როგორ მიიღო Nvidia-მ 2024 წელს $131 მილიარდის შემოსავალი? (forbs ge)

ჩიპების მწარმოებელი ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Nvidia მოცემული დროისთვის მსოფლიოს მესამე ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 2.87 ტრილიონ დოლარს შეადგეს და ამ მაჩვენებლით Apple-სა ($3.27 ტრილიონი) და Microsoft-ს ($2.9 ტრილიონი) ჩამორჩება.
ხელოვნური ინტელექტის ბუმისა და ჩიპებზე მაღალი მოთხოვნის გავლენით, ბოლო ფისკალურ წელს, Nvidia-ს შემოსავალი 114%-ით გაიზარდა და რეკორდულ 130.5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანია კონკრეტულ მომხმარებლებზე ინფორმაციას არ ამჟღავნებს, ცნობილია, რომ მისი პროდუქციის სამ ძირითად მყიდველზე Nvidia-ს წლიური შემოსავლის მესამედზე მეტი მოდის – სავარაუდოდ, მათ შორის არიან ტექნიკური გიგანტები, როგორიცაა Meta, Alphabet-ი ან Tesla.
Nvidia-ს შემოსავლების დაყოფა ბიზნესსეგმენტის მიხედვით
Nvidia-ს შემოსავლების უმეტესობა მის გამოთვლით და ქსელურ განყოფილებაზე მოდის, რომელიც AI-პროცესორებსა და მონაცემთა ცენტრებში გამოყენებულ არქიტექტურას მოიცავს. მისი წყალობით გასულ ფისკალურ წელს ტექნოლოგიურმა კომპანიამ $116.2 მილიარდის შემოსავალი მიიღო. ეს ძირითადად AI-მოდელებისთვის საჭირო ჩიპებზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა.
Meta-სა და ილონ მასკის xAI-ის განცხადებით, ისინი თავისი AI-მოდელების მუშაობის სისწრაფის გასაუმჯობესებლად სწორედ Nvidia-ს ჩიპების სუპერკლასტერებს იყენებენ. ეს კლასტერები კი, რომლებიც 100,000-მდე AI-ჩიპს აერთიანებს, მაღალსიჩქარიანი ქსელის კაბელებით არის დაკავშირებული. მოსალოდნელია, რომ მომავალ წელს მსხვილმა ტექნიკურმა კომპანიებმა 300,000 ჩიპისგან შემდგარი კლასტერები მოითხოვონ.
მზარდია მოთხოვნა Nvidia-ს Blackwell-ჩიპებზეც, რომელიც გასული წლის მარტში გამოვიდა. ამ დროისთვის Nvidia-ს ყველაზე მოწინავე ჩიპად აღიარებული Blackwell-ის ღირებულება $30,000-ს შეადგენს, რაც 100,000 ჩიპისგან შემდგარი კლასტერისთვის $3 მილიარდს უტოლდება.
რაც შეეხება ბაზრებს, შემოსავლებში ამერიკის შეერთებული შტატების წილი 47%-ს შეადგენს და $61.3 მილიარდს უტოლდება. Nvidia-სთვის მეორე ყველაზე მსხვილი ბაზარი სინგაპურია, 18%-იანი წილითა და $23.7 მილიარდით. მესამე და მეოთხე ადგილს კი ტაივანი და ჩინეთი (ჰონგ-კონგის ჩათვლით) იკავებს, შესაბამისად, 16%-იანი წილითა და $20.6-მილიარდიანი შემოსავლით და 13%-იანი წილითა და $17.1-მილიარდიანი შემოსავლით. დანარჩენ ქვეყნებზე Nvidia-ს შემოსავლების 6% მოდის, რაც $7.9 მილიარდს უტოლდება.
წყარო: forbs.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის ადმინისტრაციის აუდიტის სამსახურის ფუნქციები გაფართოვდება და არა მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციის, არამედ მთლიანად მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის ზედამხედველობის ფუნქციაც მიენიჭება – ირაკლი კობახიძე