სპეცრაზმელები თავისუფლების მოედანზე არიან მობილიზებულები. „არ გვეშინია“ – ამბობენ დემონსტრანტები

დაახლოებით დილის ხუთი საათისათვის თავისუფლების მოედანსა და პუშკინის სკვერში მყოფი პოლიციელები სპეციალური ეკიპირებით აღიჭურვნენ. აქციის წამყვანები ამბობენ, რომ „ახლა არის ერთად დგომის დრო“.
თავისუფლების მოედანზე მობილიზებულია წყლის ჭავლის სამი მანქანაც.
უკვე მე-7 საათია, პარლამენტის წინ მიმდინარეობს მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაცია „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ.
„ახლა არის ერთად დგომის დრო. ერთად დგომის, რათა დავიცვათ ჩვენი კონსტიტუციური უფლება და დავიცვათ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ევროინტეგრაცია არის ქართველი ერის ურყევი ნება, რომელსაც წინ ვეღარაფერი ვეღარ აღუდგება“, – მიმართა პოლიციელების მობილიზების პარალელურად დემონსტრანტებს აქციის ერთ-ერთმა წამყვანმა, ტელეწამყვანმა მ.
„გაიგონ, რომ არ გვეშინია! ჩვენ აქ ვდგავართ და დაშლას არ ვაპირებთ“, – განაცხადა ბექა ყორშიამ.
კიდევ ერთმა გამომსვლელმა, ბაია პატარაიამ მოქალაქეებს მოუწოდა, შეუერთდნენ: „ახლა დროა, უკვე მეორე ცვლა გამოვიდეს გარეთ“.
მან აქციაზე მყოფებს მოუწოდა, აიღოთ მობილური ტელეფონები, დაურეკონ ახლობლებს და პარლამენტთან აქციაზე გამოიყვანონ „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ.
დილით აქციის მონაწილეები გეგმავენ, უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს შენობასთან დახვდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს 13 მაისს, 09:00 საათზე.
სწორედ, ამ დროს არის დანიშნული იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომლის დღის წესრიგში შეტანილია ერთადერთი საკითხი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მე-3 მოსმენით განხილვა.