პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორგანიზებული ჯგუფის 6 წევრს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორგანიზებული ჯგუფის 6 წევრს ბრალდება წარუდგინა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები ნდობაში შედიოდნენ საქართველოში და საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებთან, ატყუებდნენ, რომ თითქოსდა იყვნენ იტალიაში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომერციული ბანკის თანამშრომლები და არწმუნებდნენ, რომ შესაბამისი თანხის მათთვის გადაცემის შემთხვევაში, დაზარალებულები მაღალ საპროცენტო სარგებელს მიიღებდნენ.
გამოძიების ამ ეტაპისთვის დადგენილია, რომ აღნიშნული ხერხით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით დაუფლნენ 40-ზე მეტი მოქალაქის კუთვნილ, ჯამში – 620 584 ლარს.
ორგანიზებული ჯგუფის 6 წევრს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით) წარედგინათ. სამართალდამცველებმა 5 პირი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა, ხოლო 1 პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. მათთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 7- დან 10 – წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება გრძელდება დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენის და მხილების მიზნით.

ასევე დაგაინტერესებთ