რატომ უჩნდებათ მოზარდებს კრიმინალურ სუბკულტურებთან დაახლოების სურვილი – კვლევა

რატომ უჩნდებათ მოზარდებს კრიმინალურ სუბკულტურებთან დაახლოების სურვილი? – ამ საკითხს სწავლობს წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) კვლევა, რომლის შედეგებიც დღეს გამოქვეყნდა.
კვლევაში, რომელიც საზოგადოებაზე კრიმინალური მენტალიტეტის გავლენას ეხება, განხილულია ის ფაქტორები, რაც მოზარდებს კრიმინალური სუბკულტურებისადმი ინტერესს უჩენს.
კვლევის მიხედვით, კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაახლოების სურვილი მოზარდებში მაშინ იწყება, როდესაც სუსტდება ან საერთოდ წყდება თანამშრომლობაზე დაფუძნებული კომუნიკაცია ოჯახში. თავის მხრივ, ბავშვებსა და მშობლებს შორის ჯანსაღი კომუნიკაციის შემცირება შეიძლება გამოიწვიოს შემდეგმა მიზეზებმა:
· ოჯახების არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა, როდესაც მშობლების ენერგია, ძირითადად, შვილების პირველადი საჭიროებით უზრუნველყოფას ხმარდება;
· ავტორიტარული აღზრდის სტილი – ბავშვებს, რომლებიც აგრესიის ობიექტები ხდებიან, მიღებული აგრესია სხვებზე გადააქვთ;
· მშობლებისგან მიღებული ნეგატიური როლური მოდელი, რომლის წყაროცაა ოჯახში მშობლებს შორის არსებული კონფლიქტი და მშობლების დამოკიდებულება ალკოჰოლსა თუ ნარკოტიკულ ნივთიერებებზე;
· მიბაძვა, რომელიც გამოწვეულია ოჯახის რომელიმე წევრის კრიმინალური სუბკულტურის წევრობით და ციხეში ყოფნით.
ოჯახისა და მშობლებთან კომუნიკაციის გარდა, კვლევაში საუბარია იმ ფაქტორებზეც, რომლებიც წაახალისებენ მოზარდებს, დაახლოვდნენ კრიმინალურ სუბკულტურებთან. მაგალითად, კრიმინალური დაჯგუფებების შესახებ არსებული პოზიტიური სტერეოტიპული განწყობები; თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სოციალური ქსელების ხშირი გამოყენება; დროის ნაყოფიერად გასატარებლად შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა; COVID-19-ის პანდემიის გავლენა; ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების სისტემატური მოხმარება, კანონის უზენაესობის და ინსტიტუტების მიმართ არასაკმარისი ნდობა და ა.შ.
კვლევის მიხედვით, კრიმინალურ სუბკულტურებთან დაახლოება შესაძლოა გამოიწვიოს მოზარდებში ძალაუფლების ქონის, ან პირიქით, ძალაუფლების მქონე თანატოლებისგან თავის დაცვის სურვილმა.
“გარდატეხის ასაკში იზრდება საზოგადოებაში თავის დამკვიდრებისა და ლიდერობის სურვილი, ხოლო კრიმინალური აქტივობა მოზარდებს უჩენს ძალაუფლების მოპოვების შესაძლებლობას. ამ გზაზე ყველაზე გავრცელებული ფორმაა ე.წ. “ყოჩის” ინსტიტუტის არსებობა სკოლებში ან საცხოვრებელ უბნებში, რაც გულისხმობს სხვა ბავშვებთან შედარებით დაწინაურებულ მდგომარეობაში ყოფნას და მოქმედებს როგორც ქცევითი პატერნი. ამასთან, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების მოპოვების სურვილიც – ზოგიერთი ბავშვი მიიჩნევს, რომ კრიმინალურ ჯგუფებთან სიახლოვით ნაკლებად დაიჩაგრება”, – ვკითხულობთ კვლევაში.
ამგვარი დამოკიდებულება სკოლებში შეიძლება გამოვლინდეს ბულინგის (მათ შორის, კიბერბულინგის, გარიყვის, სიტყვიერი შეურაცხყოფის), ფიზიკური ძალადობის, ფულის გამოძალვის, და ქურდობის ფორმით. სკოლაში ე.წ. “ბულერები” გამოირჩევიან აქტიურობით, არიან აგრესიულები, უჭირთ ემოციების მართვა და აქვთ დაბალი აკადემიური მოსწრება.
“კრიმინალური სუბკულტურის წევრობის მიმზიდველობას მოზარდებში განაპირობებს ის, რომ აღნიშნული ჯგუფი გავლენას ახდენს საზოგადოებაში მიმდინარე (მათ შორის, პოლიტიკურ) მოვლენებზე. ასევე, ისიც, რომ კრიმინალური სუბკულტურის წევრები კონკრეტულ ადამიანებს ეხმარებიან სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ. მეტიც: კრიმინალური სამყაროს წევრები ასოცირებულნი არიან უსამართლობასთან ბრძოლასა და თავისუფლებასთან. ამგვარად, მოზარდებში ჩნდება განცდა, რომ კრიმინალური სუბკულტურის წევრები არ მუშაობენ, მხოლოდ სამართლიანი “მოსამართლის” როლს ასრულებენ და ასე იქმნიან სოციალურ და ეკონომიკურ კაპიტალს”, – ვკითხულობთ კვლევაში.
დანაშაულის ჩადენის რისკი მაღალია ქუჩაში მცხოვრებ, ან მომუშავე ბავშვებში. ასევე, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე მოზარდებსა და ბავშვებში, რომლებიც სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ არიან. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, პრობლემაა ის, რომ საცხოვრებლისა და ე.წ. მიმღები ოჯახების ხშირი ცვლილების გამო, ბავშვები უფროსებისგან საკმარის მხარდაჭერას ვერ იღებენ და დანაკლისის ანაზღაურებას კრიმინალურ ჯგუფებში გაერთიანებით ცდილობენ.
რეკომენდაციები
მოზარდებში კრიმინალური მენტალიტეტის პრევენციისთვის საჭიროა კომპლექსური მიდგომა და სხვადასხვა ინსტიტუციის კოორდინირებული მუშაობა – “ოჯახს, სკოლას, თემსა და მომსახურების მიმწოდებლებს შორის თანამშრომლობა წარმოადგენს გასაღებს ბავშვებისთვის პოზიტიური გარემოს შესაქმნელად”.
მოზარდებში ქცევითი პრობლემების იდენტიფიცირება და მათი შეძლებისდაგვარად გადაჭრა საჭიროა ადრეულ ეტაპზევე. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვთ ოჯახის ექიმებს, საბავშვო ბაღებს, სკოლებს და ადგილობრივ თვითმმართველობებს.
განსაკუთრებით ხაზგასასმელია პოზიტიური მშობლობის წახალისება. ეს გულისხმობს სიყვარულზე, დახმარებაზე და კომუნიკაციაზე ორიენტირებული საოჯახო გარემოს შექმნას. კვლევის ავტორები ოჯახებს მოუწოდებენ:
· ავტორიტარული აღზრდის სისტემა ოჯახებში ჩანაცვლდეს თანამშრომლობაზე და ურთიერთპატივისცემაზე ორიენტირებული აღზრდის მოდელით;
· მშობლებს დარჩეს მეტი დრო მოზარდებთან კომუნიკაციისთვის;
· ოჯახებმა ბავშვებს ჩამოუყალიბოს ცნობიერება, რომ ცხოვრებისეულ სიკეთეებს ძალისხმევა და დამსახურება სჭირდება და არა კრიმინალური გზებით იოლად მოპოვება.
საჭიროა სკოლებში შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა – ბავშვებისთვის სამართლებრივი სისტემის, ეთიკური ღირებულებების და ემპათიის სწავლება; ხელმისაწვდომობის გაზრდა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე; ბავშვების ჩართვა სპორტულ და სათემო ღონისძიებებში;
კვლევის მინაწილე ექსპერტები ამბობენ, რომ ოჯახის წევრები, მასწავლებლები, მეგობრები, თემის ლიდერები და სხვა პირები, რომლებსაც მოზარდებთან აქვთ აქტიური კომუნიკაცია, შესაძლოა გახდნენ მათი როლური მოდელები.
მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის იმის სწავლება, როგორ გაუმკლავდნენ თანატოლებისგან წამოსულ ზეწოლას – “საჭიროა ბავშვებთან/მოზარდებთან ღია კომუნიკაცია მეგობრობის შესახებ ადეკვატური წარმოდგენების შესაქმნელად და იმის გასააზრებლად, რომ მეგობრობა შენდება ჯანსაღი თვითშეფასებისა და თანატოლებს შორის ურთიერთგაგების და არა დაქვემდებარება/მორჩილების გრძნობაზე”.
დოკუმენტი მოამზადა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSI), იაგო კაჭკაჭიშვილის ხელმძღვანელობით. კვლევა კომპლექსურია და მოიცავს როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევის მეთოდების კომბინირებულ გამოყენებას.
რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში საქართველოს 11 რეგიონში (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) ჩატარდა პირისპირი ინტერვიუები. მონაწილეობა მიიღო 15 წელზე მეტი ასაკის 1908 რესპონდენტმა. მიღებული მონაცემები რეპრეზენტატულია საქართველოს მასშტაბით – ცდომილება 2.2%-ის ფარგლებშია.
თვისებრივი კვლევის ფარგლებში, 2023 წლის ივნისიდან ნოემბრის შუალედში, ჩატარდა 11 ფოკუს-ჯგუფი. ამ შემთხვევაში, კვლევის მონაწილეები იყვნენ სკოლის პედაგოგები, მანდატურები და ფსიქოლოგები, პრობაციის ეროვნული სააგენტოს სოციალური მუშაკები, არასამთავრობო სექტორის ექსპერტები, რომლებიც მუშაობენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში. კვლევის ფარგლებში ექსპერტული ინტერვიუები აიღეს ბავშვთა განვითარების 2 ფსიქოლოგთან და 4 მოსამართლესთან. პრეზენტაციისას ავტორებმა აღნიშნეს, რომ მათი მცდელობის მიუხედავად, კვლევაში მონაწილეობა არ მიიღეს -სა და პროკურატურის წარმომადგენლებმა.

ასევე დაგაინტერესებთ