პროფესორ-მასწავლებლების მარში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ

„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ პროფესორ-მასწავლებლები მარშს მართავენ. ისინი ვაკის პარკთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ მიემართებიან.
„აგენტების კანონს“ აპროტესტებენ უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, მკვლევრები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.
“ვუერთდებით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ საწინააღმდეგო სამართლიან და დემოკრატიულ სამოქალაქო პროტესტს, რომლის ჩახშობა საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ სცადა.
გარდა პირდაპირი ძალადობისა, საუნივერსიტეტო საზოგადოების – სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების სამართლიანი პროტესტის ჩასახშობად და გასაჩუმებლად, ხელისუფლება ცდილობს შელახოს საქართველოს უნივერსიტეტების ავტონომია, გამოხატვისა და აკადემიური თავისუფლება და შესაბამისად, უგულებელყოს კონსტიტუციის 27-ე მუხლით განსაზღვრული გარანტიები“.
პროფესორ-მასწავლებლები ამბობენ, რომ კანონის ამოქმედება საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეს აყენებს მძიმე რეპუტაციულ ზიანს, აუქმებს აკადემიურ თავისუფლებას და აბრკოლებს საერთაშორისო თანამშრომლობას.
„ვთვლით, რომ აკადემიური საზოგადოების გაერთიანება საუნივერსიტეტო და სამეცნიერო საქმიანობის მთავარი პრინციპების დასაცავად და, შესაბამისად, ქვეყნის თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – აცხადებენ პროფესორ-მასწავლებლები.
ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ საქართველოში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების, დასავლეთის არაერთი დაჟინებული მოწოდების, უარი თქვას „რუსული სტილის“ კანონზე და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო.
საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მომავალ კვირაში გეგმავს. კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში საპასუხო ზომების მიღებას აპირებს ევროკავშირიც.