“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილსა და კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს, მურთაზ ზოდელავას ბრალი უკვე წარუდგინეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომა, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. პროკურატურა ხაბეიშვილის პატიმრობას, ხოლო ზოდელავასთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
ორივე მათგანი დააკავეს 11 სექტემბერს.
სახელმწიფო ბრალდება ხაბეიშვილს ედავება სისხლის სამართლის ორი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას:
· 339-ე მუხლი (ქრთამის მიცემა) – მოხელისთვის ან მასთან გათანაბრებული პირისთვის, პირდაპირ, ან არაპირდაპირ, მისი ან სხვა პირის სასარგებლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის, ან სხვა რამე არამართლზომიერი სარგებლის დაპირება, შეთავაზება, ან მინიჭება, რათა მან თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელების და მოვალეობის შესრულებისას, ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განხორციელოს რაიმე ქმედება, ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორცილებეისგან, ან გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, აგრეთვე განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა.
ხაბეიშვილს ბრალი წარდგენილი აქვს ამ მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ქრთამის შეთვაზებას უკანონო ქმედების ჩადენის სანაცვლოდ. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის აგვისტოსა და სექტემბერში, პოლიტიკური პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში – სატელევიზიო ეთერებსა და სოციალურ ქსელებში სისტემატიურად ავრცელებდა მოწოდებებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ჰპირდებოდა 200 000 აშშ დოლარის ქრთამის სახით გადაცემას იმ შემთხვევაში, თუ ისინი უარს იტყოდნენ წვრთნასა და ვარჯიშზე, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე და საჭიროების შემთხვევაში არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს.
