როგორ “ვთარგმნოთ” კვარაცხელიას თამაში – რითი იამაყებდა სპალეტი და რატომ არ უნდა აგვიცრუვდეს გული “ნაპოლიზე”…

“ნაპოლიმ” საკუთარ მოედანზე მორიგი ქულები დაკარგა (“ფროზინონესთან” 2:2). გუნდმა ითამაშა ისე, როგორც ამ სეზონში მათი გამოსვლის ილუსტრაციად შეგვიძლია მივიჩნიოთ – არასტაბილურობა, რგოლებს შორის მკვეთრი დისბალანსი და გასულ წელს ასე ნაქები სინქრონულობის დაკარგვა…
ქართველ გულშემატკივრებს “ნაპოლიზე” გული ცოტათი აცრუებული აქვთ და ამის მიზეზი ისაა, რომ ახლო მომავალში ამ გუნდში ვერ წარმოუდგენიათ. ყველაფერი ასე მარტივად არაა და ტრანსფერზე გავლენას არაერთი ფაქტორი ახდენს. ასე რომ, “კვარასა” და მის გუნდს ძველებურად უნდა დავაკვირდეთ, ორი წელია ხომ მათზე თითოეული დეტალი გვაინტერესებს.
კვარაცხელიას მშვენივრად
მოწოდებულ კუთხურებზე დაგვიწერია, მაგრამ ის საბოლოოდ მაინც სპეციალიზდა ე.წ. გადმოვარდნილ ბურთებზე ხიფათის შემქმნელად. ხვიჩა ამ დროს კარიდან საკმაოდ შორსაა და მის მიმართ მოწინააღმდეგეთა ყურადღება მოკლებულია, ამასობაში კი ბურთის დამუშავებასა და კარის მიმართულებით გაშვებას სწრაფად და ოსტატურად ახორციელებს. ტრიბუნაზე მყოფი ლუჩანო სპალეტი ალბათ ძალიან ამაყი იყო იმით, რომ პირველად ამის გაკეთება ხვიჩამ სწორედ მის დროს დაიწყო. ეგაა, თითქოს ჯიუტად, სხვა ვარიანტებს არც კი განიხილავდა…
“ფროზინონესთან” კვარაცხელიას თამაში ასე შეიძლება “ვთარგმნოთ” – შეტევაში ყველაფერს გავაკეთებ, თამაშის მოსაგებად გვეყოფა თუ არა, ეგ არ ვიციო. შესაძლოა, მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთნაირი ინტენსივობით არა, მაგრამ ქართველი გარემარბი დაცვაშიც აქტიურობდა და ერთ ეპიზოდში ისეთი ართმევა შემოგვთავაზა, ბევრი მცველი რომ ინატრებდა. ნეაპოლელები ახლა ცოტა უკეთ იყენებდნენ ხვიჩაზე გაძლიერებულ ყურადღებას. ზოგჯერ იქნებ გვაღიზიანებს, რომ ჩვენებურს თანაგუნდელები “არ იმჩნევენ”, ამ ფიქრისთვის ობიექტური მიზეზებიც გვაქვს კიდეც, მაგრამ მატეო პოლიტანომ მეტოქეების საპირისპირო ფლანგზე “გადართვა” კვლავ მშენივრად გამოიყენა.
77-ე ნომერს ევროტურნირებზე მომავალ წელსაც თამაში ძალიან სურს და მის კარიერას სჭირდება. ამისთვის მან როგორც სტატისტიკურად, ასევე სხვა ასპექტებით ყველაფერი სცადა, მაგრამ მაინც ისე ჩანს, მოქმედმა ჩემპიონმა ეს სეზონი “ვერ გადაარჩინა”. კვარაცხელიას კვლავ საუკეთესო შეფასებები ჰქონდა. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ დისკვალიფიკაციების შემდეგ მსაჯებთან ურთიერთობაში გამოსწორებულია, გუნდურადაც იზრდება და კარგად ჩანს, საკუთარ თავზე როგორ მუშაობს…
სეზონის ბოლომდე და ევროპის ჩემპიონატზე გადართვამდე 6 მატჩია, მათ შორის ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე კი “რომაა”. 10 გოლი, 6 შედეგიანი პასი – “კვარას” მონაპოვარი მშვენიერია!..

ასევე დაგაინტერესებთ