რამდენი მილიონი მგზავრი გადაიყვანა საქართველოს რკინიგზამ 2023 წელს

2023 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 42%-ით გაიზარდა და მან 2,283,300-ს მიაღწია. ეს ბოლო 3 წლის განმავლობაში მგზავრთნაკადის პიკური მაჩვენებელია, თუმცა ის მაინც ჩამოუვარდება 2019 წელს არსებულ მგზავრთნაკადს, რაც 3 მილიონ მგზავრს შეადგენდა.
საქართველოს რკინიგზას ამ დროისთვის გამოქვეყნებული აქვს მხოლოდ 9 თვის ფინანსური ანგარიში, რომლის თანახმადაც სამგზავრო გადაყვანებიდან კომპანიამ 33 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც აღნიშნულ პერიოდში 1,741,000 მგზავრის მომსახურებიდან მიღებულ შემოსავალს ასახავდა. აღნიშნული თანხა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13 მილიონით მეტი იყო. იმის გათვალისწინებით, რომ რკინიგზის შემოსავალი ერთი მგზავრიდან საშუალოდ 18.9 ლარს შეადგენდა, მთლიანად 2023 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზის შემოსავალი სამგზავრო გადაყვანებიდან დაახლოებით 43 მილიონი ლარი იქნებოდა.
როგორც ცნობილია, რკინიგზის მხრიდან სამგზავრო გადაყვანები სუბსიდირებად სექტორს წარმოადგენს და შესაბამისად, კომპანიის მიერ ბილეთების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი სრულ ხარჯებს არ ფარავს და კომპანიას წლიურად სამგზავრო მატარებლების ოპერირებისთვის დამატებით 50 მილიონი ლარის დახარჯვა უწევს, რასაც სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავლით აფინანსებს.
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, 2023 წლის განმავლობაში გადაყვანილი მგზავრთნაკადის 98% ადგილობრივი იყო, 2% კი საერთაშორისო გადაყვანას წარმოადგენდა, რაც სომხეთთან საქართველოს პირდაპირ სამატარებლო მიმოსვლას უკავშირდებოდა.
“2023 წელს ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 2 242.6 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 98.2 პროცენტს შეადგენს და 44.1 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 40.7 ათასი მგზავრი, რაც 15.8 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 67.5 პროცენტი შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 32.5 პროცენტი,”- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

ასევე დაგაინტერესებთ