“რუსული კანონი შავ ლაქად დააჩნდება სტარტაპ ეკოსისტემას” – Agronnect-ის თანადამფუძნებელი

საქართველოში სტარტაპების განვითარების ხელშეწყობისთვის მიღებული ზომების შესახებ BMGDrive-ს ეთერში Agronnect-ის თანადამფუძნებელი, ირაკლი ჩიქავა საუბრობს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ სტარტაპებისთვის გარკვეული საშეღავათო პირობების დაწესება და პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა კომპანიებს ინვესტორების მოზიდვაში ეხმარებათ, თუმცა აღნიშნული შეღავათები ხელისუფლების მიერ დაინიცირებულ “რუსულ კანონთან” თანხვედრაში არ მოდის.
“ინიციატივები, როგორიც არის, მაგალითად, სტარტაპების გადასახადებისგან გათავისუფლება, სახელმწიფოს მიერ დასახელებული სამი პრიორიტეტული მიმართულება – ეს ძალიან დიდი ბიძგია სტარტაპებისთვის. რიცხვებში, ეს, ერთი მხრივ, პირდაპირ ნიშნავს 20%-ის ეკონომიას. მეორე მხრივ კი, შეღავათები მიმზიდველია ინვესტორებისთვისაც. როდესაც საერთაშორისო ასპარეზზე გადის, მათ ყოველთვის უჩნდებათ კითხვა, რატომ არის სტარტაპი საქართველოში ბაზირებული – ახლა უკვე ძალიან კარგი ვალიდაცია და ახსნა გაჩნდა ამისთვის: იმიტომ რომ, გვაქვს ფინანსური უპირატესობები.
მაგრამ არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ დღეს შექმნილი ვითარება, რუსული კანონის ინიცირება, შეიძლება, ძალიან დიდ შავ ლაქად დააჩნდეს როგორც ქვეყანას, ისე სტარტაპ ეკოსისტემას – ეს ორი [რუსული კანონი და საგადასახადო შეღავათები] არათავსებადია ერთმანეთთან. მიუხედავად შეღავათებისა, სტარტაპი ყოველთვის ეცდება, რომ ქვეყნის გარეთ გავიდეს, თუ საქართველოში ბაზირება მას ხელს შეუშლის”, – განმარტავს Agronnect-ის თანადამფუძნებელი.
მისი თქმით, რუსული კანონის მიღება სტარტაპებისთვის საერთაშორისო ინვესტორების მოძიებას გაართულებს.
“მსგავსი პოლიტიკური შავი ლაქა სტარტაპებზე აუცილებლად აისახება. როდესაც ინვესტორი, პარტნიორი, გიყურებს, როგორც სტარტაპს, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ასოცირდებოდე ევროპასთან და განვითარებასთან და არა იმ უფსკრულთან, რომელზეც მთელი მსოფლიოა შეთანხმებული.
Agronnect-ი გლობალურ პროდუქტს აშენებს, ამიტომ ჩვენი შეხვედრების 90% უცხოელ ინვესტორებთან არის, ევროპასა და ამერიკაში. ბუნებრივია, შეხვედრაზე რისკებზე საუბარი არის, თუმცა როდესაც არ არის, მაშინაც ვგრძნობთ, რომ ინვესტორებს აქვთ კითხვა – რამდენად პოლიტიკურად სტაბილურია ის გარემო, რომელშიც შენ ხარ”, – ამბობს ირაკლი ჩიქავა.
სტარტაპის დამფუძნებელი განმარტავს, რომ ინვესტორები გეოპოლიტიკური რისკების პრევენციისთვის ქართულ კომპანიებს ევროპისა და ამერიკის მასშტაბით ბაზირებას ურჩევენ, ადგილობრივ სტარტაპებს კი ხელისუფლების მხრიდან ხელშეწყობა სჭირდებათ, რათა რაც შეიძლება მეტი “პოლიტიკური შავი ლაქა” მოიშორონ და გლობალური პროდუქტი საქართველოშივე შექმნან.

ასევე დაგაინტერესებთ

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გამჭვირვალობის კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით – მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი