კახა ჯაფარიძე: ხამზატ ჩიმაევს საქართველოში 350 000-დოლარიანი Ferrari აჩუქესო და ვიღაცისთვის შეიძლება მორიგი საინფორმაციო ბომბი იყოს, სინამდვილეში, ბევრად უფრო სახიფათო პროცესის სიმპტომია

აქციის მონაწილე კახა ჯაფარიძე:
ხამზატ ჩიმაევს საქართველოში 350 000-დოლარიანი Ferrari აჩუქესო და ვიღაცისთვის შეიძლება მორიგი საინფორმაციო ბომბი, ყურადღების გადატანის მცდელობა იყოს, სინამდვილეში, კიდევ ბევრად უფრო სახიფათო პროცესის სიმპტომია. ნორმალურ, თავმოყვარე ერში ამ ფაქტს მასობრივი პროტესტი უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ რას ვხედავთ? იმის მაგივრად, რომ აღშფოთდნენ, ზოგიერთი “ქართველი”, რომელსაც ცხოვრებაში კრივის ტომარასთანაც არ ჰქონია შეხება, სოციალურ ქსელებში აღტაცებით წერს: “გენაცვალეთ სპორტულ გულშიო” როცა ხამზატს და გურამ ქუთათელაძეს ერთად ხედავს საქართველოს მიწაზე.
მოდით, ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიოთ, ვინ არის სინამდვილეში ხამზატ ჩიმაევი. ის არ არის უბრალოდ წარმატებული სპორტსმენი. ის არის ადამიანი, რომელმაც UFC-ის ჩემპიონის ქამრის მოგების შემდეგ, ეს ქამარი პირდაპირ რამზან კადიროვთან მიაცუნცულა და მხარზე გადაჰკიდა. კადიროვთან, რომელიც არის პუტინის პირადი ჯალათი, ათასობით ჩეჩენი პატრიოტის მკვლელი და მწამებელი და საქართველოს ოკუპანტი რეჟიმის უერთგულესი მოკავშირე. ამის შემდეგ როგორ შეიძლება ნორმალურმა ადამიანმა თქვას, რომ “სპორტი სპორტია”?
ახლა დავფიქრდეთ მთავარზე, რატომ მაინცდამაინც ჩიმაევი? რატომ არ ჩამოდის საქართველოში კონორ მაკგრეგორი, ჯონ ჯონსი ან ნებისმიერი სხვა მსოფლიო დონის ვარსკვლავი? იმიტომ, რომ არ აქვთ ის მთავარი იარაღი, რაც ჩიმაევს, “კავკასიელობა”.
სწორედ ამ “კავკასიური ძმობის” ყალბი და მავნებლური ნარატივით უბნელებენ თვალებს ჩვენს ახალგაზრდებს, განსაკუთრებით იმ ნაწილს, ვინც სპორტით არის გატაცებული, ან ყოფილი სპორტსმენია, რომელმაც კარიერა ვერ აიწყო. ამ იდეოლოგიური შხამის ფორმულა ასეთია: “ის კავკასიელია, შესაბამისად, ჩვენიანია, მიუხედავად იმისა, რომ მტრის ბანაკშია.” ეს კი შემდეგ ლოგიკურ ჯაჭვს ბადებს: “თუ შენ ნამდვილი კავკასიელი ხარ, მაშინ უნდა გძულდეს ყველაფერი პროდასავლური, ქართველი ხალხი, ვინც პროდასავლურ, დემოკრატიულ სამყაროს მხარს უჭერს უნდა სცემო და განდევნო.”
სწორედ ამას ემსახურება კადიროვის ძმაკაცის საქართველოში გაპიარება, პირდაპირი იდეოლოგიური დივერსია, რომელიც მიზნად ისახავს, ჩვენს ახალგაზრდებში ეროვნული იდენტობა ჩაანაცვლოს რაღაც გაუგებარი, კრემლიდან მართული “კავკასიური იდენტობით”, სადაც მთავარი მტერი არა რუსი ოკუპანტია, არამედ საკუთარი, თავისუფლებისმოყვარე თანამოქალაქეა.
და ამ ყველაფრის ფონზე, კულმინაციაა 350 000-დოლარიანი Ferrari-ს ჩუქება. ქვეყანაში, სადაც მილიონამდე ადამიანი სოციალურად დაუცველია, სადაც ათასობით ჩვენი მოქალაქე ღირსეული საცხოვრებელი პირობების გარეშეა დარჩენილი, სადაც ქ/ ოცნება ყოველდღიურად არღვევს კონსტიტუციას და ებრძვის ქვეყნის მომავალს,სწორედ ამ დროს, ისინი ოკუპანტის მეგობარს ასეთ საჩუქარს უკეთებენ. მე ასე შევაფასებდი, რომ ეს არის პირდაპირ სახეში შეფურთხება თითოეული ქართველისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

იან ლიპავსკი – ჩეხეთის მთავრობამ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო ვალდებულებების შემოღება დაამტკიცა – ეს ზომა საქართველოს ოფიციალურ პირებთან უვიზო მიმოსვლას აჩერებს

არჩილ გორდულაძე: ადამიანი, რომელიც ჩაიდენს ისეთ მძიმე დანაშაულს, როგორიც არის სახელმწიფო ქონების მითვისება, რეალურად გამოდის, რომ ის “ქართული ოცნების” იდეალებს არასდროს არ იზიარებდა და…