„მაღალი საოპერაციო ხარჯებია, რის გამოც სურსათს ედება შესაბამისი ფასი“

2023 წლის დასაწყისში სურსათის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით განხილვა დაიწყო. კერძოდ, სურსათის ფასების დაბალანსების მიზნით ეკონომიკის სამინისტროს სამართლიანი ვაჭრობის შესახებ ევროდირექტივის შესაბამისად კანონპროექტის მომზადება დაევალა, სამუშაო ჯგუფიც შეიქმნა, თუმცა გასული წლის ზაფხულში პროცესი შეჩერდა.
8 თებერვალს კი, ახალმა პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტი, რომელიც გერმანიაში ღირს 2 ევრო, საქართველოში 19 ლარად იყიდება. მანვე დააანონსა, რომ უნდა გამოიკვლიონ, რით არის აღნიშნული სხვაობა გამოწვეული.
„ბიზნესპრენიუსი“ სექტორში არსებულ გამოწვევებსა და სურსათის არსებულ ფასთან დაკავშირებით რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეს, სოფო ქაშაკაშვილს ესაუბრა. როგორც ჩვენი რესპონდენტი განმარტავს, ფასის სხვაობა გამოწვეულია დიდი საოპერაციო ხარჯებით, საოპერაციო ხარჯების გამო კი სურსათზე შესაბამისი ფასი დგინდება.
„ნათელია, რომ მაღალი საოპერაციო ხარჯებია, რის გამოც სურსათს ედება შესაბამისი ფასი. საოპერაციო ხარჯებში დიდი წილი მოდის ხელფასებზე, კომუნალურ გადასახადებზე, სხვა ხარჯებზე და სწორედ ეს სხვა ხარჯები, რომელიც 2.5%-ს შეადგენს, უჭირავს ახალი რეგულაციების დანერგვას. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს სექტორს უწევს „ჰასპის“ და სხვა ძალიან ბევრი სტანდარტის დაცვა, ეს ევალება არაორგანიზებულ ბაზარსაც, მაგრამ ისე აქტიურად მათ არ ამოწმებენ. ჩვენ მაგალითად, შრომის ინსპექცია ყოველ კვირას გვამოწმებს სხვადასხვა საკითხზე. ცოტა უსამართლო მიდგომაა ეს ორგანიზებული ბაზრის მიმართ. არაორგანიზებული ბაზარი კომფორტშია, თან უდიდესი ნაწილი მაინც მათ უჭირავთ. კარგი იქნება, თუ ამასაც მიაქცევენ ყურადღებას. ამ დროს კვლევებით ნათელია, რომ ჩვენს ბაზარზე უფრო მრავალფეროვანი არჩევანია და ფასები თითქმის ერთი და იგივეა, მაგალითად, რძის პროდუქტებზე ორგანიზებულ ბაზარში უფრო დაბალია ფასები, ვიდრე არაორგანიზებულში“, – ამბობს სოფიო ქაშაკაშვილი.
გარდა ამისა, ქაშაკაშვილმა ისაუბრა რეგულაციებთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, მუდმივად ინერგება ახალი რეგულაციები, რაც იწვევს ხარჯების ზრდას. მანვე აღნიშნა, რომ 2023 წლის ზაფხულში სურსათის ფასის რეგულაციებთან დაკავშირებით პროცესი შეჩერდა და მას შემდეგ არანაირი სიახლე არ ყოფილა.
„ზაფხულში გაკეთდა სახელმწიფოს მხრიდან ოფიციალური განცხადება, რომ პროცესი შეჩერებულია დროებით. იმის მერე ამ თემაზე აღარ ყოფილა საუბარი. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ და არაერთი კვლევაც დაიდო, რომ ჩვენს სექტორს აქვს ძალიან მაღალი საოპერაციო ხარჯები. პლუს მუდმივად ახალი რეგულაციები შემოდის, რისი დანერგვაც უწევს სექტორს და ეს, რა თქმა უნდა, დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. ნათელია, რომ მაღალი საოპერაციო ხარჯებია, რის გამოც სურსათს ედება შესაბამისი ფასი.
კარგი იქნება სამომავლოდ როცა რაიმე რეგულაციას მიიღებენ, მოკვლევა გააკეთონ წინასწარ, რა ხარჯებთან იქნება დაკავშირებული ეს ბიზნესისთვის და გაითვალისწინონ ჩვენი პოზიცია. იმიტომ, რომ პოსტფაქტუმ ხდება მერე ყველაფრის განხილვა“, – აცხადებს სოფიო ქაშაკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ