ნინო ლომჯარია: მივმართავ ირაკლი დგებუაძეს, თუ უნდა კაცად დარჩეს მიუხედავად მომხდარისა, მოუხადოს ბოდიში ქალს, რომელსაც მან დაკავების დროს შეურაცხყოფა მიაყენა

“მე კიდევ მივმართავ ირაკლი დგებუაძეს, თუ უნდა კაცად დარჩეს მიუხედავად მომხდარისა, მოუხადოს ბოდიში ქალს, რომელსაც მან დაკავების დროს შეურაცხყოფა მიაყენა. მზია ამაღლობელი შიმშილობს არა პატიმრობის გამო (მზია თავის სამართალს ადრე თუ გვიან მაინც ნახავს), არამედ იმის გამო, რომ მას, როგორც ქალს დაკავების დროს შეურაცხყოფა მიაყენეს, ღირსება შეულახეს და დაამცირეს (ყველა გარემოებაზე მისი კოლეგები და ადვოკატები მზიას სურვილით არ საუბრობენ).
რაც შეეხება მზიას ოჯახის წევრებს და მეგობრებს, მათ ყველაზე მეტად უნდათ, რომ მზიამ იცოცხლოს და ყველაზე მეტად ცდილობენ გადააფიქრებინონ შიმშილობა და მათზე პასუხისმგებლობის ტვირთის დაკისრება რეალური დამნაშავეების ბრალის გაუფასურებაა”  –  წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში და ზურაბ ჩხაიძის განცხადებას ეხმაურება.
შეგახსენებთ, კლინიკა “ვივამედის” კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ „ბათმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, დაკავებული ჟურნალისტის მზია ამაღლობელის მონახულების შემდეგ “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა:
“შემიძლია გითხრათ, რომ მისი ზოგადი მდგომარეობისთვის დამახასიათებელია ყველა ის სიმპტომი, რაც ახასიათებს ამ პერიოდის განმავლობაში შიმშილობას. მინდა მივმართო მის კოლეგებს, თანამოაზრეებს, ოჯახის წევრებს, ადვოკატებს, რომ დაარწმუნონ მზია, რომ სრულად შეასრულოს ჩვენი რეკომენდაცია. ეს პირველ რიგში ეხება საკვების მიღებას, რათა თავიდან იყოს აცილებული ლეტალური გამოსავალი. ჩვენი სურვილია, სრულად დაექვემდებაროს ჩვენს რეკომენდაციებს. ეს მოგვცემს საშუალებას, აცილებული იყოს ლეტალური გამოსავალი”
“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 37 დღეა შიმშილობს.