რუსთავის სასამართლო საკრებულოს და მერიის დავაში ჩაერია

რუსთავის სასამართლოს მოსამართლე ნინო ონიანის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი საკრებულოს სამ კომისიას რუსთავის მერის მიერ შეტანილი რამდენიმე პროექტის განხილვის უფლებამოსილება შეეზღუდა. ოპოზიციური ფრაქცია “რუსთავი საქართველოსთვის” ამას თვითმმართველობის ინსტიტუტზე ზეწოლად აფასებს.
კერძოდ, 26 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით, სასამართლომ დააკმაყოფილა მერიის სარჩელი და საკრებულოს კომისიებს დაავალა მერიის პროექტების უკან დაუბრუნებლად, საკრებულოს ბიუროზე გატანა, ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე შემდგომი განხილვისთვის.
მერიის სარჩელის საფუძველი გახდა ის სადავო დეველოპერული და ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელებიც საკრებულოს კომისიებში რამდენჯერმე დაიწუნეს. ძირითადად, საუბარია რუსთავში მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით საკრებულოს თანხმობაზე.
რუსთავის მერმა მ, რომელიც სასამართლო სხდომას ესწრებოდა, სარჩელის დაკმაყოფილების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მერია კანონის ფარგლებს არ გასცილებია, როცა საკითხების გადაწყვეტას საკრებულოში ხმათა უმრავლესობით ითხოვდა.
„ჩვენ ვითხოვდით, რომ საკრებულოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, თუნდაც, უარყოფითი, არა კომისიურად, არამედ საკრებულოს ხმათა უმრავლესობით და მაღალი ლეგიტიმაციით მიეღოთ. ისინი, [გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” და ნაციონალური მოძრაობა] არღვევენ კანონს და ორი წელია ვერ ჩამოყალიბებულან, რა არის მათი მთავარი მოვალეობა საკრებულოში, როგორ უნდა იქცეოდეს დეპუტატი და რა საკითხებზე უნდა მსჯელობდეს.
სასამართლოში მომხდარი ფაქტი არის კარგი მაგალითი იმისა, რომ თითოეულ ქალაქში, თითოეულ სოფელში, სანამ ადამიანები არჩევანს გააკეთებენ, გახარიას პარტიას და ნაციონალურ მოძრაობას არ ჩაუგდონ გადაწყვეტილების მიღების ბერკეტი”, – დასძინა ლაცაბიძემ.
საკრებულოს ადვოკატმა ჯონი ტორჩინავამ სასამართლო სხდომის შემდეგ თქვა, რომ მერიამ “ფეხქვეშ გათელა” სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის და ურთიერთკონტროლის დემოკრატიული პროცესი.
“არაიურისტისთვისაც ცხადია, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის დამოუკიდებელი ინსტიტუტის, საკრებულოს უფლებებში პირდაპირი ინტერვენცია. სასამართლომ მიიღო უპრეცენდენტო, არასამართლიანი და უკანონო გადაწყვეტილება, რაც პირდაპირი ჩარევაა საკრებულოს კომპეტენციაში. ეს პრეცენდენტი საფრთხეს უქმნის სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას”, – თქვა ადვოკატმა.
რუსთავის საკრებულო 35-წევრიანია.16-16 ხმას ნაციონალური მოძრაობა და „ქართული“ ოცნება ფლობს, სამს პარტია „საქართველოსთვის“, კომისიებში კი, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ 4-4 წევრით არის წარმოდგენლი, თუმცა ექვსივე კომისიაში თავმჯდომარედ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან.
დღესვე, ფრაქციამ „რუსთავი საქართველოსთვის“ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც რუსთავის მერი ქალაქის საზიანოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ბიზნეჯგუფების ლობირებაში დაადანაშაულეს.
„ყველა ის დეველოპერული პროექტი, რის გამოც მერი საკრებულოს უჩივის, მათ შორის -კალაძის დაჯგუფების კომპანიის – „არქის“ პროექტები, „ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიღწეული ფარული გარიგებითა და მათი მხარდაჭერით, ჩვენი წინააღმდეგობის მიუხედავად, უკვე მიიღო”, – თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ, ნოდარ შეროზიამ, რომელიც პარტია “საქართველოსთვის” წევრია.
შეროზიამ ბრიფინგზე გააკრიტიკა საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლობაც. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციური ფრაქცია „ფარულად გაურიგდა“ „ქართულ ოცნებას“, როცა მხარი დაუჭირა რამდენიმე დეველოპერულ პროექტს, რომელიც ურბანულ გარემოს ამახინჯებდა.