საქართველოს ბანკი ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას ყოველწლიურად 5 თანამშრომელს სრულად დაუფინანსებს

სთვის, როგორც პასუხისმგებლიანი ფინანსური ინსტიტუტისთვის, პრიორიტეტულია თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და ფინანსური განათლების ხელშეწყობა. ამ მიზნით, ბანკი თანამშრომლობს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, რომელთაც ახლახან თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) შეემატა.
საქართველოს ბანკსა და თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად, მიმდინარე წლიდან ბანკი ყოველწლიურად 5 თანამშრომელს ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას სრულად დაუფინანსებს.
თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ფინანსების მიმართულებით გამორჩეული საგანმანათლებლო დაწესებულებაა. ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკის ყველა თანამშრომელს შესაძლებლობა ეძლევა, მონაწილეობა მიიღოს ISET-ისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ კონკურსში და სრულად დაიფინანსოს სწავლა ოფიციალური აკრედიტაციის მქონე საერთაშორისო დონის ორწლიან ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე ფინანსების მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ სასწავლო პროცესს უძღვებიან ქართველი და უცხოელი კვალიფიციური ლექტორები. პროგრამის კურსდამთავრებულები კი კორპორაციული ფინანსების, საინვესტიციო პორტფელის მართვის, რისკების მენეჯმენტის, ბიზნესის შეფასებისა, და ქცევითი ფინანსების მიმართულებით მიღებული ცოდნითა და უნარებით შეძლებენ, ინოვაციური მიდგომები დანერგონ არა მხოლოდ საქართველოს ბანკში, არამედ საბანკო-საფინანსო სექტორში.
„ფინანსური განათლების ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ თანამშრომლობა დავიწყეთ ISET-თან, რომლის ფარგლებშიც ბანკი ყოველწლიურად 5 თანამშრომელს შესაძლებლობას მისცემს, სრული დაფინანსებით გაიაროს ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამა, რომელიც საფინანსო სექტორში „ოქროს სტანდარტად“ აღიარებული CFA საერთაშორისო სასწავლო პროგრამის შესაბამისია. გვჯერა, მიღებული ცოდნითა და უნარ-ჩვევებით კურსდამთავრებულები შეძლებენ წამყვან პოზიციებზე მუშაობას და საქართველოს საფინანსო სექტორში ინოვაციების შემოტანას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის ტალანტების განვითარების დირექტორმა, ნუცა კაციტაძემ.
„მოხარულები ვართ დავიწყოთ თანამშრომლობა საქართველოს ბანკთან და ვაფასებთ, რომ საქართველოს ბანკი თავის პერსონალს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ისწავლონ ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც არის საქართველოში ერთადერთი CFA ინსტიტუტთან აფილირებული აკადემიური პროგრამა. ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება ივნისში მიიღო. ეს კი არის გარანტია, რომ ფინანსების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები მიიღებენ საერთაშორისო დონეზე აღიარებული ხარისხის განათლებას ფინანსებში, რომელიც კონკურენტუნარიანია მთელ მსოფლიოში” – განაცხადა თამარ სულუხიამ, ISET-ის დირექტორმა.
საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, მომავალშიც აქტიურად განაგრძობს თანამშრომლებისთვის საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას და ახალი შესაძლებლობების შექმნას.