ნათია მეზვრიშვილი: …ამიტომ, გააუქმეთ!

“ახლა კი ვრცლად ვენეციის კომისიის დასკვნაზე: კომისიის ათეულობით დასკვნა მინახავს საქართველოზე. როგორც წესი, კომისია დაბალანსებულია, ლავირების სივრცეს უტოვებს სახელმწიფოს. ეს არის ის პირველი შემთხვევა, როცა კომისია ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ამბობს, რომ კანონი არ ვარგა არც ტექსტით, არც მიზნით, არც საკანონმდებლო პროცესით. ამ უკანასკნელ ნაწილში ისეთ დეტალურ დონეზე აქვს გასაზიზღრებული, რომ მისი დამწერი იურისტების ადგილზე უბრალოდ შემრცხვებოდა. რა წერია:
– მიზანი გამჭვირვალობა არ არის, ორგანიზაციების და მედიის სტიგმატიზება, გაჩუმება და საბოლოოდ გაუქმებაა;
– გამჭვირვალობა უზრუნველყოფილია მოქმედი კანონებით. თუ მეტი გინდათ, მოქმედში შეიტანეთ ცვლილებები;
– ეს კანონი მსგავსია რუსეთში და მის საფუძველზე ყირგიზეთში, უნგრეთში და ბოსნიაში მიღებული კანონების (ანუ საზოგადოება მართალი ვართ);
– ამ კანონს საერთო არაფერი აქვს ამერიკულ FARA-სთან, ისრაელში და ავსტრალიაში მიღებულ კანონებთან (ანუ ხელისუფლება ტყუის);
– სიტყვა „აგენტს“ გამოიყენებთ თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარი ისაა, რომ რა სიტყვებსაც იყენებთ, აგენტის მნიშვნელობისაა;
– დარღვეულია გამოხატვის თავისუფლება, გაერთიანების თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა;
– მიღებულია ყოველგვარი დისკუსიის და კონსულტაციის გარეშე – ნაჩქარევად;
– არ აკმაყოფილებს ლეგალურობის, განჭვრეტადობის, პროპორციულობის, დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებს;
– გაურკვეველია განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გამოთხოვის მიზანი.
– და ა.შ. (დაგინდეთ).
ამიტომ, გააუქმეთ!” – წერს ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.