ლელოს განცხადებით, ამნისტიის შესახებ ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ.
პარტიაში ამბობენ, რომ ფართო ამნისტიის აქტებს საზოგადოებრივი ინტერესები და ფართო კონსენსუსი უნდა განაპირობებდეს, თუმცა ოცნების პირობებში “გაუგონარი და ქვეყნისთვის მტრული შეწყალების აქტები” გვახსოვს.
“როდესაც სახელმწიფომ შეიწყალა ოკუპანტი ქვეყნის აგენტები, ჩვენი მტერი სახელმწიფოს ინტერესების მატარებლები და პუტინის იდეების გამტარებლები, ამიტომ არის ლელოსთვის ოცნების მმართველობით მიღებული ყველა ამნისტია რთული პროცესი”, – წერია განცხადებაში.
პარტია იმ სამ მიზეზზე საუბრობს, რომელთა გამოც, მათი განმარტებით, შეთავაზებული კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებენ.
“ამნისტია ეხება ყველა სახის სამოხელეო დანაშაულს, რაც ეწინააღმდეგება ჩვენ რწმენას, როდესაც ვამბობთ, რომ კორუფციასა და სამოხელეო დანაშაულზე ყველას მოეთხოვება პასუხი. ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს ქართველი ხალხის ფულის მოპარვას.
დღეს ნარკოდამოკიდებულება ქვეყნის უდიდესი ტრაგედიაა და რეალიზატორების მიმართ ამნისტიის აქტი არასწორია. ლელო ემხრობა ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას მომხმარებლებთან მიმართებით, თუმცა, ის ფაქტი, რომ პროექტით ნარკოტიკების ტრაფიკის და დამზადების მუხლებზეც ვრცელდება ამნისტია, ჩვენი ამომრჩევლისთვის მიუღებელია.
ამნისტია შეეხება უვადო პატიმრებს და გარეთ შეიძლება გამოვიდნენ მძიმე დამნაშავეები, მკვლელები, ტერორისტები და ა.შ. ეს ვერ იქნება უსაფრთხო ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის.
სწორედ ხალხისა და ქვეყნის ინტერესების დაცვა არის ლელოს მიზანი და ეს ამნისტია ამ მიზანს აცდენილია. ამასთან, ლელო იბრძოლებს ნარკოდანაშაულების წინააღმდეგ! მომხმარებლები საჭიროებენ დახმარებას და სახელმწიფომ ეს უნდა გააკეთოს, მაგრამ ვინც სიკვდილს ყიდის, ვინც კორუფციას სჩადის,მათ მიმართ ჰუმანიზმი კი არა მკაცრი პოლიტიკაა საჭირო!” – წერს ლელო.
ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი შეიტანა. გირჩის ინფორმაციით, პროექტის თანაავტორები არიან, ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპელი სოციალისტები, ალეკო ელისაშვილი, ხატია დეკანოიძე, ტარიელ ნაკაიძე.
კანონპროექტის თანახმად:
· მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე სასჯელი უნდა შემცირდეს 1/4-ით
· ნაკლებად მძიმე დანაშაულზე – განახევრდეს
· ნარკოტიკულ და სამოხელეოზე – განახევრდეს
· უვადო პატიმრობა გადაკვალიფიცირდეს 30 წლით
განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ დღეს საქართველო ევროპაში პატიმრების რაოდენობით “მოწინავეა”, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსი უფრო “რეპრესიულია, ვიდრე საბჭოთა კანონმდებლობა”.
“წინა მთავრობის დროს გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპი, ქართული ოცნების პირობებში შენარჩუნდა და გაფართოვდა. სასამართლო, როგორც მმართველი ძალის მიერ რიგითი ადამიანების კონტროლის და დასჯის სისტემა, დღემდე პოლიტიკურად მართვად ინსტრუმენტად რჩება და სამწუხაროდ ვერ მოხდა მისი სანდო ინსტიტუციად ქცევა”, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
ამჟამად ოპოზიციაში კანონპროექტის მხარდაჭერისთვის კონსულტაციები მიმდინარეობს. გირჩის ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ აღნიშნული ამნისტია ყველა მუხლს და ყველა პატიმარს შეეხება, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს.
“მიხეილ სააკაშვილიც ერთ-ერთი პატიმარია. ის არ არის გამონაკლისი ამ თვალსაზრისით, ეს ამნისტია შეეხება უფრო მძიმე დანაშაულში ბრალდებულ ადამიანებსაც, ვიდრე მიხეილ სააკაშვილია. ამ ამნისტია არ ვაკეთებ მიხეილ სააკაშვილის გამო, მე ყოველ შემთხვევაში. ამ ამნისტიას ვაკეთებ იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ციხე დატოვოს ფაქტობრივად ნახევარმა ადამიანმა, ვინც ციხეში ზის”, – ამბობს პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი.
პოლიტიკურ ჯგუფ საქართველოსთვის წევრს, ალექსანდრე მოწერელიას დაუშვებლად მიაჩნია, რომ სამოხელეო დანაშაულისთვის მსჯავრდადებულებს ამნისტიის კანონპროექტით პასუხისმგებლობა მოეხსნათ:
“თუ გადავხედავთ ისტორიას და დღევანდელი დღით შევაფასებთ, ჩვენთვის მიუღებელია სამოხელეო დანაშაულებზე დათმობებზე წასვლა”.
პარლამენტი თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კი პირდაპირ ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ამნისტირება უნდა “დაივიწყონ”:
“მან საქართველოში შექმნა ადამიანის წამების, ღირსების შელახვის სისტემა. ჩვენი ვალია მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლების წინაშე, რომ მან სრულად მოიხადოს სასჯელი”.