როსტომ ჩხეიძე: ხალხს არ ეშლება: თუ რატომ უნდა უყვარდეს თავისი მწერალი, თავისი ხელოვანი

“ცხოვრების წესი: არჩევანის წინაშე
(დღეთა რიგის სამრეკლოდან)

ხალხს რატომ უყვარს თავისი მწერალი, თავისი ხელოვანი და:

იმ იმედით, რომ:

ამ ხალხის გულისათვის აიტანს დევნას ხელისუფლებისაგან.

თუ საჭირო გახდება:

ციხესა თუ გადასახლებასაც არ მოერიდება.

და თუ აუცილებლობა შეიქნება:

თავსაც გასწირავს.

წარბშეუხრელად ავა ეშაფოტზე.

ღიმილით დასდებს თავს გილიოტინაზე.

გულმშვიდად შეუშვერს შუბლსა თუ გულს ტყვიას.

ანუ აღასრულებს თავის ზნეობრივ მოვალეობას ქვეყნისა და ღვთის წინაშე.

ხალხს არ ეშლება დაფასება:

თუნდ ერთი ელვარე სტრიქონისაც, თუნდ ერთი ღრმააზროვანი ფრაზისაც, თუნდ ყალმისა თუ ფუნჯისა თუ საჭრეთლის ერთი მოხდენილი მონასმისაც, თუნდ ერთი არტისტული გავლისაც, თუნდ ერთი შთამბეჭდავი მიზანსცენისაც, თუნდ ერთი ლამაზი და მგზნებარე ამომღერებისაც…

მითუმეტეს:

თუკი მწერალი, ხელოვანი ამ ყოველივეს უხვად სთავაზობს.

დაფასებით დაგიფასებს, მაგრამ… სიყვარულს კი ნუ ელი.

სიყვარულის მოპოვებას სხვა მორალური ძალა, სხვა ზნეობრივი იმპერატივი ესაჭიროება და გარდუვალია დგომა გილიოტინის ქვეშ – ალესილი ნაჯახი ან დაეშვება და ან არა, მაგრამ დგომა იქ გევალება.

თუ არა:

ოსტატური ნამუშევარი არ დაგეკარგება, მაგრამ მეტს ნუ მოითხოვ, ხალხის სიყვარულის იმედი ნუ გექნება.

ამიტომ ნურც თავს მოიტყუებ და ნურც სხვის გამართლებას შეეცდები, თავის საქმეს ხომ აკეთებს და კარგადაც აკეთებსო.

ცხოვრების ამგვარ წესს თავისი სახელი ჰქვია და კეთილგონიერებად ნურავინ გაასაღებს.

ხალხს არ ეშლება:

თუ რატომ უნდა უყვარდეს თავისი მწერალი, თავისი ხელოვანი,” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი, დეპუტატი როსტომ ჩხეიძე.