კრემლის ოპონენტის, რუსეთის კოლონიაში გარდაცვლილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ქვრივმა ევროპის პარლამენტის წინაშე გამოსვლისას თავისი ქმრის სიკვდილში კვლავ დაადანაშაულა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
სტრასბურგში გამოსვლისას იულია ნავალნაიამ თქვა, რომ პუტინის დამარცხება სანქციებით შეუძლებელია.
ნავალნის 1 მარტს მოსკოვის ბორისოვის სასაფლაოზე დაასაფლავებენ, განაცხადა პოლიტიკოსის პრესმდივანმა კირა იარმიშმა. დედამ, ლუდმილა ნავალნაიამ, უარყო თავისი ვაჟის მალულად დასაფლავება და რუსეთის ხელისუფლება გამოძალვაში დაადანაშაულა.
ნავალნის ქვრივმა, რომელიც სტუმრად იყო მიწვეული ევროპის პარლამენტში, სტრასბურგში, დეპუტატებს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, არა პოლიტიკოსი, არამედ „მონსტრია.“ პუტინის დამარცხება, მისი თქმით, რეზოლუციებით, სანქციებით და მოლაპარაკებით არ მოხდება, არამედ მხოლოდ „ახალი მეთოდებით იქნება შესაძლებელი. იულია ნავალნაიას თქმით, მისმა ქმარმა, მაგალითად, სოციალური მედია გამოიყენა, რათა რუსეთის პრეზიდენტის პოლიტიკა და ქმედება გამოემზეურებინა.
ალექსეი ნავალნის სიკვდილის მიზეზი დაუდგენელია. ის 16 თებერვალს გარდაიცვალა სასჯელაღსრულების კოლონიაში. პოლიტიკოსი 47 წლის იყო.
ნავალნის გარდაცვალების შესახებ დასკვნაში ნათქვამია, რომ პოლიტიკოსი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. პოლიტიკოსის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ის მოკლეს.
ალექსეი ნავალნის ქვრივმა იულიამ განაცხადა, რომ თავისი ქმრის საქმეს გააგრძელებს.