საავიაციო ინჟინერიის ფუნდამენტური პრინციპებისა და მათი გამოყენებისთვის ფართო ცოდნა, რათა შეძლოს საფრენი აპარატების დაპროექტების, კონსტრუირების, წარმოებისა და შენარჩუნების პროცესებში მონაწილეობა…“ – განაგრძობს რესპონდენტი.
„ღაზის სექტორში „ჰამასის“ ტერორისტთა წინააღმდეგ ისრაელის თავდაცვის არმიის ოპერაციამ ირანის ხელშეწყობით მოქმედი ძალები გაააქტიურა სირიაში, ერაყსა და ლიბანში, ხოლო წითელ ზღვაში იემენელი ხუსიტები თავისუფალი ნაოსნობის ბლოკირებას ცდილობენ. ხუსიტთა მეკობრულმა თავდასხმებმა ევროპა-აზიის უმოკლეს საზღვაო მარშრუტს საფრთხე შეუქმნა. წითელ ზღვაზე მოდის მსოფლიო საზღვაო გადაზიდვების 10-15%, ხოლო საკონტეინერო გადაზიდვებში ეს მაჩვენებელი ცოტა ხნის წინ 30%-ს აღწევდა. ქალაქ კილის გერმანიის ანალიტიკური ცენტრის მონაცემებით, იანვარში სუეცის არხით დღეში 200 ათასმა სტანდარტულმა კონტეინერმა გაიარა, როცა ნოემბერში 500 ათასი იყო. პროგნოზებით, კრიზისმა შეიძლება კიდევ დიდხანს გასტანოს, ამიტომ გემთმფლობელები გემებს ცურვის მიმართულებას უცვლიან და აფრიკის გარშემო გრძელი, მაგრამ უსაფრთხო მარშრუტით უშვებენ, სხვები კი გემებისა და ტვირთის დასაცავად შეიარაღებულ დაცვას ქირაობენ”, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით ხუსიტები 21-ე საუკუნის „სარაკეტო მეკობრეებად“ გადაიქცნენ…
„უდიდესი სანაოსნო კომპანია Maersk-ი აცხადებს, რომ საფრთხის გამო ახლო მომავალში წითელ ზღვაში ცურვის განახლებას არ აპირებს. სუეცის არხით ტვირთების ტრანზიტის შემცირებამ ალტერნატიულ მარშრუტებზე საზღვაო გადაზიდვების ტარიფები და ტვირთების დაზღვევის ხარჯები გაზარდა იემენელი მეკობრეები აცხადებენ, რომ ისინი მხოლოდ ისრაელის პორტებისკენ მიმავალ ისრაელის, ამერიკისა და ბრიტანეთის გემებს ესხმიან თავს. იემენის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ღაზის სექტორში ომის დაწყებიდან 15 თებერვლისთვის წითელ ზღვაში თავდასხმა 14 ამერიკულ, 3 ბრიტანულ და 17 ისრაელის გემზე მოხდა. თუმცა ეს ინფორმაცია სიმართლე არ არის და დაზარალებულთა შორის სხვა ქვეყნებიცაა. 26 იანვარს ხუსიტების რაკეტა რუსული ნავთობპროდუქტებით დატვირთულ ტანკერს მოხვდა და ხანძარი გაუჩინა, ხოლო 12 თებერვალს კი უმნიშვნელოდ დაზიანდა ირანისკენ მიმავალი სიმინდით დატვირთული სავაჭრო გემი. თავისუფალ ნაოსნობას იმდენად დიდი საფრთხე შეექმნა, რომ 2023 წლის 18 დეკემბერს აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა წითელ ზღვასა და ბაბ-ელ-მანდების სრუტეში საერთაშორისო კოალიციის ოპერაცია Prosperity Guardian-ის დაწყება გამოაცხადა”, – აღნიშნავს გამოცემა.
„12 იანვარს კოალიცია სიტყვიდან საქმეზე გადავიდა – ამერიკულმა და ბრიტანულმა თვითმფრინავებმა ხუსიტების სამხედრო ობიექტებს პირველი საჰაერო დარტყმები მიაყენეს. კოალიციაში 20-მდე სახელმწიფოს თვითმფრინავი, საბრძოლო ხომალდები და სხვა საშუალებებია გაერთიანებული. საბრძოლო პოტენციალის მაღალ დონეზე შესანარჩუნებლად აშშ-მა წითელ ზღვასა და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში დამატებით საბრძოლო ხომალდები შეიყვანა. სავაჭრო გემებზე თავდასხმებისთვის ხუსიტები იყენებენ დრონებს, სწრაფსვლიან კატარღებს, უეკიპაჟო წყალზედა აპარატებს, სხვადასხვა სიშორის ბალისტიკურ და ფრთოსან რაკეტებს. თანამედროვე მრავალფეროვანი შეიარაღებითა და ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი კოალიცია ჯერჯერობით ხუსიტებს დასახული მიზნის, სავაჭრო გზის სრული ბლოკირების საშუალებას არ აძლევს. ამის კარგი მაგალითია 30 დეკემბრის ინციდენტი, როცა სინგაპურის დროშით მოცურავე კონტეინერმზიდმა Maersk Hangzhou-მ გვიან ღამით დახმარება ითხოვა. დასახმარებლად გაიგზავნა ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი…“ – განაგრძობს გამოცემა.
„რუსი პიარტექნოლოგი ალექსეი სიტნიკოვი დღესაც აცხადებს, რომ 1999-2000 წლებში მუშაობდა პირადად შევარდნაძესთან ჯერ საპარლამენტო, შემდეგ კი საპრეზიდენტო არჩევნების სტრატეგიისა და ტაქტიკის პროგრამის შედგენისას. რუსეთის ერთ-ერთი წამყვანი პოლიტტექნოლოგის აღიარება ბევრ კითხვას ბადებს. 1999 წელს, როდესაც სიტნიკოვის პიარჯგუფი ბერეზოვსკი-პატარკაციშვილის რეკომენდაციით და ნიკოლაი აქსიონენკოს ფულით თბილისში წინასაარჩევნო კამპანიას გეგმავდა, ეჭვი არავის გასჩენია. საინტერესოა, როდის გახდა „იმიჯ-კონტაქტი“ რუსეთის „ჯაშუშების ჯგუფი“? ან რატომ დასჭირდა საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს „პარტიზანული“ მეთოდებით ამ კონსალტინგური ჯგუფის დოკუმენტაციის ხელში ჩაგდება?“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით ვინ და როდის ადგენს საქართველოს ელექტორატის ზომბირების გეგმას
„ არსებობს ვერსია, რომ შევარდნაძე იმიტომ გაცეცხლდა სიტნიკოვის ჯგუფზე, მათ ფარულად შევარდნაძის შესაძლო მემკვიდრის გამოსავლენად დაიწყეს ინფორმაციის შეგროვება, მოსახლეობის გამოკითხვა და მომავალი პრეზიდენტის კანდიდატურების მონაცემების ანალიზი. ბუნებრივია, სიტნიკოვი პირადი ინიციატივით ამას ვერ გააკეთებდა, მაშ, ვის შეეძლო მისთვის ამგვარი საიდუმლო დავალების მიცემა? ბუნებრივია, იმას, ვისი რეკომენდაციითაც ჩამოვიდა საქართველოში. ბერეზოვსკი და პატარკაციშვილი, ალბათ, ფიქრობდნენ, რომ 1999 წლის გაზაფხულისთვის რუსეთში უკვე „დაალაგეს საქმე“ და „პოლიტიკური თავლიდან“ პუტინ-აქსიონენკოს შორის რუსეთის მომავალი პრეზიდენტის მათთვის ყველაზე მისაღები კანდიდატურის შერჩევაღა რჩებოდათ. ამიტომაც ჩვენთვისაც მოიცალეს და პოსტშევარდნაძისეულ საქართველოს მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატურაზე დაიწყეს ფიქრი“, – აღნიშნავს გამოცემა.
„იმხანად პოლიტიკურ კულუარებში პრეზიდენტობის ორ გამოკვეთილ კანდიდატზე _ სა და კახა თარგამაძეზე საუბრობდნენ. ალბათ, ამიტომაც უშუალოდ ბერეზოვსკის დავალებით „იმიჯ-კონტაქტმა“ მათი რეიტინგების გასათვლელად სოციოლოგიური გამოკითხვების ჩატარება დაიწყო. ეს შევარდნაძის ყურამდეც მივიდა, თუმცა მისი რეაქცია მკვეთრი არ ყოფილა და არავინ ეძახდა მაშინ სიტნიკოვის ხალხს „რუს ჯაშუშებს“, წინააღმდეგ შემთხვევაში, 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის „იმიჯ-კონტაქტის“ რეკომენდაციებით რატომ უნდა ესარგებლათ? შევარდნაძემ კარგად გამოიყენა ეს სკანდალი ჟვანია-თარგამაძეს შორის დიდი დაპირისპირების გასაღვივებლად. ედუარდ შევარდნაძე ფსიქოლოგიური მანიპულირების დიდოსტატი იყო. ის ამ ხელოვნებას ვერც თბილისის სამედიცინო ტექნიკუმში და ვერც ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ვერ ისწავლიდა: ეს ბუნებისგან ბოძებული თვისება იყო, თუმცა საბჭოთა „პარტიულ-კომკავშირულმა სკოლამაც“ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი. ფაქტია, ადამიანებით მანიპულირების უნარმა დიდად შეუწყო ხელი მის ხანგრძლივ პოლიტიკურ კარიერას…
„თანამედროვე კონფლიქტებმა, განსაკუთრებით კი რუსეთ-უკრაინის ომმა, ორივე ქვეყნის არმიაში არაერთი სუსტი მხარე გამოააშკარავა, განსაკუთრებით დრონებთან, უფრო სწორად, მათთან ბრძოლის ეფექტური მეთოდების არარსებობა. ბრძოლაში ახალი იარაღის გამოჩენას ყოველთვის ჯერ მისი სრულყოფა, ხოლო შემდგომ მასთან ბრძოლისა და გამკლავების საშუალების შექმნა ახლავს თან. იგივე ითქმის უპილოტო საფრენ აპარატ დრონზეც. მეტად მოკლე 15-20-წლიანი ევოლუციის პერიოდში ნელი და მოუქნელი უპილოტოები, რომლებიც მხოლოდ საჰაერო დაზვერვისთვის თუ გამოდგებოდნენ, ურთულესმა და მაღალტექნოლოგიურმა საბრძოლო დრონებმა შეცვალა. დღეს საბრძოლო მოქმედებები დრონების გარეშე წარმოუდგენელია და უკრაინაში მიმდინარე ბრძოლები ამის ნათელი მაგალითია. თუმცა ბრძოლის ველზე დრონების გაბატონებასთან ერთად, მათთან გამკლავების ტექნოლოგიების განვითარება-დანერგვის მეტად საინტერესო პროცესის მომსწრენი ვართ“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით დრონის ეფექტი და მასთან ბრძოლა.
„რუსეთ-უკრაინის ომში დრონები გადამწყვეტ თუ არა, ერთ-ერთ უმთავრეს როლს ნამდვილად ასრულებენ. იქნება ეს სადაზვერვო, დამრტყმელი (ხელყუმბარებითა და ნაღმსატყორცნების ნაღმებით შეიარაღებული „ბომბდამშენები“) თუ კამიკაძე-საფრენი აპარატები. ამის გამო ორივე მხარემ მკვეთრად შეამცირა ტანკების, მსუბუქი ჯავშანტექნიკის, არტილერიის (განსაკუთრებით თვითმავლის) გამოყენების მასშტაბი. საინტერესო ყოველივე ამა­ში კი ის არის, რომ ამ საქმეში დიდი წვლილი არა ძვირადღირებულმა სამხედრო, არამედ ყველასთვის ხელმისაწვდომმა კომერციული დანიშნულების დრონებმა შეიტანეს. წარმატება სხვადასხვა ფაქტორითაა განპირობებული: ფართო ხელმისაწვდომობა, დრონების პატარა გაბარიტები და შესაბამისად, რადიოტალღების გაფანტვის მცირე ეფექტური ზედაპირი, ფრენის დაბალი სიმაღლე, მცირე თბური და აკუსტიკური გამოსხივება. ყოველივე ეს პატარა დრონის აღმოჩენას ართულებს. დღეს ბაზარზე არსებული ყველა სერიული თუ პერსპექტიული დრონსაწინააღმდეგო საშუალება კინეტიკურ და არაკინეტიკურ ნაწილებად იყოფა. პირველი უპილოტო საფრენი აპარატის განადგურებას ტყვიებით, ჭურვებით, რაკეტებით ან სულაც ლაზერით გულისხმობს“, – აღნშნავს გამოცემა.
„ამ პრინციპზე დაფუძნებულ ყველა სისტემას აქვს აღმოჩენისა (რადარი, თბოვიზორი, ოპტიკური სენსორები) და ცეცხლის მართვის საშუალებები. არაკინეტიკურს კი დრონის გაუვნებლება რადიოელექტრონული ბრძოლით, მისი მართვისა და ნავიგაციის არხების ჩახშობით შეუძლია. მცირე ზომის 2-3 კგ-მდე წონის დრონები, რომ საბრძოლო მოქმედებებზე გავლენას იქონიებდნენ, სამხედროები სერიოზულად დაახლოებით 10 წლის წინ დაფიქრდნენ. 2014-2015 წლებიდან აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ისრაელისა და კიდევ სხვა მრავალი ქვეყნის თავდაცვის უწყებაში სპეციალური ჯგუფები ჩამოაყალიბეს და ამოცანად დაუსახეს მოსალოდნელ კონფლიქტებში დრონების როლის განსაზღვრა, მათთან ბრძოლის ეფექტური მეთოდების მოძიება. დღეს მსოფლიოში დრონებთან ბრძოლის საშუალებებს 300-ზე მეტი კომპანია აწარმოებს. შთამბეჭდავი ციფრის მიუხედავად, თითქმის ყველა მათგანი ე.წ. ჯამინგის – რადიოჩახშობის პრინციპზეა დაფუძნებული. სიხშირეთა სხვადასხვა დიაპაზონში მომუშავე სისტემების გამომსხივებლები რადიოტალღებით დრონსა და ოპერატორს შორის კავშირს „წყვეტენ“… – განაგრძობს გამოცემა.
სტალინ-ჰიტლერის შეთანხმებით მოსკოვში 1939 წლის 23 აგვისტოს ხელი მოეწერა საბჭოთა კავშირ-გერმანიის თავდაუსხმელობის პაქტს, რომელიც ისტორიაში მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის სახელით არის ცნობილი. რამდენიმე დღის შემდეგ ქვეყნებმა ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს. გერმანია მიღებული ნედლეულის სანაცვლოდ საბჭოთა კავშირს სამრეწველო პროდუქციას, მათ შორის სამხედრო ტექნიკასა და შეიარაღების ნიმუშებს შესწავლის მიზნით მიაწვდიდა. 1939 წლის ოქტომბერში მოსკოვში მომზადდა გერმანიაში შესაძენი 1 მლრდ გერმანული მარკის სამხედრო ტექნიკის ჩამონათვალი. დოკუმენტის საავაციო ნაწილი თვითმფრინავებს, ავიაძრავებს, სხვადასხვა სახის ხელსაწყოებსა და საავაციაო შეიარათების ნიმუშებს მოიცავდა. ოქტომბერშივე საბჭოთა სავაჭრო დელეგაცია გერმანიაში გაემგზავრა“ , – წერს ურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით გერმანიის საიდუმლო გამანადგურებელი.
„მართალია, გერმანელებმა საბჭოთა დელეგაციას თავიანთი ავიამიღწევები აჩვენებს და ზოგი რამ კიდეც მიჰყიდეს, მაგრამ თავი შეიკავეს „ჰეინკელის“ საცდელი რაექტიული თვითმფრინავების He 176-ისა და He 178-ის ჩვენებისაგან. ცნობილ ავიაკონსტრუქტორ კურტ ტანკს ერთი სიტყვაც არ დასცდენია გამანადგურებელს Fw 190-ზე, რომელიც ა939 წელს გამოცდას გადიოდა. საინტერესოა, რო 1941 წელს ომის დაწყებიდან ერთ კვირაში საბჭოთა კავშირის თავდაცვის სახალხო კომისარიატმა გამოსცა ალბომი „გერმანიის თვითმფრინავები“ გერმანული წარმოების თვითმფრინავების ფოტოებით, სქემებითა და ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლებით. ალბომში წარმოდგენილ თვითმფრინავებს შორის Focke-Wulf Fw 190 არ არის, ანუ კურტ ტანკის გამანადგურებელი საბჭოთა სამხედროებისთვის საიდუმლოდ დარჩა…” – აღნიშნავს გამოცემა.
„1937 წელს მე2 თაობის გამანადგურებელი მონოპლანის პროექტირება – გერმანიაში Fw 190-ისა და ბრიტანეთში Typhoon-ის – დაახლოებისთ ერთდროულად დაიწყო.მ „ფოკე-ვულფი“ გერმანიის თვითმფრინავთმშენებლობის ერთ-ერთ ლიდერად ითვლებოდა. შექმნილს საფრენ აპარატებს დამატებით ფრინველთა სახელებსაც არქმევდნენ. Fw 190-ს პატარა მტაცებელი ჩიტის სახელი Wurger-ი ანუ „ღაჟო“ ეწოდა.მეორე მსოფლიოს ომში გერმანიის სამხედრო ავიაცია ერთადგილიანდგუშის ერთძრავიან Fw 190-ს სხვადასხვა ამპლუაში იყენებდა, რის გამოც თვითმფრინავმა „მუშა ცხენის“ მეტსახელი დაიმსახურა. „ღაჟო“ ასრულებდა დიდ სიმაღლეებზე გზის გადამჭრელის, საესკორტო და ღამის გამანადგურებლის მოვალეობებს. ამას გარდა Fw 190-ის საფუძველზე მზადდდებოდა ფოტომზვერავი, გამანადგურებელ მობმდამშენი, საზღვაო ტორპედმზიდი და სხვა დანიშნულების აპარატები…“ – განაგრძობს გამოცემა.
„გასული წლის 10 ნოემბერს თანამედროვე სამხედრო ავიაციის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა – პირველად 35 წლის შემდეგ ჰაერში ახალი სტრატეგიული დანიშნულების ბომბდამშენი (უფრო ზუსტად, მისი პროტოტიპი) აფრინდა ჰაერში. ამ პროექტზე აშშ-ის საავიაციო მრეწველობა 2011 წლიდან მუშაობს. სწორედ მაშინ წამოიწყეს ქვეყნის საჰაერო ძალებმა პროგრამა LRS-B ანუ Long Range Bomber-ი, რომელიც პერსპექტიული ბომბდამშენის შექმნას ისახავდა მიზნად. პროექტის შემსრულებელი კომპანია Northrop Grumman-ი საპროექტო სამუშაოებს 2015 წლიდან შეუდგა. ფართო საზოგადოებას უახლესი B-21 Raider-ი საცდელ ფრენამდე ერთი წლით ადრე, 2022 წლის 2 დეკემბერს წარუდგინეს. თვითმფრინავის ფუტურისტული ფორმისთვის თვალის შევლებაც საკმარისია, რომ ავიაციაში ოდნავ გათვითცნობიერებულმა ადამიანმა მასში B-2-ის ნაკვთები ამოიცნოს. გარკვეულწილად მოსალოდნელი იყო, რომ Northrop Grumman-ი ახალ ბომბდამშენს წინამორბედ B-2-ის კონცეფციაზე დაყრდნობით შეიმუშავებდა, რომლის შექმნაც თავის დროზე უზარმაზარ კონსტრუქციულ, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ ნაბიჯად შეფასდა” – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით B-21 Raider-ი ხვალინდელი დღის სტრატეგიული ბომბდამშენი.
„თვითმფრინავის ოფიციალური სახელწოდება Raider-ი (ქართულად „იერიშის, თავდასხმის მონაწილეს“ ნიშნავს) მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკელი მფრინავების შესრულებულ ერთ თავზე ხელაღებულ საჰაერო ოპერაციას უკავშირდება. პერლ-ჰარბორზე იაპონელთა თავდასხმის საპასუხოდ პოლკოვნიკ ჯეიმზ დულიტლის თაოსნობით დაიგეგმა და ჩატარდა უნიკალური ოპერაცია – წყნარ ოკეანეში ავიამზიდ Hornet-ის გემბანიდან აფრენილმა B-25 Mitchel-ის ტიპის 16-მა ბომბდამშენმა იაპონიის ტერიტორიაზე სხვადასხვა ობიექტი დაბომბა. ოპერაციის მონაწილეებისთვის ეს საჰაერო იერიში, რომელსაც ამერიკისთვის დიდი მორალური მნიშვნელობა ჰქონდა, ერთი მიმართულებით ნაყიდი ბილეთის ტოლფასი იყო. ფრენა უკან დაბრუნებას არ ითვალისწინებდა – დაბომბვის შემდეგ ეკიპაჟები დასავლეთ ჩინეთში უნდა დამსხდარიყვნენ. 12 თვითმფრინავი დაშვებისას დაიმტვრა, 3 ზღვაში დაეშვა საწვავის გამოლევის შემდეგ, ერთმა კი სსრკ-მდე მიაღწია. დულიტლის რეიდის უკანასკნელი მონაწილე, ვიცე-პოლკოვნიკი რიჩარდ კოუელი, B-21-ისთვის სახელწოდების მინიჭების ცერემონიას ესწრებოდა. რაც შეეხება ინდექსს „21“, ის XXI საუკუნეში აგებულ პირველ ბომბდამშენზე მიუთითებს“, – აღნიშნავს გამოცემა.
B-21 Raider-ის, ისევე როგორც მისი წინამორბედ B-2 Spirit-ის, პროექტირებისას გამოყენებული კონსტრუქციულ-აეროდინამიკური სქემა „მფრინავი ფრთა“ უნიკალურია – მცირდება შუბლა წინაღობა და პლანერის გაფანტვის ეფექტური ზედაპირი, შესაბამისად, რთულდება საფრენი აპარატის რადარით აღმოჩენა, იზრდება შიდა მოცულობა, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ბორტზე იარაღისა და საწვავის მარაგის ზრდას. მართალია, „მფრინავი ფრთის“ უნიკალურობის კვალობაზე ამერიკული B-2 Spirit-ი ამ სქემით აგებული ერთადერთი სერიული თვითმფრინავია, თუმცა თავად კონცეფციის იდეა გერმანელ კონსტრუქტორ ჰუგო იუნკერსს ეკუთვნის. 1915 წელს მან პირველი ექსპერიმენტული “მფრინავი ფრთა” ააწყო. მეორე მსოფლიო ომის დროს ძმებმა ჰორტენებმა ლუფტვაფეს “მფრინავი ფრთის” სქემის საკუთარი პროექტი წარუდგინეს, რომელსაც ჯერ შიდაწვის, შემდეგ კი რეაქტიული ძრავები ჰქონდა. 1944 წლის ზაფხულში თვითმფრინავი ნიშნულით Go.229 პირველად აფრინდა. სამომავლოდ სერიულ გამანადგურებელს ოთხი 30 მმ-იანი ქვემეხი და 1 000 კგ-იანი ბომბური დატვირთვა უნდა ჰქონოდა. ამ ამბიციურ გეგმას ხელი ამერიკულმა ქვედანაყოფებმა შეუშალეს, რომლებმაც 1945 წლის 14 აპრილს საავიაციო ქარხანა დაიკავეს…“ – განაგრძობს გამოცემა.
„ყველა ქვეყანაში რუსეთის დაზვერვის „არალეგალების“ მთავარი ამოცანა იყო და არის აგენტების გადაბირება საიდუმლო დოკუმენტაციის ხელში ჩასაგდებად, აგენტებს შორის ოპერატიული კავშირის უზრუნველყოფა, პოლიტიკური მკვლელობებისა და დივერსიების მომზადება-ჩატარება და ა.შ. რამდენი „ჩაპმანი“ და „ხუან ლასარო“ მოქმედებდა და მოქმედებს საქართველოში გადაწყვეტილების მიმღებ პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ თუ სხვა წრეებთან? ან თუნდაც ჩვენს სპეცსამსახურებში? სამი ათეული წელი არასტაბილურობისა და შიდა დაპირისპირების წრეზე ტრიალი უკვე პასუხია: სამწუხაროდ, ათასობით „ჩაპმანი“ და „ხუან ლასარო“ გვყავდა და გვყავს! საბჭოთა/რუსეთის დაზვერვა ძალზე ხშირად იყენებდა რომელიმე ქვეყანაში ჩანერგილ (უკვე იმ ქვეყნის მოქალაქე) არალეგალ აგენტებს, რომლებიც შესაძლოა წლების განმავლობაში დავალებებით არ დაეტვირთათ (ამიტომაც ამ აგენტებს ხშირად „მძინარე აგენტებსაც“ უწოდებენ) – მათ უფრთხილდებოდნენ, გამჟღავნებისგან იცავდნენ და მხოლოდ განსაკუთრებული მნიშვნელობის დავალებებს აძლევდნენ. „მძინარე აგენტები“ ათეული წელი ცხოვრობდნენ კონკრეტულ ქვეყანაში და სრულად იყვნენ ადაპტირებული ადგილობრივ გარემოსთან“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით რუსეთის არალეგალური დაზვერვა: მარცხი მარცხს მოსდევს.
„ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2023 წლის 15 აგვისტოს დააკავა რიგაში მცხოვრები ლატვიის მოქალაქე, ტაქსის მძღოლი სერგეი სიდოროვი და ის რუსეთის სპეცსამსახურებისთვის ინფორმაციის მოპოვება-გადაცემაში დაადანაშაულა. გამოძიებამ მისი ჯაშუშობის 20-ზე მეტი შემთხვევა გამოავლინა. ტაქსის მძღოლი აგროვებდა და გადასცემდა ინფორმაციას ლატვიისა და მის ტერიტორიაზე განლაგებული მოკავშირე ქვეყნების შეიარაღებული ძალების, ასევე მონაცემებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე. სამხედრო-პოლიტიკური ინფორმაციის მოპოვების გარდა, ჯაშუში ტაქსისტი აგროვებდა ინფორმაციას იმ ლატვიურ კომპანიებზე, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან. რუს ჯაშუშს ტაქსის მძღოლად მუშაობა საშუალებას აძლევდა თავისუფლად ემოძრავა და დიდი ხნით გაჩერებულიყო ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებთან – სამხედრო ბაზებთან, აეროპორტთან, საზღვაო პორტთან, ძალოვანი სამინისტროების ოფისებთან და სხვ. არაა გამორიცხული, ანალოგიური პრობლემაა საქართველოში, უპირველესად კი „იანდექსის“ ტაქსებთან დაკავშირებით“, – აღნიშნავს გამოცემა.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ არაპროვოცირებული და ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან სხვადასხვა ქვეყანაში რუსეთის სპეცსამსახურების რამდენიმე ათეული არალეგალი აგენტი გამოვლინდა. ისინი წლების განმავლობაში მოქმედებდნენ ამ ქვეყნებში და შეღწევას ცდილობდნენ პოლიტიკურ-ეკონომიკურ სტრუქტურებში – სპეცსამსახურებსა და თავდაცვის უწყებებში, ბიზნესში, განათლების სფეროსა და ა.შ. თუმცა დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ „რუსული სარეველა“ ბოლომდე მაინც არაა მოსპობილი. ეს პირველ რიგში იმ არალეგალ „თხუნელებს“ ეხება, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში ძალზე ღრმად გაიდგეს ფესვები. ისტორიულად საბჭოთა/რუსეთის სპეცსამსახუ­რების სამიზნე, უპირველესად, საერთაშორისო ევროპული და ევროატლანტიკური ორგანიზაციები, ასევე ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების სპეცსამსახურები, საგარეო უწყებები და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებია. იქ შესაღწევად რუსეთის საგარეო და სამხედრო დაზვერვები რთულ და მრავალსვლიან „ოპერატიულ კომბინაციებს“ გეგმავენ, რომელთა ერთ-ერთი მთავარი მიზანი არალეგალი აგენტების მრავალწლიანი მომზადება, სათანადო ლეგენდების შექმნა და ზემოჩამოთვლილ სტრუქტურებში ჩანერგვაა. დღეს გავეცნოთ ერთ ამგვარ „ოპერატიულ კომბინაციას“, რომელიც რუსეთის სამხედრო დაზვერვამ „არქტიკისათვის ბრძოლისთვის“ ჩაატარა…“ – განაგრძობს გამოცემა.
„ეს კაცი, მეომარი შვილი მხედრული სალმით რომ გააცილა იმ ქვეყანაში, უკრაინაში წავიდა შვილის გარდაცვალებიდან ორმოცდამეერთე დღეს. „ვიბრძვით, ვკვდებით, რომ იცოცხლოს საქართველომ“! – მწუხარების ნაცვლად, ეს საუკუნის სიტყვები წარმოთქვა, მანამდე კი აფხაზეთის ომში ლანჩხუთის „მხედრიონის“ მეთაურმა ფრონტის ხაზიდან გამოსძახა ენგურსგამოღმა საქართველოს, კაცს მარტო ტყვია არ კლავს, კაცს სინდისი კლავსო… ჰოდა, ადგა და წავიდა… წავიდა და იმავე გზას აგრძელებს ახლა, რომელიც მის ძმას, უფროს ჯამბულატსა და მის შვილს, უმცროს ჯამბულატს შეუწყდა რუსებთან ბრძოლაში აფხაზეთსა და უკარაინაში, გზას, რომელიც 30 წლის წინ თავად დაიწყო. 58 წლის კაცისთვის ადვილი არ არის ომში ჩაბმა, ძველი იარების გახსენება, მაგრამ შეძლო. არ ვიცი, რა ჰქვია ამას, საკუთარ თავზე გამარჯვება თუ საკუთარ თავთან ერთად ბრძოლა… ახალი თაობისთვის „ჯარისკაცის მამად“ იქცა, ძველი თაობისთვის კი კვლავ ჯარისკაცია, გაუტეხელი ჯარისკაცი. როდესაც მივწერე, ინტერვიუ მინდა ჟურნალისთვის-მეთქი, საქმეზე ვარ, კითხვები გამომიგზავნე. გაითვალისწინე, რომ ომია და ცენზურაა, ჩარჩოებში ვარო. ასე შედგა ჩვენი მოკლე და ლაკონიური საუბარი“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით თანამედროვე „ჯარისკაცის მამა“ უკრაინის ფრონტიდან… / არჩილ ხოფერია რუსეთ-უკრაინის ომიდან.
„უკრაინაში გასული წლის მარტში ჩავედი. მიზეზთა გამო მანამდე ვერ წავედი. ვილაპარაკეთ მე და ჩემმა შვილმა და გადავწყვიტე, უკან დავბრუნებულიყავი, თვითონ კი დარჩა მის ბედსა და ღმერთთან. მერე ის მოხდა, რაც მოხდა… ორმოცის მეორე დღეს წავედი. „ქართულ ლეგიონში“ ჩემი მოსვლა განაპირობა ლევან ფიფიასთან პირადმა ურთიერთობამ, რომელიც შემდეგ მეგობრობაში გადაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ლევანი ლეგიონის მეთაურის მოადგილეა, გადამწყვეტი მაინც პირადი ურთიერთობა იყო. ლევანი ესწრებოდა ჩემი შვილის დაკრძალვას, მერე კიდევ ჩამოვიდა. ამის შემდეგ ვუთხარი, რომ ვაპირებდი უკრაინაში ჩასვლას და ვთხოვე, მიმიღეთ რიგით ჯარისკაცად-მეთქი. თავიდან ჩემი გადარწმუნება სცადა, მაგრამ… სამხედრო თვალსაზრისითაც „ქართულ ლეგიონს“ მცირე დანაკარგი აქვს. სრულიად სხვა პრინციპით მუშაობენ. ფართოდ იყენებენ ახალ ტექნოლოგიებს და არჩევენ დისტანციაზე ბრძოლას, დაზვერვას, დივერსიას და ა.შ. განადგურებული მტრის რაოდენობა დაახლოებით სამ ბატალიონზე მეტია. უკრაინაში ტურისტად არ წამოვსულვარ. ომი გრძელდება. ოჯახს ჩვეულებრივად ვეკონტაქტები, ისე, როგორც ყველა. მიჩვეული არიან, სულ ასე არ მაცილებდნენ?“, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ ხოფერია.
„მე აღმოსავლეთის მიმართულებაზე ვარ „ქართული ლეგიონის“ ერთ-ერთ ქვედანაყოფთან ერთად. რაც შეეხება შემართებას, იგრძნობა გადაღლა, რაც ბუნებრივია, თუმცა ბრძოლის ნება ჩანს როგორც მეთაურობაში, ისე საშუალო და ქვედა რგოლებში. მეომრების დიდი უმრავლესობა პატივისცემით შემხვდა, ერთი-ორი – ეჭვით, ზოგიც გულგრილად. მერე შემეჩვივნენ. ახლა ჩვეულებრივად აღმიქვამენ, როგორც თანამებრძოლს… დრონების გამოყენებამ ძალიან მოიმატა ორივე მხრიდან. ხშირად ერთი მეომარიც კი მიზანშია ამოღებული.საერთაშორისო მხარდაჭერაზე მოწმობს დასავლური ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები, სხვადასხვა დონისა თუ სიშორის რაკეტები, სხვადასხვა კალიბრის ჭურვები, ასევე ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც უწევენ უკრაინას, სხვადასხვა დონის სტუმრების ჩამოსვლა უკრაინაში… ომს ახასიათებს ფაზები, როდესაც დაპირისპირებული ძალები თანაბარნი არიან და ხან ერთი უტევს, ხან მეორე. არის პაუზები, ოპერატიული პაუზები და ა.შ. ასე რომ, ყველაფერი კლასიკური ომის კარნახით ვითარდება. ასე იყო პირველი ომები, როდესაც დაიწყო კაცობრიობამ და ასეა დღესაც. დამთავრდება ან ერთი მხარის დამარცხებით, ან მეორის, ან მორჩება ზავით რაღაც დროს. შეიძლება ერთმა მხარემ ჩათვალოს, რომ გაიმარჯვა, ან მეორე მხარემ…“, – განაგრძობს არჩილ ხოფერია
„1878 წლის 25 აგვისტოს (ახ. სტ. 7 სექტემბერი) ბათუმში რუსეთის ჯარები საზეიმო მარშით შევიდნენ, ხოლო ს ყურეში კონტრადმირალ ნიკოლაი ობეზიანინოვის დროშით შავი ზღვის ფლოტის იალქნიან-ხრახნიანი კორვეტები „სოკოლი“ და „პამიატ მერკურია“, შხუნები „რედუტ-კალე“ და „კაზბეგი“ დადგნენ. ქვემეხების 20 გასროლის თანხლებით ბათუმის სიმაგრიდან თურქეთის დროშა ნელ-ნელა დაეშვა და სანაცვლოდ შუადღის 4 სთ-ზე ქვემეხების 101 ზალპით ფლაგშტოკზე რუსეთის დროშა აღმართეს. აჭარაში დასრულდა ოსმალო-თურქების ბატონობა და საქართველოს ძირძველი მხარე სამშობლოს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში დაუბრუნდა. ამ ისტორიული მოვლენიდან ერთი წელი არც იყო გასული, რომ ბათუმს უცხო ქვეყნის პირველი სამხედრო ხომალდი ეწვია“, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით ამერიკული ხომალდის 150 წლის წინანდელი ვიზიტი ბათუმში.
„ამასთან დაკავშირებით, თბილისში რუსულ ენაზე გამომავალი გაზეთი “კავკაზი” 1879 წლის 8 აგვისტოს მოკლე ინფორმაციით იუწყებოდა: “ბათუმიდან 5 აგვისტოს ტელეგრაფით გვატყობინებენ, რომ დღეს ჩვენთან შემოვიდა სამხედრო ფრეგატი “ვინვორტი” ამერიკის საზღვაო მინისტრთან ერთად. მან დაათვალიერა ბათუმის სიმაგრე და შემდეგ გაემართა სა და ოდესისკენ”. ფრეგატი “ვინვორტის” სახელით XIX საუკუნის მეორე ნახევრის ამერიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტის შემადგენლობაში არ მოიძებნა, ამიტომ საჭირო გახდა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ისტორიისა და მემკვიდრეობის საზოგადოების (Naval Historyand Heritage Command) დახმარება. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ საინტერესო პასუხი მოვიდა. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო უწყების 1878-1880 წლების ანგარიშის თანახმად, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის შლიუპი Wyoming-ი 1878 წლის 24 დეკემბერს ნიუ-იორკიდან გამოვიდა, გადაკვეთა ატლანტის ოკეანე და ხმელთაშუა ზღვაში მოიარა საფრანგეთის, იტალიის, ავსტრიის, საბერძნეთის, თურქეთის, ეგვიპტისა და სხვა ქვეყნების ბევრი პორტი. 1879 წლის 5 აგვისტოს ხომალდი შევიდა კონსტანტინოპოლში, რომელიც 10 აგვისტოს დატოვა და ცურვა შავ ზღვაში გააგრძელა, სადაც 27 აგვისტომდე რამდენიმე პორტი მოინახულა”, – აღნიშნავს გამოცემა.
„უზუსტობა ხომალდის დასახელებაში შეიძლება ინგლისურიდან არასწორი თარგმანით აიხსნას, რომელსაც ტელეგრაფით გადაცემისას ტექსტის აკრეფისას დაშვებული შეცდომები დაემატა. განსხვავება თარიღებში ძნელი ასახსნელია, თუმცა მთავარი ის არის, რომ 1879 წლის აგვისტოში ბათუმში ვიზიტით ამერიკული ხომალდი ნამდვილად იმყოფებოდა. Wyoming-ის ვოიაჟმა 2.5 წელიწადს გასტანა და 1881 წლის მაისში დასრულდა. მაშინდელ აშშ-ისა და ასევე სხვა ქვეყნების სამხედრო ხომალდებისთვის ხანგრძლივი ლაშქრობები მიღებული პრაქტიკა იყო, ვინაიდან ეკიპაჟი საზღვაო გამოცდილებას სხვანაირად ვერ შეიძენდა. გარდა ამისა, ლაშქრობების დროს შესწორებები და დამატებები შედიოდა ლოციებში – ნაოსნობისთვის აუცილებელ სახელმძღვანელოში, პორტებში შესვლა კი ხომალდს პროვიანტისა და სასმელი წყლის მარაგის შევსებისთვის სჭირდებოდა. ალბათ, Wyoming-იც ანალოგიურ მისიას ასრულებდა შავ ზღვაში, მით უფრო თურქებისგან გათავისუფლებული ბათუმის პორტი ამერიკული მეზღვაურებისთვის გასაცნობადაც საინტერესო იქნებოდა…“ – განაგრძობს გამოცემა.
„ბარეტის“ მსხვილკალიბრიან სნაიპერულ შაშხანებს დიდი წარდგენა არ სჭირდება, რადგან მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის თავმომწონე სპეცრაზმის არსენალი მათ გარეშე არ არსებობს. თავის დროზე „არსენალმაც“ გამოცადა ვაშლიჯვრის სასროლეთზე ქართველი სპეცრაზმელების .50 BMG (12.7X99mm) კალიბრის Barret M82 და მან დიდი შთაბეჭდილებაც მოახდინა, მაგრამ უახლესი Barret MRADELR-ი მაინც სულ სხვაა. “ბარეტის” ეს უახლესი მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანა გასული წლის ბოლოს გამოუშვეს, მაგრამ საქართველომდე ჯერ ვერ ჩამოაღწია. მისი სასროლეთზე “გაცნობა” და შესაძლებლობების აღწერა ალბათ საინტერესო იქნება “არსენალის” ერთგული მკითხველისთვის”, – წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით უახლესი სნაიპერული „ბარეტი“ 3 კმ-ისთვის… / ლეგენდარულმა „ბარეტმა“ ზეშორეულ დისტანციაზე სასროლი ახალი მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანა შესთავაზა მსოფლიო საიარაღო ბაზარს…
„Barret MRADELR-ს სხვანაირად “3 კმ-ის შაშხანასაც” უწოდებენ, რადგან King of 2 miles-ის ცნობილ შეჯიბრებაში – “2 მილის მეფე” მან მეორე ადგილი დაიკავა, არადა, ამ შეჯიბრებაში ყველაზე შორეული, 1.2 მ სიგანისა დa 1.5 მ სიმაღლის სამიზნე, 3.2 კმ-ზე დგას, ასეთ შედეგს კი ახალი “ბარეტი” უნიკალური კალიბრის ვაზნას უნდა უმადლოდეს. Barret MRADELR-ი შექმნილია Barret MRAD-ის ბაზაზე, რომელიც, თავის მხრივ, .338 Lapua Magnum (8.6×70 mm)-ის ვაზნაზე იყო გათვლილი, მაგრამ ახალი Barret MRADELR-ისთვის განკუთვნილია კიდევ უფრო ძლიერი ვაზნა – .416 Barret (10.4x83mm). ამ ვაზნის ტყვია 26 გრამს იწონის და გასროლისას მისი საწყისი სიჩქარე 950-960 მ/წმ-ს აღწევს. ეს ვაზნა „ბარეტის“ კონსტრუქტორებმა 20 წლის წინ შექმნეს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სპეციალური ოპერაციების ცენტრის დაკვეთით. ახალ „ბარეტში“ ალტერნატიული კალიბრის ვაზნის, .375 EnABELR (9,5×70 mm)-ის გამოყენებაც შეიძლება შესაბამისი ცვლილების შემდეგ – ეს ვაზნა შეიძლება სიძლიერით ჩამოუვარდება წინამორბედს, მაგრამ მის 25-ტყვიას გასროლისას უფრო მაღალი ბალისტიკური კოეფიციენტი აქვს და შესაბამისად, მეტად ზუსტიცაა”, – აღნიშნავს გამოცემა.
„Barret MRADELR-ში გამოყენებულია ხელით გადატენის გრძივად მოსრიალე მბრუნავი საკეტი. ხუთი მსხვილკალიბრიანი ვაზნა მჭიდშია განთავსებული. მეტრ-ნახევარი სიგრძის შაშხანის მოხერხებულად გადატანისთვის ის ორ ნაწილად იშლება. რუსეთ-უკრაინის ორწლიანმა ომმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რამხელა უპირატესობას იღებს ის მებრძოლი მხარე, რომლის შეიარაღებაშიც დიდი რაოდენობითაა სწორედ ასეთი შორსმსროლელი მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანები, რომელთა საშუალებითაც ორ კმ-ზე ან უფრო შორსაც არა მარტო მსუბუქი ჯავშანტექნიკის დაზიანება შეიძლება, არამედ პროფესიონალი სნაიპერების გასროლებით მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, მათ შორის მაღალი ჩინის სამხედროების ლიკვიდირებაცაა შესაძლებელი. აშშ-ის საიარაღო მაღაზიებში გაყიდვისას Barret MRADELR-ის რეკომენდებული საცალო ფასი 9 995 დოლარს შეადგენს“, – დასძენს გამოცემა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – თუ ოპოზიციაში ერთობა არ გამოვიდა, გამიხარდება შეიქმნას 3-4 ცენტრი, რომ ბარიერის მიღმა არავინ დარჩეს, რადგან ეს „ქართული ოცნების“ ინტერესებზე წყლის დასხმაა – საჭიროა ვიწრო პარტიულ და ადამიანურ ეგოებზე უარის თქმა