სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება

სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის განცხადებით, მიმდინარეობს ცრუ, დეზინფორმაციული კამპანია, რომ თითქოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2024 წლის სექტემბრამდე არ გეგმავს მასწავლებლებისთვის ანაზღაურების ზრდას.
მინისტრის თქმით, რეალურად კი, მიმდინარეობს მუშაობა ახალი სახელფასო პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე, რომელიც 2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება და მის ფარგლებში მოხდება, ბოლო წლების განმავლობაში, მასწავლებელთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდა.
ამილახვარი აცხადებს, რომ ახალი სახელფასო პოლიტიკის თანახმად, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება – ეს გახლავთ ერთ წელიწადში ხელფასების საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით 35%-იანი მატება, რაც მასწავლებელთა კორპუსში მრავალი წელია არ განხორციელებულა.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში მასწავლებელთა ხელფასებთან დაკავშირებით ცრუ და დამაზიანებელ დეზინფორმაციულ კამპანიას.
ჩემი მინისტრობის პირველი დღიდან, პრემიერ-მინისტრ ს ძლიერი მხარდაჭერით, დავიწყეთ ზოგადი განათლების საფეხურზე არსებული ყველა ძირეული გამოწვევის იდენტიფიცირებაზე მუშაობა და მათი გადაჭრის გზების შემუშავება.
თქვენ იცით, რომ სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს ზოგადი განათლების მიმართულებით რიგი საკითხების დამუშავება, რომლის საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით საზოგადოებას დეკემბრის თვეში გამართულ საჯარო პრეზენტაციაზე ეცნობება.
კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, ჩვენს მთავარ საზრუნავს და ობიექტს წარმოადგენენ ჩვენი ღირსეული და დამსახურებული მასწავლებლები, რომელთა პროფესიული განვითარების სისტემის დახვეწა, მათი სახელფასო პოლიტიკის გაუმჯობესება და მათ წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრა ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
მასწავლებელთა დაფასებისა და მათთვის ღირსეული ანაზღაურების შეთავაზების მიზნით, მიმდინარეობს როგორც ახალი სახელფასო პოლიტიკის ჩამოყალიბება, ასევე სხვა მხარდამჭერი პროგრამების შეთავაზება.
ყოვლად მიუღებელია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და მათი წარმომადგენლების, ასევე პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მხრიდან იმ დამაზიანებელი, დეზინფორმაციული კამპანიის წამოწყება, რომელიც მიზნად ისახავს მასწავლებელთა ხელფასების უპრეცედენტო ზრდის შესახებ გადაწყვეტილებისთვის ჩრდილის მიყენებას.
მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ 2012 წლამდე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე, მასწავლებელთა საშუალო ხელფასი შეადგენდა 330 ლარს. დღევანდელი მონაცემებით საშუალო ხელფასი გაზრდილია თითქმის 300%-ით და შეადგენს 1230 ლარს.
მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი ზრდისა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მასწავლებლები გაცილებით უფრო მაღალ ანაზღაურებას იმსახურებენ და შესამუშავებელი და შესაცვლელია ის სახელფასო ფორმულა, რაც ახლა სისტემაში გვაქვს.
ჩვენი ანალიზის, კვლევებისა და მასწავლებლებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, სამინისტროში მიმდინარეობს ახალ სახელფასო ფორმულაზე მუშაობა, რომლის კონკრეტული დეტალები საზოგადოებას, როგორც უკვე აღვნიშნე, დეკემბერში გამართულ პრეზენტაციაზე საჯაროდ ეცნობება. თუმცა, აქვე კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ახალი სახელფასო კონცეფცია მოიცავს პედაგოგებისთვის ხელფასის უპრეცედენტო ზრდას და სრული დატვირთვის პირობებში ამჟამინდელ არსებულ ხელფასებთან მიმართებით, მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა ბოლო წლების განმავლობაში იქნება უპრეცედენტო – სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება. ეს გახლავთ ერთ წელიწადში ხელფასების საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით 35%-იანი მატება, რაც მასწავლებელთა კორპუსში მრავალი წელია არ განხორციელებულა.
ასევე, სრული სიცრუეა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ხელფასების გაზრდას ვგეგმავთ 2024 წლის სექტემბრიდან. ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სტატუსის ამაღლების შემთხვევაში, მასწავლებელს ახალი სასწავლო წლიდან, ანუ 2024 წლის სექტემბრიდან გაეზრდებოდა ხელფასი, მაგრამ ჩვენ, არ ვაპირებთ, დაველოდოთ 2024 წლის სექტემბერს და მიმდინარე სასწავლო წლის დასრულებისთანავე ვგეგმავთ ახალი სახელფასო ფორმულის ამოქმედებას“, – აცხადებს გიორგი ამილახვარი.