შპს „ქართული ორნამენტი“ ქალის ყელსახვევებსა და თავსაბურავებს ქმნის, რომლებიც ბაზარზე „მანდილის“ სახელით გვხვდება. კომპანიის განცხადებით, მათი მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ეროვნული ორნამენტების გაცოცხლებას და ეროვნული თემატიკის პოპულარიზაციას.
კომპანია 2019 წლიდან ფუნქციონირებს და ამჟამად 10 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
ირაკლი გვასალიას თქმით, საზოგადოების მხრიდან ინტერესი საკმაოდ დიდია და ამ ეტაპზე მხოლოდ შიდა ბაზრის ათვისება იგეგმება.
„ამ ეტაპზე, ჩვენი პროდუქცია საქართველოს მასშტაბით იყიდება. გვაქვს შეკვეთები სხვადასხვა რეგიონიდან, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, ინტერესს უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც გამოხატავენ. ამ ეტაპზე მხოლოდ შიდა ბაზრის ათვისებით ვართ დაკავებული და ექსპორტზე გასვლას ჯერჯერობით არ ვგეგმავთ“.
როგორც თანადამფუძნებელმა აღნიშნა, პროდუქციის დასამზადებლად საჭირო მასალები თურქეთიდან და დუბაიდან შემოაქვს.
„ნედლეული, რაც ქართულ ბაზარზე მოიპოვება, არის იმპორტირებული, შესაბამისად ამის იმპორტს ჩვენ თვითონ ვახორციელებთ. მასალები შემოგვაქვს თურქეთიდან და დუბაიდან“.
მისი თქმით, თვე-ნახევარში ახალი კოლექციის დამატება, უახლოეს მომავალში კი სავაჭრო მოლებში შესვლა იგეგმება.
„დაახლოებით თვე-ნახევარში ახალი კოლექციის დამატებას ვგეგმავთ. მიმდინარეობს კონსულტაციები რამდენიმე სავაჭრო მოლთან, სადაც უახლოეს პერიოდში (დაახლოებით ერთ თვეში) მოვახერხებთ პროდუქციის ქსელურად განთავსებას“.