“კერძო აგროდაზღვევით ვერ ვსარგებლობთ, სადაზღვევო კომპანიები პაკეტებს არ გვთავაზობენ” – ფერმერი

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებებია- შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა. ცვლილებების მიხედვით, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა, ასევე დაკორექტირდა ზარალის შეფასების ვადები. სახელმწიფო პროგრამაში შესულ ცვლილებებს ფერმერები უმნიშვნელოს უწოდებენ და ამბობენ, რომ რეალური პრობლემები, რაც წლების განმავლობაში აგროდაზღვევის პროგრამას ჰქონდა ისევ გამოწვევად რჩება.
სახელმწიფო პროგრამაში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს ფერმერი ნიკა გეთიაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში არსებული ხარვეზების გამო ის მოსავალს, სურვილის მიუხედავად, ვერ აზღვევს. მისი თქმით, აგროდაზღვევის პროგრამის დამოუკიდებლად, ფერმერებისთვის კერძო დაზღვევა ხელმისაწვდომი არ არის.
“მნიშვნელოვან ცვლილებებს ვერ დავარქმევთ, იმიტომ რომ რა პრობლემებიც იყო არ მოგვარდა. ძირითადად იყო რამდენიმე პრობლემა. ერთი არის დათვლის მეთოდი, ზარალის ანაზღაურება და მესამე პრობლემად მე მიმაჩნია ის რომ მომხმარებელს უნდა შეეძლოს პროგრამის დამოუკიდებლად კერძო დაზღვევით სარგებლობა.
არცერთი პრობლემა არ გადაჭრილა. ზარალის ანაზღაურების ნაწილს არავინ არ შეხებია და არც დათვლის მეთოდს. ასევე მე რომ მინდოდეს პროგრამის გარეშე ჩემი მოსავლის დაზღვევა, ვერ ვაზღვევ, არ გვთავაზობენ სადაზღვევო კომპანიები დამოუკიდებელ პაკეტებს. მხოლოდ სახელმწიფო სუბსიდირებით გვთავაზობენ. პროგრამაში კი ისეთი პუნქტებია, რომელიც მე არ მაწყობს, შესაბამისად, თავს ვიკავებ დაზღვევაზე,”- ამბობს ნიკა გეთიაშვილი.
ფერმერის თქმით, მნიშვნელოვანი გამოწვევა პროგრამით დადგენილი ტარიფებია, რაც 10 წლის წინ დადგინდა და დღევანდელ რეალობასთან ახლოს არ არის.
“სახელმწიფო პროგრამაში ტარიფები არის მოძველებული. 65 თეთრი ატამი, 1.5 ლარი გარგარი და ა.შ. ამ ფასებს გაცდა საბაზრო ფასი. შეიძლება იყოს პროდუქტი, რომელსაც ვინმე ამ ფასად ყიდის და ეს მოგებიანი იყოს, არ უარყოფ ამას. თუმცა მე არ ვაწარმოებ იმ ფასად და არ არის მოგებიანი.”-ამბობს ნიკა გეთიაშვილი.
ცნობისთვის, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი ისეთ სადაზღვევო რისკებს ფარავს, როგორებიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა, ხოლო თითოეული დამზღვევი სადაზღვევო პოლისის პრემიის 70%-იან თანადაფინანსებას პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე იღებს. სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში წლის განმავლობაში მილიონობით ლარს ხარჯავს, მაგალითად წელს ბიუჯეტში ამ მიმართულებით 12 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გამჭვირვალობის კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით – მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი