„საქართველოში მომხმარებელს უკვე კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ხელნაკეთი პროდუქცია უფრო გამძლეა ვიდრე ქარხნული“ – „გროში“

„საქართველოში მომხმარებელს უკვე კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ხელნაკეთი პროდუქცია უფრო გამძლეა ვიდრე ქარხნული, შესაბამისად ფასზე პრეტენზია არ აქვთ“ – ამის შესახებ „კომერსანტს“ ქართული ნატურალური ტყავის ხელნაკეთი აქსესუარების მწარმოებელი კომპანიის თანადამფუძნებელმა გვანცა ფანცხვავამ უთხრა. მისი თქმით კომპანია „გროში“ რამდენიმე წელია რაც ბაზარზეა და მომხმარებელს მხოლოდ მაღალი ხარისხის ტყავით დამზადებულ პროდუქტს სთავაზობს, წარმოებაში ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე შეძენილ ტყავს იყენებს, თუმცა კონკრეტული პროდუქციისთვის იტალიურ და თურქულ ტყავსაც ყიდულობს.
„მე და ჩემმა მეუღლემ მუშაობა 2017 წლიდან დავიწყეთ, მაშინ მხოლოდ იდეის დონეზე იყო ეს ყველაფერი, მოგვწონდა ტყავის აქსესუარები, თუმცა საქართველოში დიდი არჩევანი არ იყო. საკუთარი ცოდნით და გამოცდილებით ნელ-ნელა დავიწყეთ, ჯერ ახლობლებს დავუმზადეთ აქსესუარები, როდესაც მოეწონათ სოციალურ ქსელი გავაკეთეთ და მალევე დაიწყო პირველივე გაყიდვა.
როდესაც მომხმარებლის მხრიდან კარგი გამოხმაურება დავიმსახურეთ ასორტიმენტი უფრო გავაფართოვეთ და დანადგარებიც შევიძინეთ. რაც შეეხება ნედლეულს ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ვყიდულობთ, მაგრამ გვაქვს თურქული და იტალიური ტყავის მოდელები, მაგალითად ქამრები კეთდება იტალიური ტყავით, რომ ფორმა არ დაკარგოს, საქართველოში ასეთი მაღალი ხარისხის ტყავი არ არის“ – აღნიშნა გვანცა ფანცხვავამ.
რაც შეეხება მომხმარებელთა მხრიდან დაინტერესებას, ფანცხვავა აღნიშნავს, რომ ამ პერიოდში განმავლობაში კომპანია „გროშმა“ როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ბაზარზე საკმაოდ დიდი რაოდენობის მომხმარებელი დააგროვა. კომპანია პროდუქციას როგორც ონლაინ, ასევე საკუთარი სახელოსნოდანაც ყიდის, გარდა ამისა „გროშის“ ჩანთები და აქსესუარები წარმოდგენილია ონლაინ საერთაშორისო პლატფორმა etsy.com-ზე, საიდანაც პროდუქციას უცხო ქვეყნის მოქალაქეები ყიდულობენ.
რაც შეეხება ბიზნესის ინვესტიციას, გვანცა ფანცხვავა აღნიშნავს, რომ როდესაც მან მეუღლესთან ერთად ბიზნესის დაწყება გადაწყვიტა ორივე დასაქმებული იყო და შესაბამისად საწყისი ინვესტიცია საკუთარი სახსრებით განახორციელეს, რაც გვანცა ფანცხვავას თქმით, საკმაოდ დაბალი თანხა იყო.
კომპანია ამ ეტაპზე 7 ადამიანს ასაქმებს, რაც შეეხება ფასებს, კომპანიის საიტის მიხედვით საშუალოდ 150 ლარიდან იწყება და 800 ლარამდეც ადის, ფასი დამოკიდებულია, დიზაინის სირთულეზე, ზომაზე და ა.შ.