საპატრიარქო: დეკანოზმა საეკლესიო სასჯელი არა დროშის დაწვისთვის, არამედ სასულიერო პირების შეურაცხყოფისთვის მიიღო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო აცხადებს, რომ დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა საეკლესიო სასჯელი, სინამდვილეში, სასულიერო პირების შეურაცხყოფის გამო მიიღო და არა ევროკავშირის დროშის დაწვისთვის. ამის შესახებ განცხადებას საპატრიარქო ავრცელებს და იქვე აქვეყნებს 26 დეკემბერს გამართული სინოდალური კომისიის სხდომის დასკვნას.
“ვრცელდება არასწორი ინფორმაცია დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის შესახებ, თითქოს მან საეკლესიო სასჯელი დროშის დაწვის გამო მიიღო. სინამდვილეში მის მიერ გავრცელებულ ერთერთ მიმართვაში იყო სასულიერო პირთა შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რაც არის კანონიკური დარღვევა”, – წერია განცხადებაში.
სინოდალური კომისიის დასკვნით, დეკანოზი ცქიფურიშვილი წარსულშიც არაერთგზის იყო გაფრთხილებული დისციპლინური და ეთიკური დარღვევებისთვის:
“კომისიამ განიხილა ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის მიერ, მასმედიის საშუალებით, ბოლო დროს, სასულიერო პირთა მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილს, სინოდალურ კომიისიაზე გამოცხადებამდე, დისციპლინური და ეთიკური დარღვევებისთვის, რისთვისაც არაერთგზის იქნა გაფრთხილებული წარსულშიც, შეუჩერდეს ყოველგვარი მღვდელმოქმედების უფლება”, – წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ დასკვნაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ სხდომას ესწრებოდნენ: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე , ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი.
ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, როგორ წვავენ მართლმადიდებელი მღვდლები ევროკავშირის დროშებს. მათ შორის მღვდელი სპირიდონ ცქიფურიშვილი. გავრცელებულ ვიდეოებში ისმის მუქარაც „ოცნების“ მისამართით, მინიშნებით – არჩევნებზე.
სასულიერო პირები მხარდაჭერას უცხადებენ ლაშა შარუხიას, რომელსაც ბრალი წარუდგინეს მცხეთის მერიის შენობიდან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის და დაწვის საქმეზე. შურუხიას მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“შესაძლებლობა რომ მქონდეს, „ოცნების“ ლიდერს ვკითხავდი – სურს კი, რომ მთელი მისი ქველმოქმედება რუსულ სპეცოპერაციას დაემსგავსოს, დაახლოებით ისეთს, როგორითაც რუსები უკრაინაში შეჭრისათვის ემზადებოდნენ?”