მგონი, არავის ჰქონდა გააზრებული, რა გავლენას მოახდენდა “რუსული კანონი” ეკონომიკაზე – ზურაბ ლალაზაშვილი

BDO-ს მმართველი პარტნიორი, ზურაბ ლალაზაშვილი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილებების მიმღები პირების მიერ წინასწარ არ ყოფილა გააზრებული, რა ნეგატიური გავლენა ექნებოდა „რუსულ კანონს“ ქვეყნის ეკონომიკაზე.
მისი თქმით, არაერთი პროექტი თუ გარიგება გაჩერებულია და ბიზნესი მოლოდინის რეჟიმშია. როგორც ლალაზაშვილმა BMGTV-ის გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა, რისკების რეალიზების შემთხვევაში, ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა ყველას შეეხება.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში, ბიზნეს აქტივობა გარკვეულწილად გაჩერებულია. ბიზნესი ელოდება რა მოხდება. ეს ბუნებრივია, როდესაც გაურკვევლობაა ქვეყანაში.
წარმოვიდგინოთ, რომ ამოქმედდა ეს კანონი, დასანქცირდნენ პირები, შეზღუდვაა უცხოურ დაფინანსებაზე NGO სექტორში, ამ ყველაფრის შედეგად ძალიან დიდი შოკები მოხდება ეკონომიკაზე. ამ ფაქტორების გამო, საბოლოო ჯამში ქვეყნის რისკი თუ გაიზრდება, ეს ნიშნავს, რომ ქართულ ეკონომიკას გაუძვირდება ფული. იმიტომ, რომ ბანკებს გაუძვირდებათ უცხოეთიდან მოზიდვა, გაუძვირდებათ ადგილობრივ ბიზნესებს. შესაბამისად, გაძვირება პროექტების განხორციელება. მე საერთოდ მგონია, რომ ეს არავის ჰქონდა არც გააზრებული, არც დაანგარიშებული. ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას აუცილებლად უნდა უძღოდეს რეგულაციის გავლენის შეფასება. მაგალითად, რა გავლენას მოახდენდა ეს ეკონომიკაზე, ამ თუ იმ სექტორზე, ლარზე და ა.შ. ეკონომიკაზე ეს გავლენები ყველაზე აისახება და განსაკუთრებით, მოწყვლად ჯგუფებზე”,- აღნიშნა ზურაბ ლალაზაშვილმა.
მისივე შეფასებით, კანონის გაუქმების შემთხვევაშიც კი, იმ წერტილზე დაბრუნება, სადაც კანონის ხელახლა ინიცირებამდე ვიყავით, სწრაფად ვერ მოხდება.
„ის უარყოფითი მესიჯები, რაც შეიძლება გავრცელებულიყო, დასავლელი ფინანსური ინსტიტუტები თუ ინვესტორების იქნება, დიდი ხანი დაილექება. პოლიტიკურად განმუხტვა უნდა ამას, ესაა არჩევნები. ახალი კონფიგურაცია როგორ დალაგდება, როგორ მოხდება მთავრობის ფორმირება, რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ამაზე იქნება დამოკიდებული. მანამდე არ მოველი სწრაფ პოზიტიურად შემოტრიალებას“,- თქვა BDO-ს მმართველმა პარტნიორმა.