კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

მოსამართლემ ბექა ჯაიანი დამნაშადევ ცნო ყველა ბრალდებაში, მათ შორის დამამძიმებელ გარემოებებში – გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით – ჩადენილ მკვლელობაში.
ამასთან ერთად, იგი დამნაშავედ ცნეს გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემაში.
გადაწყვეტილება დღეს, 2025 წლის 16 აპრილს გამოაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა.
აწ უკვე მსჯავრდადებული ბექა ჯაიანი, რომელსაც დღეს სასამართლო სხდომაზე დასკვნითი სიტყვის გამოყენება შეეძლო, სხდომაზე არ გამოცხადებულა, – მიზეზად მოსამართლეს აცნობა, რომ „ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გამო“ ვერ ცხადდება სხდომაზე.
იგი ბრალს არ აღიარებს.
საქმის გარემოებები
კესარია აბრამიძის ცხედარი 2024 წლის 18 სექტემბერს თბილისში ავთანდილის ქუჩა N8-ში საკუთარ ბინაში იპოვეს. ის 36 წლის იყო.
სასამართლო ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ქალი დანით მრავლობითი ჭრილობის მიყენების შედეგად სისხლისგან დაიცალა.
26 წლის ბექა ჯაიანი მომხდარიდან 6 საათში ქუთაისის აეროპორტთან დააკავეს.
პროკურატურის ცნობით, – რაც სასამართლომაც დაადასტურა:
· ბექა ჯაიანი მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ცდილობდა ქვეყნის დატოვებას;
· შეეცადა მტკიცებულებების განადგურებას (სისხლიანი ტანსაცმელი გადაყარა, დაიბანა და ადგილი მოასუფთავა, მობილური ტელეფონი გადამალა);
· ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძეზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა.
კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმე, სავარაუდოდ, ბოლო საქმეა, რომელსაც პროკურატურამ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია მიანიჭა და რომელზეც სასამართლო გადაწყვეტილება ამ გარემოებების გათვალისწინებით იქნა მიღებული.
„ქართული ოცნება“ საქართველოს კანონმდებლობიდან სიტყვა „გენდერს“ სრულიად აქრობს. კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცეს.