მდინარაძე პრეზიდენტის ვეტოზე: დაადასტურა, რომ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის დეპუტატი ფიქრობს, რომ „აგენტების კანონის“ შესახებ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები და პრეზიდენტის ვეტოც ამას ნიშნავს.
„დიდი მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა, რომ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები“, – წერს მამუკა მდინარაძე „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე.
ამ პოსტში საუბარი არ არის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით.
დღეს, 18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო „აგენტების კანონს“. მისი თქმით, ეს არის „რუსული კანონი“ და ეწინააღმდეგება როგორც ქვეყნის კონსტიტუციას, ისე ევროპულ სტანდარტს.
რა ჩაწერა პრეზიდენტმა კანონპროექტის მოტივირებულ შენიშვნებში, რაც ვეტოს პროცედურით არის გათვალისწინებული, უცნობია. დოკუმენტი მედიისთვის ხელმისაწვდომი ამ ეტაპზე [18 მაისის 19:00 საათისთვის] არ არის.
„აგენტების კანონი“, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, პარლამენტს უბრუნდება განსახილველად. ვეტოს დაძლევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა საკმარისია, საპარლამენტო უმრავლესობას კი მეტი – 83 ხმა აქვს.
„აგენტების კანონის” წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე ხალხმრავალი საპროტესტო აქციების და პარტნიორი სახელმწიფოების მკაცრი კრიტიკის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა რუსული სტილის ამ კანონზე, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ 14 მარტს 84 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო „კანონპროექტი უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
პარლამენტში სამივე მოსმენით მიღებული „კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.
ფორუმი