ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:
1958 წელს, თბილისის დაფუძნების 1500 წლის აღსანიშნავად გამოცხადდა კონკურსი ვახტანგ გორგასლის ძეგლის შექმნისათვის.
კონკურსში მონაწილეობდა 19 პროექტი. ერთი წლის განმავლობაში მიდიოდა საჯარო განხილვები, დებატები, გაზეთებში იწერებოდა სტატიები…
მაგალითად, გამარჯვებული პროექტის შესახებ არქიტექტორი და ხელოვნების ისტორიკოსი ნოდარ ჯანბერიძე წერდა:
„ეს არის უპირველეს ყოვლისა ქალაქის დამაარსებელი მეფე, რომელსაც ეს-ეს არის მიუღია გადაწყვეტილება: ამიერიდან აქ იყოს დედაქალაქი! ცხენოსანი ფიგურა გადაწყვეტილია მკაცრად და მკაფიოდ. ლაკონური ხაზებით შექმნილი სილუეტი კონტრასტულად ეხამება კლდის რელიეფს. ფიგურა თავისუფლად და ამაყად ზის ცხენზე. ზეაწეული ხელი – მტკიცე ჟესტი, ნიშანი შეურყეველი გადაწყვეტილებისა ძლიერებას მატებს ქანდაკებას, ხოლო მისი ექსპრესიული გადაწყვეტა შინაგან დინამიკურობას ანიჭებს, ერთი შეხედვით, თითქოს სტატიურ კომპოზიციას. ხაზგასმულად დიდი მარჯვენა ხელი, იდაყვში სწორხაზოვნად მოხრილი და ზეაღმართული მეტად მეტყველი კომპონენტია ქანდაკებისა“
ხომ იგრძნობა ცოდნა, გააზრება, ხედვა…
რაც მთავარია, ძეგლი დაიდგა თითქმის ათი წლის შემდეგ – 1967 წელს.
ერეკლე მეორის ახალი ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით რამე განხილვის შესახებ გსმენიათ? კონკურსის შესახებ?
ხომ პარადოქსია, მაგრამ ამ მხრივ ტოტალიტარულ საბჭოთა კავშირში ბევრად უფრო მაღალი ყოფილა მსგავს პროცესში მოქალაქის ჩართულობა, ვიდრე ივანიშვილის რეჟიმის დროს.
მაგრამ ეს ამ ძეგლის გარშემო ატეხილი ამბის მხოლოდ ნაწილია. თავად ძეგლს დავაკვირდეთ.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ერეკლე მეფის შესაფერისი ძეგლი საქართველოშო არ დგას. თელავში არსებულ ძეგლს თუკი ისევე აღწერთ, როგორც ჯანბერიძე აღწერს გორგასლის ძეგლს, რას მიიღებთ? ერეკლეს ბიოგრაფიას ნამდვილად ვერა. სამაგიეროდ მიიღებთ იმას, თუ როგორ ხედავდნენ რუსები ერეკლეს და როგორ უნდოდათ მათ რომ ჩვენ ის დაგვენახა.
საქმე იმაშია, რომ ძეგლების სიმბოლიზმის ანალიზის მიხედვით ქარქაშიდან ამოღებული და პირით მიწისკენ მიმართული ხმალი, ისევე, როვორც სხვისთვის გადაცემული ხმალი, დანებების ნიშანია. თუ გახსოვთ, სამეფო კარის თამაშებში ტარგარიანების იმპერიული ტახტი სწორედ დამორჩილებული მეფეების ხმლებისაგან შედგებოდა.
მოშიშვლებულ დაშვებულ ხმალს მეორე მნიშვნელობაც აქვს: მშვიდობა.
1971 წელს დადგმული ეს ძეგლი იდეალურად აღწერს იმას, თუ როგორ ხედავდნენ რუსები ერეკლეს – ეს იყო მეფე, რომელმაც ქვეყანა დაუქვემდებარა რუსეთს და ამით მოუტანა მას მშვიდობა.
თუ არ გჯერათ, რომ ეს სიმართლეა, აგერ ამონარიდი ლერმონტოვის მწირიდან:
Сметает пыль с могильных плит,
Которых надпись говорит
О славе прошлой — и о том,
Как, удручен своим венцом,
Такой-то царь, в такой-то год,
Вручал России свой народ.
И божья благодать сошла
На Грузию! Она цвела
С тех пор в тени своих садов,
Не опасаяся врагов,
3а гранью дружеских штыков
დაიღალა მეფე ერეკლე მეფობით და გადასცა მისი ერი რუსებს. მას მერე ყვავის ქვეყანა, მეგობრული ხიშტების მიღმა. ანუ თავად ქართველებს ომი აღარ დასჭირვებიათ.
ეს რაც შეეხება კომუნისტების დანახულ ერეკლეს.
ივანიშვილის რეჟიმის დანახული ერეკლე მეორე იმაზე ბევრად უარესია, ვიდრე რუსებისა.
მას ხმალი საერთოდ არ უჭირავს. რაღაცა გაუგებარი ჟესტით აქვს ხელი მაღლა აწეული, რომლის მნიშვნელობას ვერავინ ხვდება. რას ამბობს ერეკლეს ეს ძეგლი? რისკენ მოგვიწოდებს? მისი ცხოვრების რომელ ეტაპს განახასიერებს? რომელ ქმედებას? რას ამბობს ეს ძეგლი?
არაფერს. ეს არის ძეგლი, რომელიც არაფერს ამბობს.
ძეგლის ნაცვლად პარტია ლაპარაკობს. პრაგმატიზმიო, გახსნაზე თქვეს, გამჭრიახობაო, ბალანსიო… სადაც ხმლით სჯობს იქ ხმლით მიდიოდა ერეკლეო, სადაც შიშველი ხელით იყო საჭირო, იქ შიშველი ხელითო.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: თუ ძეგლი მხოლოდ პარტიასთან ერთად იძენს მნიშვნელობას, ის პარტიასთან ერთად დაკარგავს მას.
არ იმსახურებდა ერეკლე მეორე ასეთ ძეგლს. არ იმსახურებდა, რომ მისი კულტი ქვეყნის გამყიდველებს მიეთვისებინათ. არ იმსახურებდა, რომ მთელი მისი ცხოვრება რუსეთთან შეერთებამდე დაეყვანათ. არ იმსახურებდა, რომ მისი სახელი ღალატისთვის გამოეყენებინათ.
დარწმუნებული ვარ, მოვა დრო და მის ხელში ხმალს მოვათავსებთ. გაშიშვლებულს. ცისკენ აშვერილს. ვინაიდან სხვანაირ ხმალს ერეკლე კი არა, საქართველოს ისტორია არ ცნობს. არ არის ეს დაშვებული ხმლების ქვეყანა. არ არის ეს შიშველი ხელების ქვეყანა. აქ ქართლის დედასაც უჭირავს ხმალი.
და კიდევ ის ქვეყანა ვართ, სადაც ილია ჭავჭავაძემ ლერმონტოვის ის იმპერიული ბოდვა, ზემოთ რომ წაიკითხეთ, ასე ოსტატურად განგებ დამახინჯებულად თარგმნა:
„მას აქეთ, რაცა კურთხევა ღვთისა
მიეცა ტანჯულს ივერიის ერს,
რაც კარგი ექნას რუსისა შტიკსა –
ღმერთმა იმ რუსსვე ასკეცად მისცეს“.