როგორ შემცირდა სტუდენტების კვოტები ISET-ში

თსუ-ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) აქვეყნებს ინფორმაციას, დაანონსებული რეფორმით როგორ მცირდება სტუდენტების კვოტები უშუალოდ მათთან მიმართებაში.
ISET აცხადებს, რომ:
ეკონომიკის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამას მისაღები სტუდენტების კვოტა შეუმცირდა 40%-ით (165-დან 100-მდე), მიუხედავად იმისა, რომ ISET:
· ერთადერთი საერთაშორისო აკრედიტაციის (FIBAA) მქონე ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამაა ქვეყანაში;
· ერთადერთია (ეკონომიკაში), რომელსაც ორმაგი დიპლომის პროგრამა აქვს ევროპულ უნივერსიტეტთან;
· 6 წელია ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტების №1 არჩევანია ეკონომიკაში;
· სტუდენტების 98%-ს სახელმწიფო გრანტი აქვს მოპოვებული;
· სტუდენტების 54%, ანუ ყოველი მეორე, სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია;
· აქვს კურსდამთავრებულების 99%-იანი დასაქმების მაჩვენებელი და ბაზრის მხრიდან ძალიან მაღალი მოთხოვნა.
ეკონომიკის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას მისაღები სტუდენტების კვოტა შეუმცირდა 50%-ით (30-დან 15-მდე), მიუხედავად იმისა, რომ:
· ერთადერთი საერთაშორისო აკრედიტაციის (FIBAA) მქონე ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამაა;
· ერთადერთია, რომელსაც ორმაგი დიპლომის პროგრამა აქვს ევროპულ უნივერსიტეტთან;
· 70-მდე კურსდამთავრებული სრული დაფინანსებით მიიღეს სადოქტორო პროგრამებზე, ამერიკისა და ევროპის წამყვანმა უნივერსიტეტებმა;
· აქვს კურსდამთავრებულების 98%-იანი დასაქმების მაჩვენებელი და ბაზრის მხრიდან ძალიან მაღალი მოთხოვნა.
ფინანსების ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას მისაღები სტუდენტების კვოტა შეუმცირდა 58%-ით (35-დან 15-მდე), მიუხედავად იმისა, რომ:
· ერთადერთი პროგრამაა ქვეყანაში, რომელიც აფილირებულია CFA ინსტიტუტთან, რაც ამ სფეროს ოქროს სტანდარტია;
· პროგრამა 3 წლის წინ შეიქმნა, სწორედ ბაზრის მხრიდან ძალიან მაღალი მოთხოვნის საფუძველზე.
12 თებერვალს „ქართული ოცნების“ მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტა დაამტკიცა.
კვოტებთან დაკავშირებით განცხადება „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ გააკეთა.
მისი თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტებზე მისაღები კვოტები განაწილდება „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის“ საფუძველზე, უნივერსიტეტების „ტრადიციული პროფილის“ გათვალისწინებით.
ამ თემაზე:
· ცნობილია, რომელ უნივერსიტეტს რა ფაკულტეტი დაუტოვეს
· რომელი უნივერსიტეტი რამდენ სტუდენტს (არ) დაკარგავს „ოცნების“ რეფორმით