საოცარი თათული დოლიძე და მისი ცხოვრება: “კარგი დიასახლისი ვიყავი, საკუთარ თავზე ბევრს ვიღებდი; ჯობდა, ჩემს საქმეში დამეხარჯა ენერგია” – Marao

„ძალიან კარგი დიასახლისი ვიყავი, ყველაფერს თავად ვაკეთებდი. დღეს ვფიქრობ, რომ არ ვიქცეოდი სწორად. მქონდა პროფესია, რომელიც მიყვარდა და ჯობდა, ჩემს საქმეში დამეხარჯა ენერგია. ყოველთვის მქონდა საშუალება, ვინმე დამხმარებოდა, თუნდაც დედა ან ბებია, მაგრამ საკუთარ თავზე ბევრს ვიღებდი. ახლა მაქსიმალურად ვცდილობ, ეს საქმეები ავიშორო თავიდან.
ხელის ჩაქნევა კი არასდროს მიცდია და მაინც ასე თუ ისე ვათავსებ ერთმანეთთან ჩემს საქმეებს. სასურველია, ჩემს პროფესიაში უფრო მეტად ვიყო დატვირთული…“ – ამბობს ყველასთვის საყვარელი მსახიობი თათული დოლიძე ჟურნალ „სარკესთან’.
ჟანრი ლოლაშვილი და თათული დოლიძე ქართველი საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წყვილია. 10-წლიანი ასაკობრივი სხვაობისა და დაკავებული ცხოვრების მიუხედავად, წყვილი უკვე წლებია ახერხებს იმ გრძნობისა და ურთიერთობის შენარჩუნებას, რომელიც ერთმანეთის გაცნობის დროს გაუჩნდათ.
ჟანრი იხსენებს, როგორ გაიცნო თათული. ეს იყო სპექტაკლზე, თუმცა, მეუღლის თქმით, ამ დროს ჟანრისადმი გრძნობები არ გასჩენია, პირველ რიგში, ასაკისა და შემდგომში წარსული გამოცდილების გამო, რადგან ის წარსულში ქორწინებაში იმყოფებოდა.
მათ რუსთაველის თეატრში გაიცნეს ერთმანეთი, დაახლოვდნენ და დაქორწინება გადაწყვიტეს. ორივესათვის მეორე ქორწინება იყო. მას შემდეგ სამ ათეულ წელზე მეტი გავიდა და დღემდე ერთად არიან.
„მახსოვს რეპეტიციები, როგორ სუნთქვაშეკრული ვუყურებდი თათულის, მაგრამ როდესაც ჩაიცვა და სცენაზე გამოვიდა, იქ გავნადგურდი.“ – ასე იხსენებს მსახიობი თათულისთან პირველ შეხვედრას.
„შეიძლება ძალიან ბევრი გვიჩხუბია ცხოვრებაში, მაგრამ ცუდი სიტყვა არ გვითქვამს. შეიძლება დაშორდე კიდეც ადამიანს, მაგრამ ეს შეურაცხყოფა არ შეიძლება“ – ამბობს თათული მეუღლესთან თანაცხოვრების შესახებ საუბრისას.
მისივე თქმით, ჟანრი ლოლაშვილის ასაკი აშინებდა, რადგან იცოდა, რომ ამ ასაკში კაცებს სხვა ისტორიები აქვთ, მისთვის კი ეს რთული დასაძლევი აღმოჩნდებოდა.
ჟანრი ლოლაშვილი იხსენებს, რომ როდესაც კლინიკური სიკვდილი ჰქონდა, სწორედ თათულის ხედავდა და საკუთარ თავს უყვიროდა, მეუღლისათვის არ შეეხედა, რადგან გრძნობდა, რომ ასე თათულის რაიმეს დაუშავებდა. ასევე დასძენს, რომ მეუღლისგან ამხელა ყურადღება და მოვლა ცხოვრებაში არ დაავიწყდება, რადგან თათულიმ ამ პერიოდში საოცარი მზრუნველობა გამოიჩინა.
„თათულის ვხედავდი შორიდან და არ მინდოდა დამენახა, რადგან ვიცოდი, რომ არ ვიყავი ცოცხალი, ვამბობდი, რომ თათულის არ შევხედავდი, რადგან რაღაც დაემართებოდა“ – იხსენებს მსახიობი.
„თვითონ, თავისთავად, ადამიანი არის სიყვარული, ამის გარეშე არაფერი აღარ რჩება“ – ასეთია მათი სიყვარულის საიდუმლო, რომლის საშუალებითაც ერთმანეთი ასე ძალიან უყვართ. როგორც თავად ამბობენ, ეს არის სიცოცხლის იმპულსი და ერთად ყოფნის გენიალურობა.
ამასთან, აღმოჩნდა რომ ჟანრი ლოლაშვილი არასდროს ამბობს სიტყვებს „მე შენ მიყვარხარ“, მაგრამ მეუღლე ამ გრძნობას ერთი გამოხედვითაც კი მარტივად ამჩნევს.
„ორი მსახიობის თანაცხოვრებას პლუსებიც აქვს და მინუსებიც. ესეც პიროვნებებზეა დამოკიდებული. მე და ჟანრი ერთმანეთს ძალიან ვუწევთ ანგარიშს. ზოგს ჰგონია, რომ ერთმანეთის საქმეებში ვერევით, მაგრამ ასე არ არის. თუ ვთხოვ, რჩევა მომცეს, მაძლევს, მაგრამ ჩასაფრებული ნამდვილად არაა. ალბათ, არიან წყვილები, როცა ან ქმარი აქცევს გადამეტებულ ყურადღებას ცოლს და მის საქმიანობაში ერევა, ან პირიქით, ცოლი ერევა. ჩვენ კი ცალ–ცალკე მოთამაშეები ვართ. თუ ერთად ვთამაშობთ სპექტაკლში, მაშინაც კი არ ვეხებით ერთმანეთს.“ – ასე შეაფასა თათული დოლიძემ ქმართან ურთიერთობა.