რიგის მიმართულებით წარმატებით შესრულდა ორი სუბსიდირებული ჩარტერი, რომელზეც ბილეთები სრულად გაიყიდა – ლევან მოსეშვილი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან Eurobasket 2025-ზე ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ ქომაგებით სავსე ორი სუბსიდირებული ჩარტერული რეისი შესრულდა. ისტორიულ მატჩზე დასასწრებად გულშემატკივრების რეგისტრაციის პროცესის მონიტორინგს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ლევან მოსეშვილი თანამშრომლებთან ერთად უწევდა.
,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ უზრუნველყო, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ქომაგები პირდაპირი ავიარეისით გაემგზავრონ რიგის მიმართულებით და დაესწრონ ისტორიულ მატჩს. წარმატებით შესრულდა ორი სუბსიდირებული ჩარტერი, რომელზეც ბილეთები სრულად გაიყიდა.
წარმატებას ვუსურვებ ჩვენი კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს. იმედს ვიტოვებთ, რომ წარმატებით განვაგრძობთ ევრობასკეტზე ასპარეზობას,-‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
სუბსიდირებული ფრენები სავსე ბორტებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით, ავიაკომპანია Air Baltic-მა გამთენიისას შეასრულა.
ლატვიის დედაქალაქში სუბსიდირებული რეისით გაფრენის შესაძლებლობა ჰქონდათ მხოლოდ იმ მგზავრებს, რომლებმაც გაფრენამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევრობასკეტ 2025-ის მატჩზე დასასწრები ბილეთის წარდგენა შეძლეს.
ფრენები სრულად მორგებული იყო საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრების ისტორიულ მეოთხედფინალურ მატჩს, რომელიც დღეს, ფინეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, საქართველოს დროით 18:00 საათზე გაიმართება.
ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს