ალექსანდრე ზაზარაშვილი ოთხი წლის შემდეგ ამერიკიდან საქართველოში დაბრუნდა. ამ პერიოდის განმავლობაში მიღებული ემოციები და გამოცდილება კი ჟურნალ “თბილისელებს” გაუზიარა.
,,ოთხი წელი არ ვიყავი საქართველოში ნამყოფი. ბოლო წუთამდე არ მეგონა, რომ მართლა მოვდიოდი. აღარ მჯეროდა ამის. ძალიან დიდი ხანია, ჩამოსვლა მინდა, მაგრამ ვერა და ვერ გამოვიდა.
თვითმფრინავში ჯდომისას რომ ვფიქრობდი, მალე ჩემი ოჯახის წევრებს ვნახავდი, ღამე კი ჩემს ლოგინში დავიძინებდი, გული ისე მიჩქარდებოდა, სუნთქვა მიჭირდა. ამიტომ ამაზე ფიქრსაც კი ვარიდებდი თავს. თურქეთის გავლით ჩამოვედი და გადაჯდომის შემდეგ, როდესაც უკვე თურქეთიდან საქართველოსკენ მომავალ თვითმფრინავში ვიჯექი და თბილისამდე ნახევარი საათი იყო დარჩენილი, ფანჯარაში მთები დავინახე. ისეთი ლამაზი იყო ფილმის კადრი გეგონებოდა. მაშინ ვიგრძენი, რომ უკვე საქართველოში ვიყავი. მხოლოდ მაშინ დავიჯერე, რომ ეს მართლა ხდებოდა.
ესკალატორზე რომ ჩამოვდიოდი, კარი გაიღო და ჩემი დის და მისი მეგობრის სახე დავინახე. მათაც დამინახეს და საოცარი ემოციები ჰქონდათ. ამის შემდეგ კარი დაიკეტა და ბარგის აღებას 15 წუთი დასჭირდა. იმხელა მოლოდინი იყო, მეგონა, 15 საათი გავიდა. ერთი სული მქონდა, გამოვსულიყავი და ყველას ჩავხუტებოდი.
დედა ძალიან ემოციური ადამიანია. მისთვისაც და მთელი ჩემი ოჯახისთვის დიდი შოკი იყო ჩემი ცვლილება. აქედან სულ სხვანაირი ალექსანდრე გაუშვეს და უცებ ძალიან გაზრდილი და შეცვლილი ჩამოვედი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ოთხი წელი სულ ვსაუბრობდით და ერთმანეთს ვხედავდით, ამდენი წლის შემდეგ რეალურად პირველად მნახეს ასეთი შეცვლილი და დედაჩემიც და მთელი ჩემი ოჯახი ტიროდა. დედა ხელს მიჭერდა, ნუთუ, მართლა ალექსანდრეაო. ძალიან ემოციური იყო ჩვენი შეხვედრა”, – ამბობს ალექსანდრე ზაზარაშვილი.
ალექსანდრე უკვე წლებია თავისი მიღწევებით მთელ ქვეყანას აოცებს. არაერთი კონკურსის გამარჯვებულია, მათ შორის უკრაინული “ვოისი”- ს.
· სიმღერა 4 წლის ასაკში დაიწყო. თავდაპირველად ხალხურ სიმღერებს მღეროდა. მოგვიანებით დედამ გორში ვოკალის პედაგოგთან ნანა სამხარაძესთან მიიყვანა, მას ხშირად გაჰყავდა ალექსანდრე საქართველოში კონკურსებზე, საიდანაც ყოველთვის გრან პრით და პირველი ადგილით ბრუნდებოდა.
„აშშ-ში ალბათ ყველაზე რთულ პერიოდში ჩამოვედი, 2020 წლის 5 მარტს, რამდენიმე დღეში კოვიდი დაიწყო და ლოკდაუნი გამოცხადდა. სრულიად სხვა ხედვით ჩამოვედი და უცბათ ეს ყველაფერი შეიცვალა და ბევრად რთული აღმოჩნდა, მაგრამ არც ერთი წამით არ მიფიქრია დაბრუნებაზე.
დღემდე, სანამ არ მივაღწევ ჩემი წარმატების რაღაც ეტაპს, საქართველოში დაბრუნება არც კი წარმომიდგენია. ჩემი მიზნებისა და ოცნებების ასახდენად ჩამოვედი და არც კი ვფიქრობ საქართველოში დაბრუნებაზე, რომ ჩავიდე და ვიცხოვრო.
ემიგრანტობის დროს დედასთან ურთიერთობა ძალიან ძნელია, ყველაზე მნიშვნელოვანი წლები, როცა ადამიანი იზრდება, ამის გამოტოვება მოუწია და მისთვის ეს ყველაფერი ძალიან სანერვიულო და ძალიან სევდიანია.
დღემდე მიჭირს დედასთან საუბარი. ხანდახან, როცა დედასთან, ოჯახის წევრებთან საუბარი ბევრი მომივა, ჩემს თავს ვახსენებ, რომ ცოტა უნდა დავყრუვდე, თორემ მერე უფრო მენატრება და უფრო მეტად მინდება ხოლმე წასვლა.
ბევრჯერ მიტირია მონატრებისგან, გამითიშავს ტელეფონი, დამიწყია ტირილი და ვეღარ გავჩერებულვარ“, – ჰყვება ალექსანდრე.