მიხეილ ლომთაძის გზა ჰარვარდის ბიზნეს სკოლიდან Kaspi.kz-მდე

ჰარვარდის ბიზნეს სკოლა HBS, რომელიც მდებარეობს ბოსტონში (), არის ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს სკოლა მსოფლიოში. იგი დაარსდა 1908 წელს და არის ჰარვარდის უნივერსიტეტის ერთ-ერთი განყოფილება.
HBS ცნობილია თავისი MBA პროგრამებით, სადოქტორო პროგრამებით და კვლევითი საქმიანობით ბიზნესსა და მენეჯმენტში.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლა მუდამ პირველ ადგილზეა თითქმის ყველა იმ კვლევაში, სადაც ბიზნეს სკოლების რეიტინგი ქვეყნდება.
სკოლა განთქმულია სწავლების მეთოდით, რომლის დროსაც სტუდენტები აანალიზებენ რეალურ ბიზნეს შემთხვევებს, რაც ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების, ანალიტიკური უნარებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარებას.
ბევრი HBS კურსდამთავრებული იკავებს მაღალ პოზიციებს გლობალურ კორპორაციებში, ბანკებში, საკონსულტაციო ფირმებში და სხვა ორგანიზაციებში. ასევე ქმნიან საკუთარ წარმატებულ კომპანიებს. სწორედ, ერთ-ერთი ასეთი გახლავთ ტექნოლოგიური მეწარმე, ინვესტორი, Kaspi.kz-ის თანადამფუძნებელი, აქციონერი და Kaspi.kz-ის გამგეობის თავმჯდომარე – მიხეილ ლომთაძე.
„ჰარვარდში წასვლა გადავწყვიტე, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ცოდნის მიღება მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს უნივერსიტეტში და მესწავლა საუკეთესო სტუდენტებთან ერთად, მთელი მსოფლიოდან.
ეს მიზნად საქართველოში, ინსტიტუტში, სწავლის მესამე კურსზე დავისახე. ამაზე ბევრი მეგობარი ხუმრობდა და ჩემს მიზანს სერიოზულად არ აღიქვამდნენ.
ჰარვარდში სწავლა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. რთული იყო სწავლა, განსაკუთრებით პირველ კურსზე. დღეში მხოლოდ რამდენიმე საათი გძინავს. მაგრამ სწორედ ჰარვარდში ჩამოვაყალიბე მიზანი, რომ მსურდა შემექმნა კომპანია, რომლითაც ყველა იამაყებდა,“ – ამბობს ბიზნესმენი ყაზახურ Forbes-თან ინტერვიუში.
ლომთაძე აღნიშნავს, რომ მთელი თავისი ცოდნა Kaspi.kz-ის შექმნასა და განვითარებაში გამოიყენა – პირველ რიგში სტრატეგიაში, გუნდის მშენებლობასა და ინოვაციებში.
ბიზნესმენი თვლის, რომ ჰარვარდში სწავლის ღირებულება არ წარმოადგენს დიდი დაბრკოლებას.
„დღევანდელ რეალობაში, გრანტის (დაფინანსება) მიღება რთული არაა. ასევე, შეგიძლიათ მარტივად მიიღოთ სტუდენტური სესხი, რომლის გადახდაც ჰარვარდის კურსდამთავრებულისთვის რთული არ იქნება. მთავარია ეს ნაბიჯი გადადგათ. ყველაფერი შენზეა დამოკიდებული“.
ლომთაძის თქმით, განათლებაში ჩადებული ნებისმიერი ინვესტიცია ყველაზე ღირებულია და ყოველთვის ამართლებს.
„ჩემს მშობლებს არ ჰქონდათ საკმარისი ფული ჩემთვის და ჩემი დის ტანსაცმლისა და საკვებისთვის, მაგრამ ყოველთვის ჰქონდათ ფული მათემატიკისა და ინგლისურის დამატებითი გაკვეთილებისთვის. მადლობა ჩემს მშობლებს, რომ მასწავლეს ცოდნის დაფასება,“ – ამბობს ლომთაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გამჭვირვალობის კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით – მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი