მთავრობა ბიზნესთან საკომუნიკაციოდ პლატფორმებს შექმნის

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირა მზაობა ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობაზე. მისივე თქმით, გამოწვევების დასაძლევად მუშაობა აქტიური იქნება.
ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ ბიზნესთან საკომუნიკაციოდ ფორმალური ფორმატები შეიქმნება.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც საუბარია იმაზე, როგორ უნდა ითანამშრომლონ ხელისუფლებამ და ბიზნესმა, როგორ უნდა განვითარდეს ბიზნესი, როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ბიზნესის ინტერესების დაცვა იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ განვითარებას. მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე დღეს ჩვენი ღიაობა, მზაობა იმასთან დაკავშირებით რომ გვექნება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ყველა საკითხზე. რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან სერიოზული მიღწევები, წარმატებები, მაგრამ არის გამოწვევებიც. ბიზნესთან თანამშრომლობა მუდმივ რეჟიმში გვექნება. ამისთვის იარსებებს მათ შორის ფორმალური ფორმატები, რომლებიც ბიზნეს ასოციაციასთან ერთად შეიქმნება“,- განაცხადა კობახიძემ.